ნახეთ: ამ შალის მსგავს ქსოვილს მახსოვრობა აქვს და ფორმის შეცვლა შეუძლია
ყველასთვის ცნობილია, რომ წყლის შეხების დროს გასწორებული თმა კვლავ საკუთარ ფორმას უბრუნდება, ეს კი იმიტომ ხდება, რომ თმას "ფორმის მახსოვრობა" აქვს. თმის შემადგენლობა საშუალებას იძლევა, რომ კონკრეტულ გარე გამღიზიანებელზე საპასუხო რეაქციად მან ფორმა შეიცვალოს და შემდეგ ისევ ბუნებრივს დაუბრუნდეს.
წარმოიდგინეთ, სხვა მასალებსაც, კონკრეტულად კი, ქსოვილებსაც რომ შეეძლოთ ასეთი რამ: მაგალითად, მაისურს რომ ჰქონდეს პატარა გამაგრილებელი არხები, რომლებიც დასველების დროს გაიხსნებოდა, მშრალ მდგომარეობაში კი დაკეტილი იქნებოდა, ან ტანსაცმელი, რომელიც ადამიანის ფორმებს იმახსოვრებს და ერგება.
ჰარვარდის ჯონ ა. პოლსონის სახელობის ინჟინერიის სკოლის მკლევრები სწორედ ამ თემაზე მუშაობენ. მათ შექმნეს მასალა, რომელსაც 3D პრინტერით ნებისმიერი ფორმა შეიძლება მისცე და ისე "დააპროგრამო", რომ ფორმის მეხსიერება ჰქონდეს. მასალა კერატინისგანაა დამზადებული. ამ პროტეინს თმასა და ფრჩხილებში ვხვდებით. მეცნიერებმა კერატინი შალისგან გამოაცალკევეს.
"ამ პროექტმა ცხადყო არა მხოლოდ ის, რომ შეგვიძლია შალი გადავამუშავოთ, არამედ ისიც, რომ მისგან სრულიად ახალი ტიპის ქსოვილის მიღებაა შესაძლებელი", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა კიტ პარკერმა.
კერატინის ფორმის ცვლილების უნარის მთავარი მიზეზი მისი იერარქიული სტრუქტურაა. ის ქსოვილს სიმტკიცესა და "მეხსიერებას" აძლევს.
ამ პროცესის დემონსტრირებისთვის მკვლევრებმა "ამობეჭდილი" კერატინი სხვადასხვა ფორმაში მოაქციეს. მათ მატერიას "ძირითადი ფორმა" მისცეს – ანუ ფორმა, რომელსაც ქსოვილი გამაღიზიანებლის არსებობის შემთხვევაში დაუბრუნდებოდა.
ერთ-ერთ შემთხვევაში ქსოვილი ორიგამის ვარსკვლავის ფორმაზე "დააპროგრამეს". ამის შემდეგ მკვლევრებმა ვარსკვლავი დაასველეს, რის შემდეგაც გადაკეცილი ნაწილები გასწორდა. ამის შემდეგ ქსოვილი მჭიდრო მილში მოათავსეს, სადაც ის გაშრა. პროცესის შესაბრუნებლად, ქსოვილი ისევ წყალში გადაიტანეს, სადაც მან თავდაპირველი, ვარსკვლავის ფორმა დაიბრუნა.
კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მატერიას ფართო გამოყენებას მოუძებნიან: დაწყებული მოდის ინდუსტრიიდან, დამთავრებული მედიცინით.
კვლევა ჟურნალ Nature Materials-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები