როგორ იცვლებოდა ინტერიერის დიზაინი უკანასკნელი 600 წლის განმავლობაში
ალბათ შეგიმჩნევიათ, თანამედროვეობისგან რამდენად განსხვავებული გარემოა იმ სახლებში, რომლებშიც ჩვენი მშობლები ან ბებია-ბაბუა დაიბადნენ. თუმცა, საინტერესოა, გიფიქრიათ თუ არა, როგორი იქნებოდა იგივე ოთახები ოთხასი, ხუთასი ან თუნდაც ექვსასი წლის წინ?
სწორედ ამ მიზნით, HomeAdvisor-ის დიზაინერებმა უნიკალური პროექტი შექმნეს, რომელშიც ჩანს, როგორ იცვლებოდა ინტერიერის დიზაინის ტენდენციები გასული 600 წლის განმავლობაში. ამ სტატიაში დაათვალიერებთ ინტერიერის ევოლუციას რენესასის დროინდელი ხის პანელებიდან — პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ აბსტრაქტულ ავეჯამდე.
რენესანსი (1400—1600 წლები)
ფრანგული რენესანსის სახით ევროპულ ხელოვნებასა და კულტურას ახალი სული შთაებერა. ჰუმანიზმითა და თავისუფლებით შთაგონებულმა არქიტექტორებმა დახვეწილად მორთული დეკორითა და დელიკატური, კოხტა დეტალებით დაიწყეს ინტერიერის გაფორმება. არაბესკებმა და აზიურმა გავლენამ დეკორატიული ხელოვნება გააცოცხლა, ხოლო სიმეტრიასა და გეომეტრიაზე აქცენტის გაკეთებით ევროპულმა ინტერიერმა მეტი ჰარმონიულობა შეიძინა.
ბაროკო (1590—1725 წლები)
ბაროკოს ერაში თურქული ხალიჩები მოდიდან გადავიდა, რადგან მდიდრული და დეტალებით გადატვირთული არქიტექტურა შესაფერის გაფორმებას და მოკაზმულობას მოითხოვდა. კათოლიკური ეკლესია პირველი იყო, რომელმაც დიზაინში უკიდეგანო სიმდიდრის შეგრძნება გააძლიერა, რათა მისი დოვლათითა და ძალაუფლებით გაუნათლებელ მასაზე შთაბეჭდილება მოეხდინა. შესაბამისად, ლუი XIV ს პერიოდის ოთახებში ისეთი განცდა დაგეუფლებოდათ, თითქოს ყველა ნივთიდან ოქრო ჟონავდა.
ავეჯს ხშირად ტროპიკული ხის მერქნიდან ამზადებდნენ, ასევე, მდიდრულ მასალებს შორის პოპულარული იყო სპილოს ძვალი, მარმარილოს იატაკი და მაგიდის ზედაპირები.
როკოკო (1700-იანი წლები)
ბაროკოს პერიოდის დასასრულს უფრო მსუბუქმა, ექსცენტრიულმა და ბევრად უფრო თავისუფალმა სტილმა - როკოკომ იჩინა თავი. ის ლუი XV-ის მეფობის პერიოდში, სამი დეკადის განმავლობაში იყო აქტუალური და უფრო მეტად სახლის ინტიმურ გარემოს შეეფერებოდა, ვიდრე მანამდე დამკვიდრებულ დიდებულ, ეკლესიებისმაგვარ სივრცეს.
როკოკოს სტილმა სახლის მეპატრონეებს საშუალება მისცა, თავიანთი გემოვნება და ფუფუნების საგნები ნაკლებად "მყვირალად" და გადატვირთულად წარმოეჩინათ.
ნეოკლასიკური პერიოდი (1780–1880 წლები)
ბაროკოსა და როკოკოს ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის ახალი ერა გვიანმა გეორგიანულმა პერიოდმა გააცილა. პომპეის ხელახლა აღმოჩენამ რომაულ და ბერძნულ არქიტექტურაში ახალი კონცეფციები შეიტანა. ამან ბიძგი მისცა უფრო "გემოვნებიან" და დახვეწილ დიზაინერულ პრინციპებს, რომელიც ბაროკოს საზეიმო და გადატვირთული ტენდენციებისგან სრულიად თავისუფალი იყო.
სწორი ხაზები და მათემატიკური განლაგება ნეოკლასიკური მისაღები ოთახისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. ეს პრინციპი ევროპის მასშტაბით რომში, ფრანგულ აკადემიაში (მედიჩების ვილაში) განათლებამიღებულმა მხატვრებმა გაავრცელეს. ფერები რბილი და ნაკლებად დრამატული იყო, ბუხრები, სანათები და პანელები კი სვეტების მსგავსი ფორმებით გამოირჩეოდა.
არტს-ენდ-კრაფტსი (1860–1910 წლები)
არტს-ენდ-კრაფტსის მოძრაობა ინგლისში, ხელოვნების მექანიზაციისა და ინდუსტრიული პერიოდის ეკონომიკური უსამართლობის წინააღმდეგ წამოიწყეს. ის სტილზე მეტად მიდგომა უფრო იყო, რომელიც გამოცდილი დიზაინსა და ხელოვნების ქმნილებებს მუშების პასუხისმგებლობაში "აბრუნებდა". ამდროინდელი ინტერიერი სიმარტივეზე, ხარისხიან მასალებსა და ბუნებასთან კავშირზე აკეთებს აქცენტებს. ხე, თითბერი და ხელოსნების შთაგონება არტს-ენდ-კრაფტსის პერიოდის ინტერიერს ბნელ და ამავდროულად "მიწიერ" ელფერს აძლევს.
