ტელესკოპის გიგანტურმა კამერამ ბროკოლი შეისწავლა
შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, თუმცა რომანესკოს ყვავილოვანი კომბოსტო კამერის ახალი სენსორების შესამოწმებლად იდეალური ობიექტია.
ახალი კამერა, რომელიც ჩილეში მდებარე ვერა რუბინის ობსერვატორიის (VRO) ნაწილი გახდება, 3,2 გიგაპიქსელიანი მოწყობილობაა და ის ასტრონომაიში არსებულ მნიშნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემაში დაგვეხმარება. VRO ამას ცის რუკის შედგენით შეძლებს.
VRO არა მხოლოდ მილიარდობით ვარსკვლავისა და გალაქტიკის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს, არამედ ყველაფერს დააფიქსირებს, რაც მოძრაობს ან ციმციმებს. ასეთი შესაძლებლობებისთვის მას განსაკუთრებული კამერაც სჭირდება. ახლახან გავრცელებული საცდელი ფოტოების გამომჟღავნებით კი დამტკიცდა, რომ კამერა გამართულად მუშაობს.
ცდის ობიექტად ბროკოლი მკვლევართა გუნდმა მისი ზედაპირის კომპლექსური სტრუქტურის გამო შეარჩია: მასზე უამრავი დეტალია, რომელიც კამერას უნდა დაეფიქსირებინა.
"თუკი გივნდა, რომ ცის რუკა შევქმნათ, ამისთვის დიდი ტელესკოპი და დიდი კამერა დაგვჭირდება. ჩვენ ამ კამერის დახმარებით მთელი ცის ძალიან დეტალურ სურათებს მივიღებთ. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დროის განსაზღვრას შევძლებთ — გვეცოდინება, რომელმა ვარსკვლავებმა შეიცვალა ნათება", — განაცხადა VRO-ს დირექტორმა სტივ კანმა.
ვერა რუბინი ამერიკული პროექტია, თუმცა მას ძლიერი საერთაშორისო გუნდი უჭერს მხარს. დიდი ბრიტანეთის მეცნიერები მონაცემების გაანალიზებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.
ფოტო: VRO
დაბალ ორბიტაზე განთავსებულმა თანამგზავრებმა, შესაძლოა, კამერის ხედი დაჩრდილოს და სურათები გააფუჭოს. მსგავს ხელოვნურ თანამგზავრთა ერთ-ერთი უდიდესი დაჯგუფება კი ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის Starlink-ია. ჩვენს ორბიტაზე მსგავსი ობიექტების ზრდამ, შესაძლოა, ობსერვატორიებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნას.
"ეს პრობლემა გადაუჭრელი ნამდვილად არაა, თუმცა შესაფერისი თანამშრომლობაა საჭირო", — განაცხადეს მკვლევრებმა.
გუნდს იმედი აქვს, რომ VRO-ს კამერა ცის ფოტოების გადაღებას 2022 წლის ბოლოსთვის დაიწყებს.
კომენტარები