რას წარმოადგენენ ჩვენი სიზმრები? — მეცნიერებს ახალი მტკიცებულებები აქვთ
საიდან მოდიან სიზმრები? ეს ძალიან ძველი კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა საუკუნეების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა სცადა. უძველესი ცივილიზაციები სიზმრებს ზებუნებრივ და სპირიტუალურ ძალებს უკავშირებდნენ, თანამედროვე საზოგადოებებში კი ადამიანები სიზმრებს მეცნიერული კუთხით განიხილავენ და ამ ფენომენის უკეთ შესწავლას ცდილობენ.
სწორედ ეს მიზანი ჰქონდა ახალ ფართომასშტაბიან კვლევასაც, რომლის შედეგებიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
"მიმდინარე კვლევამ საკმაოდ ძლიერი დამამტკიცებელი საბუთი მოგვცა იმისა, რომ სიზმრები ჩვენი ცხოვრების გაგრძელებას წარმოადგენენ. სიზმრების უმეტესობა სწორედ იმის გაგრძელებაა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება", — განაცხადა კვლევის ავტორმა ალესანდრო ფოგლიმ.
სიზმრებთან დაკავშირებული თეორიები ზიგმუნდ ფროიდისა და სხვა ისეთი ფსიქოლოგების ნამუშევრებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ადამიანის ზმანებათა დაფარული მნიშვნელობების გაგება პიროვნების ნამდვილი გამოცდილებების შესწავლით იყო შესაძლებელი.
სიზმრების თანამედროვე ანალიზისას თერაპევტი პაციენტს ძილის დროს ნანახის ინტერპრეტირებაში ეხმარება. ამისთვის პაციენტი თავის სიზმრებს ჰყვება, თერაპევტი კი მონათხრობში ისეთ მინიშნებებს, სიმბოლებს და სტრუქტურებს ეძებს, რომლებიც პაციენტის ცხოვრებასთან შეიძლება იყოს კავშირში.
ინტერპრეტირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი სიზმრებს მათში გამოჩენილი პესონაჟების მიხედვით შიფრავს — ყურადღება ექცევა იმას, თუ რა ურთიერთობები აქვთ ამ პერსონაჟებს ერთმანეთთან და როგორ ახდენს ეს ურთიერთობები ერთმანეთზე გავლენას. თუმცა ამ სისტემას დიდი პრობლემა აქვს, იგი ძალიან ნელი და შრომატევადია. ამიტომ მეცნიერები ამ პრობლემის მოგვარებას ალოგრითმის დახმარებით ცდილობენ.
ახალ კვლევაში ფოგლიმ და მისმა გუნდმა ამის კეთების ახალი გზა იპოვეს: მათ 24 ათასი სიზმარი გააანალიზეს, რომელიც სიზმრების უზარმაზარ მონაცემთა ბაზაში, DreamBank-ში ინახებოდა.
"ჩვენ ტექნიკა შევიმუშავეთ, რომელიც მოყოლილ სიზმრებს ავტომატურად ახარისხებს",— განაცხადა ფოგლიმ.
ამის დახმარებით მათ ინტერპრეტირების სისტემა გაამარტივეს და პერსონაჟებზე, მათ ურთიერთობასა და ემოციებზე ფოკუსირდნენ.
"ეს სამი განზომილება სიზმრის ინტერპრეტირების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი სიზმრების სიუჟეტში ერთგვარ ხერხემალს წარმოადგენენ — ვინ იყო წარმოდგენილი, რა გააკეთეს და რომელი ემოციები გამოხატეს", — განაცხადეს მკვლევრებმა.
მართალია, ტექნიკა ბოლომდე დახვეწილი არ არის და მისი შედეგების მხოლოდ სამი მეთოხედი იყო ზუსტი, თუმცა იგი საკმაოდ დამაიმედებელია და სამომავლოდ, შესაძლოა, სიზმრების გაშიფვრაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
მკვლევრებმა მათ მონაცემებში ასევე განგრძობადობის ჰიპოთეზის დამამტკიცებელი საბუთებიც იპოვეს — სიზმრები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაგრძელებას წარმოადგენენ. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მოყოლილი სიზმრების ანგარიშები ისეთ "სტატისტიკურ მარკერებს" შეიცავდნენ, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში განცდილი გამოცდილების ანარეკლი იყო.
ანალიზი, რომელიც ადამიანების მიერ ნანახ სიზმრებს ეფუძნება, სპეციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და მისი წაკითხვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რას ნიშნავს ჩვენი სიზმრები და საიდან მოდიან ისინი. თუმცა მკვლევრების თქმით, მსგავსი მეთოდები მომავალში სიზმრების მნიშნელოვანი ასპექტების გამოყოფაში დაგვეხმარება.
კვლევა ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები