ტერორი, რომელსაც პომპონებიანი ნერდები, ბაბულიკები და პოლიციელები ერთად ვეწირებით
ეს სიტყვები მეოცე საუკუნის დასასრულის ერთ-ერთ უდიდეს პოეტს, თუფაქ შაკურს ეკუთვნის - ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სოციალურ უსამართლობას ებრძოდა. ფრაზა სიმღერიდან Changes (ცვლილებები) გვიჩვენებს, რომ პოლიციის და სახელმწიფოს ძალმომრეობითი პოლიტიკა ნარკოტიკების მიმართ გლობალური პრობლემაა და უნიკალურად ქართული მოვლენა არ გახლავთ. ამ სიმღერის დაწერიდან დიდი დრო გავიდა. აშშ-ში ნარკოპოლიტიკა არათუ შემსუბუქდა, არამედ რამდენიმე შტატში მარიხუანის სრული ლეგალიზებაც მოხდა და კოლორადოში საერთოდაც ეკონომიკურ სასწაულთან გვაქვს საქმე. სამაგიეროდ, არაფერი შეცვლილა ჩვენთან. რაც ჰარლემის, ბრუკლინისა და ბრონქსის გეტოებში ხდებოდა, ხშირად გვხვდება თბილისშიც და ასე გრძელდება 90-იანებიდან მოყოლებული.
მახსოვს, დაახლოებით 10-11 წლის ვიქნებოდი, როცა მამაჩემს ხშირად აჩერებდა პოლიცია, მაშინაც კი, თუ მთელი ოჯახი მანქანაში ვისხედით. საბუთებს არ ითხოვდნენ, ვენები აინტერესებდათ. მამაჩემი არ “იჩხერდა”, რაშიც საბოლოოდ თბილისის ყველა ოპერმუშაკი დარწმუნდა მისი კიდურების მრავალჯერადი შემოწმების შედეგად. დაიმახსოვრეს, რომ ამ ადამიანზე ძვირფასი დროის დახარჯვა არ ღირდა და ჩვენს რიგგარეშე შეჩერებებს ბოლო მოეღო.
90-იანებში პოლიციელები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ზუსტად ისე დევნიდნენ, როგორც ამერიკის ნარკოდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის აგენტები - პაბლო ესკობარს. ეს ლუკმა-პურის შოვნის ერთადერთი გზა იყო. დაგიჭერდნენ, გცემდნენ, ფულს მოგატანინებდნენ და გამოგიშვებდნენ სახლში. ცხადია, ამით ყველაფერი არ მთავრდებოდა. რამდენიმე კვირის ან სულაც დღის მერე რეპუტაციაშელახულ ადამიანს ახალი ჯგუფი აეკიდებოდა. თუ ჯიგრულად დაელაპარაკებოდი და ეტყოდი, აგერ ორი დღის წინ ჩავიტანე თქვენებთან ფულიო, ცოტა ხანს გაცდიდნენ - ჯიგრულ პონტში. მოკლედ, ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს კიდევ უფრო მეტ ხარჯს სახელმწიფო აწევინებდა, თანაც, უუნარო სახელმწიფო, რომელსაც იმის შნოც არ ჰქონდა, რომ თავისი მოქალაქეები დაეცვა, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები შეექმნა და ა.შ. ცხადია, მაშინ ამ ადამიანებს ვერ მოსთხოვდი სწორი ნარკოპოლიტიკის გატარებას, სარეაბილიტაციო ცენტრების აშენებას და ნარკომანებისთვის ფულის "დახევის" ნაცვლად მათ მკურნალობას.
არსებობდა აზრი, რომ სწორედ ხელისუფლებაში მოკალათებული მაღალჩინოსნები ისხდნენ ე.წ. “კანალებზე” და ფულსაც თვითონ ითვისებდნენ.
არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ჩემი ერთი უფროსი მეგობარი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა, მიყვებოდა, როგორ ურიგებდნენ ომის მონაწილეებს მორფს და ხანდახან სხვა ნარკოტიკსაც ყუთებით. შეიძლება აზვიადებდა, მაგრამ, მისი თქმით, სწორედ სამხედრო მანქანებით მოტანილი წამლებით დაიწყო ინტრავენური ნარკოტიკის მოხმარება.
თბილისის პოლიციის განყოფილებების, სამმართველოების უფროსები და მინისტრებიც კი ე.წ. “ბარიგებს” “კრიშავდნენ”, “ოპერები” მათთან იყვნენ შეკრულები და ცდილობდნენ, მომხმარებლებზე გასულიყვნენ მათ დასაკავებლად, ან არდასაკავებლად, უბრალოდ "გასაწეწად".
ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიციის რეფორმა გატარდა. შეიქმნა ახალი სტანდარტები, დანაშაულთან ბრძოლის ახალი მეთოდები, სატელევიზიო არხებზე დატრიალდა კლიპები, სადაც ბავშვები პოლიციას უმღეროდნენ და ა.შ., მაგრამ ნარკოპოლიტიკა არ შეცვლილა. პირიქით, მაშინდელი ძალოვნები ზუსტად ისევე იყენებდნენ მარიხუანასა და ნებისმიერ სხვა ნარკოტიკულ საშუალებას ადამიანების დასატერორებლად, როგორც ამას 90-იანი წლების “ძაღლები” აკეთებდნენ. თუ ვინმეს დაკავება უნდოდათ, ყველაფერი მარტივად წყდებოდა: ცოტა მოსაწევი და თავისუფლების 7 წლით აღკვეთის მუქარა გამოწერილი იყო. ეს ყველაფერი ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში ხდებოდა. კერძოდ კი მას შემდეგ, რაც პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი გადმოდგა, სასამართლო სისტემა ფეხებზე დაიკიდა და გასცა ბრძანება, რომელსაც ყველა მოსამართლე უნდა დამორჩილებოდა.
2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და ადამიანებს იმედი გაუჩნდათ, რომ თავისუფლად დაიწყებდნენ სუნთქვას. მაგრამ არათუ თავისუფლად, საერთოდ აღარ სუნთქავს დემურ სტურუა - ადამიანი, რომელიც პოლიციელმა “აკაჩავა”, მსუბუქი ნარკოტიკის გამო ციხეში გაშვებით დაემუქრა და თავისუფლების სანაცვლოდ მეგობრების ციხეში გაშვება შესთავაზა. სახელმწიფოსგან ზეწოლამ (დიახ, სახელმწიფოსგან, რადგან პოლიციელი ეს არის სახელმწიფო) ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, რომ მან თავი მოიკლა. “დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა…” ეს სიტყვები ეწერა დემურ სტურუას ბოლო წერილში.
90-იან წლებში, როცა ბავშვები ეზოში ომობანას ვთამაშობდით, პოლიციელებად და კრიმინალებად ვიყოფოდით ხოლმე. აქ ერთი პატარა ნიუანსი იყო: როცა პოლიციელის გუნდში ვხვდებოდით, საკუთარ თავს ქართველ პოლიციელად არ აღვიქვამდით. ჩვენ კუსტარულად გახმოვანებულ ჰოლივუდურ ფილმებში გამოჩენილი გმირი პოლიციელები მოგვწონდნენ, რომლებსაც ერთი მჭიდით და ცალი ხელით კრიმინალური ბანდების განადგურება შეეძლოთ. ქართველი პოლიციელი კი სრულიად საპირისპირო ცნება იყო. ეს ნიშნავდა უზრდელ, გაუნათლებელ, აგრესიულ ადამიანს, რომელიც, ლეგენდის თანახმად, “პახმელიაზე” განყოფილებაში მივარდებოდა, 100 გრამს ჩაარტყამდა და პატარა ბიჭების ცემით გამოდიოდა უხასიათობიდან.
ქართველი პოლიციელი მუქ ლურჯ პერანგზე შემოცმული ტყავის ჟილეტით, გასამარიაჟებლად ამოღებული ტაბელური იარაღით, რესტორანში ქეიფისგან დაყენებული ღიპით - იდეალებისთვის არ იბრძოდა. პოლიციელების დიდი უმრავლესობა თავის პროფესიას პასუხისმგებლობად კი არა, ძალაუფლების არხად აღიქვამდა. ამ მხრივ ბევრი რამ არ შეცვლილა.
მე ვერ დავიჯერებ, რომ პოლიციელი, რომელმაც დემურ სტურუას თავისი მეგობრების ჩაშვება შესთავაზა, იდეალისტია - ადამიანი, რომლის მთავარი მიზანიც საზოგადოებისა და თანამოქალაქეების დაცვაა. რომელმა იდეალმა შეიძლება გიბიძგოს ნაბიჯისკენ, რომელსაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა შეუძლია? თანაც დემურ სტურუა არც სიცილიელი მაფიოზი იყო და არც მექსიკური კარტელის წევრი, რომელზეც ერთმა პოლიციელმა შეიძლება აგენტური ქსელი დააშენოს და გაიგოს, დონ ილარიო როდის ელოდება მეტამფეტამინის ან ჰეროინის შემდეგ პარტიას, რათა რიო გრანდეს კალაპოტის ქვეშ გაჭრილი გვირაბების გავლით ამერიკულ ოცნებაზე მეოცნებე არალეგალ ემიგრანტებს გადაატანინოს. იმ პოლიციელს ერთი სამტრედიელი დედისერთა ბიჭი ჰყავდა გამოჭერილი და მეორე სამტრედიელი ბიჭის “გაფუჭებას” სთხოვდა. არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელიც შეძლებს და ამ პოლიციელის მოტივაციას ჩაწვდება. დემური რომ დათანხმებულიყო პოლიციის წინადადებას და მეგობრები ციხისთვის გაემეტებინა, რა შეემატებოდა ამით სოფელს, საზოგადოებას ან სახელმწიფოს? მოუტანდა ეს იმ კონკრეტულ პოლიციელს პროფესიულ თვითკმაყოფილებას? ან თუ მოუტანდა, იქნებ ეს კიდევ უფრო დიდი კატასტროფაა...
თუ ჩვენი პოლიციელების თვითრეალიზაცია ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევაზე გადის, იქნებ დროა, ქვეყანაში წარმოდგენილ და აფრიალებულ ღირებულებათა სისტემას გადავხედოთ, მოვეშვათ ფარისევლობას და პრიორიტეტები სწორად გადავალაგოთ.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიციელი ბოროტი ბიძიაა, რომელსაც უნდა, რომ ყველა ციხეში გაგვიშვას. ვთვლი, რომ რიგითი პოლიციელიც ამ კულტურის, მენტალიტეტისა და სისტემის მსხვერპლია ჩვენსავით. ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ისევ სახელმწიფოს ეკისრება. 90-იანი წლების პოლიციელების საქციელსაც ჰქონდა თავისი მოტივაცია. ამ ადამიანებს ბანდებთან, კრიმინალურ დაჯგუფებებთან და უკანონო მილიტარისტულ შენაერთებთან უწევდათ დაპირისპირება და თვითონაც ისეთივე პირობებში ცხოვრობდნენ, როგორშიც სხვები. მათ შვილებსაც შიოდათ და სციოდათ, ამიტომაც ადაპტირდნენ არსებულ რეალობასთან. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გარემოებები შეიცვალა. გატარდა რეფორმა, პოლიციელებს დაუფასდათ შრომა, ადამიანებს მათ მიმართ ნდობა გაუჩნდათ, ქუჩაში სიარულისას პატრულის დანახვაზე შიში აღარ ერეოდათ. პირიქით, ეს იმის ნიშანი იყო, რომ უსაფრთხოდ შეეძლოთ სეირნობის გაგრძელება.
ჩვენთან ერთად პოლიციაც ამოძვრა იმ ჭაობიდან, რომელშიც უიმედოდ ვიხრჩობოდით, მაგრამ სახელმწიფომ და ზედა ეშელონებში მოკალათებულმა "ყველაზე ჭკვიანებმა" ტერორის იარაღზე უარის თქმა ბოლომდე არ მოინდომეს. ახლა უკვე ლამაზადჩაცმულ თანამშრომლებს დაევალათ თანამოქალაქეების შევიწროვება.
ვერ დამაჯერებთ, რომ გარკვეული გამონაკლისების გარდა პოლიციელებს ამ უმსგავსობაში ჩართულობა მოსწონთ. ჯერ ერთი, მათი პროფესიული და ინტელექტუალური რესურსი არასწორი მიმართულებით იხარჯება. მეორეც, ვიღაც უპრინციპო, გაუნათლებელი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანების მიერ გაცემული ბრძანებების გამო რიგითი პოლიციელები აგრესიისა და დაცინვის ობიექტები ხდებიან. ისინი სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ იმ უსამართლო ბრძოლაში, რომლის ერთ მხარეს ახალგაზრდების სიცოცხლეა, ხოლო მეორე მხარეს - პოლიციელის ღირსება. რატომღაც ვერავინ ხვდება, რომ ამ ომში გამარჯვებული უბრალოდ არ არსებობს.
კომიკურია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში და მერეც პოლიციელების მტრებთან, ბანდიტებთან, კრიმინალებთან და ქურდებთან ძმაკაცობდნენ, დღეს კანონის უზენაესობაზე ჭიკჭიკებენ ტელეეთერიდან. მათი სიტყვებიდან გამოდის, რომ კანონის უზენასეობა მხოლოდ ნარკოტიკების კონტექსტშია მნიშვნელოვანი. ყველა სხვა შემთხვევაში, კანონების მორგება საკუთარ თავზე შეიძლება.
მარიხუანას სიკეთეებზე, ეკონომიკასთან იქნება დაკავშირებული თუ ჯანმრთელობასთან, ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ამჯერად უფრო მარტივ საკითხს მინდა შევეხო - ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და ცხოვრების უფლებას.
არსებობს ორი მცენარე. ერთი მავნეა, იწვევს დამოკიდებულებას, თუ მამაჩემს დავუჯერებ - და ბავშვობაში ვუჯერებდი, მისი მოწევა სიმაღლეში ზრდას აფერხებს, კანს აბერებს, ორსულობისას აზიანებს ნაყოფს, აჩენს კიბოს, მაღლა სწევს არტერიულ წნევას, ხელს უშლის მამაკაცის პოტენციას, აჩქარებს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ფილტვებს ისეთ ზიანს აყენებს, რომ რეგენერაციას ათწლეულები სჭირდება და, მარტივად რომ ვთქვათ, კლავს. მოკლედ, ყველად უსარგებლო, მავნე, ჯანმრთელობისთვის საშიში და არაფერში გამოსადეგი მცენარეა. ეს მცენარე და მასზე დამზადებული პროდუქტები საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომია. აქ ყველაზე ძვირიანი ბრენდი, რომელიც ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ იყიდოთ, 5 ლარზე ოდნავ მეტი ღირს - მთელი $1.88 (დღევანდელი კურსით). მეორე მცენარე კი მარიხუანაა.
მარიხუანა განვითარებულ ქვეყნებში სრულად ლეგალიზებული თუ არა, მინიმუმ დეკრიმინალიზებულია, ხოლო ზოგიერთ რეგიონში სამედიცინო მიზნებისთვისაც გამოიყენება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მის სიკეთეებზე არ შევჩერდები. პირიქით, მის მანკიერებაზე მოგახსენებთ.
მარიხუანა არის მცენარე, რომელსაც შეუძლია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების ცხოვრება პირდაპირ თუ ირიბად ერთი ხელის მოსმით გაანადგუროს. არა, ის კიბოს არ დაგმართებთ, უბრალოდ მას სახელმწიფო თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს. სხვა ნარკოტიკებზე აღარაფერს ვიტყვი.
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: თქვენ და თქვენი რამდენიმე მეგობარი შეიკრიბეთ, მოწიეთ “ერთი ჩაყრა” მოსაწევი, ან სულაც ერთი ნამცეცი ჰაშიში, დასხედით, იცინეთ, ცხოვრებაზე ლაპარაკით ენა დაიღალეთ, მერე კი გადაწყვიტეთ ჩაგერთოთ BBC-ის Planet Earth-ის სერიები და ერთად გეყურებინათ. სხედხართ თბილად, სვამთ ჩაის, ხართ მოდუნებული, არავის არაფერს უშავებთ - მათ შორის არც საკუთარ თავს და აკვირდებით, როგორ დაძვრებიან ვეფხვები გვირაბებში და რა დეგენერატები არიან სინამდვილეში ფლამინგოები, რომლებიც თურმე წყალში ღამით იმიტომ რჩებიან, რომ ვერ ხვდებიან, როდის იყინება მდინარე. სხვათა შორის, Planet Earth-ს მოწეულზე განსაკუთრებულად კარგად მოაქვს, ოღონდ ეს გადმოცემით ვიცი. მე კანონმორჩილი და სპეტაკი ახალგაზრდა გახლავართ და ამ დემონურ მცენარეს საერთოდ არ ვეკარები. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ერთობით თქვენთვის ასე წყნარად, მშვიდად, არავის არაფერს უშავებთ და ამის გამო სახელმწიფოს თვალში თქვენ კრიმინალი ხართ, ხოლო 90-იანი წლების ბარიგების “კრიშებთან” რომ მეგობრობდნენ და ახლა ტელევიზიით მორალს კითხულობენ დაღუპულ თაობაზე, იმ ინტელიგენტებისთვის გაფუჭებული ახალგაზრდა ხართ, რომელსაც ან ჯარიმა ელოდება, ან ციხე.
ან წარმოიდგინეთ, რომ ხართ (შეიძლება ხართ კიდეც) პატიოსანი, ბეჯითად მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალი, მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ დამსახურებულად მიდიხართ კლუბში, რომ რაღაცით გაირთოთ თავი და ამ რაღაცის ერთი ნამცეცი ჯიბეში გრჩებათ. პოლიცია, რომელსაც რატომღაც თქვენზე დაკვირვების გარდა საქმე არ აქვს, ზუსტად არის ინფორმირებული ამ ერთი ნამცეცის შესახებ, გიჭერთ, ბრალს გიყენებთ, გადაგცემთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც მოგისჯით სასჯელს და გაგიშვებთ ციხეში. და ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაც ორწიგნწაუკითხავ მორალისტ დინოზავრს ჰგონია, რომ რადგან ზიარება ღვინით ხდება და არა მარიხუანით, ასეთი დრაკონული კანონმდებლობა უნდა გვქონდეს. სხვათა შორის, არც არყით და ვისკით ხდება ზიარება და არც თამბაქოს ხმარობენ საკმეველად ეკლესიებში, მაშინ ეს ყველაფერიც ავკრძალოთ და მათი მომხმარებლები ციხეში გავუშვათ. მოვწყვიტოთ ისინი სამსახურს, ხელი შევუშალოთ განვითარებაში, ქვეყანას მოვაკლოთ პროფესონალი კადრები, გადასახადის გადამხდელები და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა პოლიციელებმა ვიღაც პომპონჩიკიანი “ნერდები” - აი, თავის დროზე, რომ “შკოლნიკებს” უწოდებდნენ, მოსაფსმელად ზემოთ-ქვემოთ ატარონ.
ყველა “სიკეთესთან” ერთად, ამ ყველაფერში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.