არტ-ნუვო (1890–1920 წლები)
არტ ნუვო ახალი საუკუნის "ახალი ხელოვნება" იყო. ინტერიერის დიზაინერები ხელნაკეთობებს ინდუსტრიული ტექნოლოგიებით შექმნილ ნივთებს ურევდნენ, რაც საბოლოოდ საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ავეჯი და დეკორი ექსტრავაგანტული და თანამედროვე იყო, რომელსაც იაპონური ხელოვნების გავლენებიც ჰქონდა. ეს ამ პერიოდში ევროპელი ხელოვანებისთვის ახალი სიტყვა იყო.
არტ-დეკო (1920-იანებიდან 1960-იანებამდე)
თუკი ბაუჰაუსსა და მოდერნიზმში მე-20 საუკუნის მიღწევებით სარგებლობდნენ, არტ დეკო ამ ყველაფრის გლამურული ზეიმი იყო. ინტერიერის დიზაინერები ამ პერიოდში მანქანური ეპოქის გეომეტრიითა და მოძრაობით, მასალებით, ანტიკური კულტურის სიმბოლოებითა და ბუნებასთან კავშირებით იყვნენ შთაგონებული. და რაც მთავარია, ამ ყველაფრის ერთდროულად გამოყენების არ ეშინოდათ.
ლაქწასმული ხე, დალაქავებული მინა, უჟანგავი ლითონი, ალუმინი, ტყავი და ძვირფასეულობა, მყვირალა ფერები და მკაცრი კონტრასტები ძალასა და თავდაჯერებულობას გამოხატავდა.
მოდერნიზმი (1880–1940 წლები)
არტს-ენდ-კრაფტსის მსგავსად მოდერნიზმიც ხელოვნებაზე უფრო მეტად ფილოსოფიაა. ამ პერიოდის საცხოვრებლის მოსაწყობად უახლეს ტექნოლოგიებსა და მასალებს იყენებდნენ. ოთახი კი კომფორტული, ფუნქციური და ხელმისაწვდომი იყო. დიზაინში ელეგანტურ გადაწყვეტილებებს კი საკმაოდ აფასებდნენ.
ბაუჰაუსი (1919–1934 წლები)
ბაუჰაუსი ხელოვნებისა და არქიტექტურის გერმანული გავლენიანი სკოლა იყო. მან 1933 წლამდე, მხოლოდ 14 წლის განმავლობაში იარსება, სანამ ნაცისტურმა მთავრობამ არ დახურა. ბაუჰაუსის კონცეფციაში დიდი ყურადღება ექცეოდა ადამიანურ სულიერებასა და ხელოსნობას. აქ ფორმა და ფუნქცია ერთმანეთთან ჰარმონიაში იყო. ხელოვანები კი ფორმებსა და ფერებთან ისე "თამაშობდნენ", რომ ერთდროულად დახვეწილ ხელოვნების ნიმუშსა და პრაქტიკულ ნაკეთობას ქმნიდნენ.
საუკუნის შუალედის მოდერნიზმი (1930 წლიდან დღემდე)
საუკუნის შუალედის მოდერნიზმის მოძრაობამ (The Mid-Century Modern) რბილი, გარეუბნული მოდერნიზმისა და ბუნებრივი ელემენტების ერთობლიობა წამოსწია წინა პლანზე. ინტერიერის დიზაინერებმა სასოფლო ელემენტების და ფერების თავისუფლად გამოყენება დაიწყეს, რაც სკანდინავიური და ბრაზილიური ავეჯის ტენდენციებით იყო ნაკარნახევი. მასალებად ბამბუკი, როტანგის პალმა და წნელი ერთდროულად ბუნებრივ და თანამედროვე იერს აძლევდა სკამებს, სარკეებსა თუ სხვა დეკორაციებს.
პოსტმოდერნიზმი (1978 წლიდან დღემდე)
პოსმოდერნისტული დიზაინი სურეალიზმის, მარსელ დიუშანის, ენდი უორჰოლის და ჯეფ კუნსის სახელოვნებო გავლენებითაა შთაგონებული. გასული საუკუნის 80-იან წლებში დიზაინერებმა მოდერნიზმის "ბორკილებისგან" გათავისუფლება დაიწყეს და ინტერიერში დეკადისთვის დამახასიათებელი იუმორი და თავხედური თავდაჯერებულობა შეიტანეს.
პოსტმოდერნისტულ მისაღებ ოთახში თითოეული ნივთი "საუბრობს" — თითოეულ მათგანს ორმაგი მნიშვნელობა აქვს ან მის ქვეტექსტში რაღაც ხუმრობაა დაფარული.
თანამედროვე (Contemporary) (1980-იანი წლებიდან დღემდე)
თანამედროვე სტილი მოდერნიზმის "სუფთა" ხაზებსა და საუკუნის შუალედის მოდერნიზმისთვის დამახასიათებელ ჰაეროვნებას აერთიანებს. პრიალა, მინიმალისტური იატაკი და სადა კედლები სივრცისა და სინათლის შეგრძნებას ტოვებს; კედელზე ჩამოკიდებული აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუში სიცარიელეს ავსებს; განათებები კი ერთდროულად სიმარტივესა და ექსტრაორდინალურობის ილუზიას ქმნის.
ნახეთ, როგორ იცვლებოდა ინტერიერის დიზაინი საუკუნეების განმავლობაში:
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
კომენტარები