რატომ დაგვეხმარება ნეირონებისთვის სახელების დარქმევა დაავადებათა მკურნალობაში
ადამიანის ტვინს დაახლოებით 100 მილიარდი ნეირონი აქვს, რომლებიც ერთმანეთთან რთულადაა გადახლართული. მაგრამ იმისთვის, რომ ტვინის მუშაობის პრინციპები გავშიფროთ და უამრავი დაავადების წარმოქმნის მიზეზები დავადგინოთ, საჭიროა გავიგოთ, ნეირონების რამდენი კლასია ამ პროცესში ჩართული და როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი.
ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში ავტორებმა დიდი ნახევარსფეროების ქერქის ნეირონების გაერთიანებული ნომენკლატურა წარმოადგინეს — ტვინის ყველაზე დაშორებული ფენის, რომელიც ყურადღების, აღქმის, ცნობიერების ამაღლების, მეხსიერების, ენისა და ცნობიერების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
"ფართოდ შეჯერებული კლასიფიკაციები ათასობით ნეირონის ტიპებისა და თვისებების სქემის ჩამოყალიბებაში კრიტიკული მნიშვნელობისაა. თუკი შევძლებთ გავშიფროთ, თუ როგორ არის აგებული დიდი ნახევარსფეროების ქერქი და ზუსტად რას აკეთებს იგი, ასევე შევძლებთ უკეთ შევისწავლოთ ჩვენი გონება", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა რაფაელ იუსტიმ.
როგორ უნდა მოხდეს ნეირონების კლასიფიკაცია, თანამედროვე ნეირომეცნიერების საწყისიდანვე დებატების საგანს წარმოადგენს. მათი ანატომიური, ფიზიოლოგიური და მოლეკულური თვისებების აღწერის ძალიან ბევრი ცდა, მათი უჯრედოვანი ნაირსახეობების გამო, წარუმატებელი აღმოჩნდა.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ადამიანის გენომის პროექტმა უამრავი მოლეკულური მეთოდი შეიმუშავა, რომლებმაც უჯრედების დიდი ოდენობის იდენტიფიცირება გახადა შესაძლებელი.
"ეს მოლეკულური რევოლუცია მონაცემთა ბაზებს წარმოქმნის, რომლებიც სრული, ზუსტი და მუდმივია და ბიოლოგიაში ოქროს სტანდარტს წარმოადგენს", — განაცხადა იუსტიმ.
მაქსიმალურად ავტომატიზებული ტექნიკების გამოყენებით, რომლებიც თითოეული უჯრედის რნმ-ის მიმდევრობას სწრაფად და იაფად ადგენს, რამდენიმე გუნდმა ბაზების შექმნა დაიწყო, სადაც ქერქის უჯრედებია კლასიფიცირებული. იუსტის თქმით, ეს მეთოდი ათასობით უჯრედის ნიმუშის შეგროვებაში დაგვეხმარება, რაც დიდი ნახევარსფეროების ქერქის ყველა უჯრედის ტიპის შემცველი იქნება.
ორი წლის წინ მეცნიერების დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ გაერთიანებული ნომენკლატურის შექმნისთვის შესაფერისი დრო იყო, შესაბამისად, მეცნიერების 74-მა გუნდმა მასზე მუშაობა დაიწყო.
"ეს, შესაძლოა, ისტორიული მოვლენა იყოს, რადგან იგი ნეირომეცნიერების ერთ-ერთ მნშვნელოვან პრობლემას ეხება", — აღნიშნა იუსტიმ.
რადგანაც ნეირომეცნიერების შესახებ ცოდნა ციფრულ მონაცემებად ძალიან სწრაფად გარდაიქმნება, მკვლევრების მიხედვით, კლასიფიკაციის განახლება რეგულარულად მოხდება.
კომენტარები