ამ სენტიმენტებს რომ თავი დავანებოთ, რჩება კიდევ ერთი კატეგორია, სასოწარკვეთილი ნარკოდამოკიდებული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფო ატერორებს. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავის შველა არ შეუძლიათ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხარშავენ ხველების წამალს, "კროტს", "მარგანცოვკას", ასანთის ღერებიდან ჩამოფხეკილ გოგირდს, “რასტვარიწელს” და მერე ამ საოცარ ქიმიურ ხსნარს ვენაში უშვებენ. - როცა სახეზე ასეთი სურათია, იქნებ ცოტა დავფიქრდეთ და მივხვდეთ, რომ ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, ამ ადამიანებს სასწაულებრივად ვერ განკურნავს, თორემ ეს უკვე მოხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, პრაქტიკა აჩვენებს, რამდენად არაეფექტურია ეს პროცესი. გაქვს მიმდინარე მაგალითი ჩვენი ქვეყნის სახით და გვაქვს ჰოლანდიის, გერმანიის, იტალიის, პორტუგალიის, აშშ-ს პრაქტიკა. რაღაც ადეკვატური დასკვნა ხომ უნდა გამოვიტანოთ?
ბიოც დაშვებული უნდა იყოსო? ასეთი კითხვა გაჩნდა. კი, ბიოც დაშვებული უნდა იყოს, ოღონდ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. რატომ დაიწყეს ახალგაზრდებმა ისეთი საოცრების მოწევა, როგორიცაა აბაზანის მარილი, ინდური სუნელები და ჩაი? იმიტომ, რომ მოშარდვისას არ "აგდებდა". აქედან დაიწყო ბიოს აღმავლობა. ახალგაზრდებს ეშინოდათ ჯარიმის, მათზე გადაკიდებული პოლიციელების, მოსაფსმელად ბაგებში სიარულის, ციხის და სახელმწიფო ტერორის და ამიტომ დაიწყეს ბიოს მოხმარება. სახელმწიფო პოლიტიკამ ბაზარზე გააჩინა მოთხოვნა და შავმა ბაზარმა ამას უპასუხა. ის, რომ ადამიანები ბიოს მოწევის გამო დაიღუპნენ, ჯანმრთელობა შეელახათ და ფსიქიკა გაუფუჭდათ, არის სახელმწიფოს ბრალი. როცა არჩევანი გახდა გასაკეთებელი, მოეწიათ მოსაწევი, რომლის გამოც სახელმწიფო ცხოვრებას გაუმწარებდათ, თუ მოეწიათ სახიფათო ბიო, რომელიც შარდში არ ჩანს, მოქალაქეებმა მიაგნეს გზას, დამალვოდნენ “გოლდენ შაუერში” გამოწრთობილ მარწუხებს.
ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები მორალისტების ჯგრო ერის გენოფონდს დაჰფოფინებს თავზე და მორალისტობს, როცა ზემოთხსენებული დოკუმენტური ფილმების მოყვარულები და პომპონებიანი “ნერდები” მეტ თავისუფლებას ითხოვენ.
მოდით ერთხელ ჩვენც წამოვაძახოთ ამ “სასტავს” და დავსვათ შეკითხვები - ნინი ბადურაშვილის ბებია გინახავთ ტელევიზიაში, როცა 10 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის ერთ პირს 6-თვიანი პატიმრობა და პირობითი სასჯელი შეუფარდეს? ან თუ ასე ნერვიულობენ "ინტელიგენტები" ერის გენოფონდის გაფუჭებაზე, მაშინ სად არიან ხოლმე, როცა საზოგადოება მოკლულ ქალებს
ლაფში სვრის იმიტომ, რომ "ალბათ დაიმსახურეს მოკვლა".
ეს ფარისევლობის ზეიმი მხოლოდ მაშინ ეწყობა, როცა კომუნისტურ ნომენკლატურაში გამობრძმედილი, კაგებესთან ჩახუტებული, ანონიმკების გამშანშალებელი, აბსტრაქტული ღირებულებების მქონე, რუსულ რომანსებზე მოღიღინე და ვანო ზოდელავას მისაღებში ურიგოდ შემავალი მორალის გარგანტუები, ჩვენ, თაობას, რომელიც მათი ექსკრემენტებიდან ძლივს ამოვძვერით, გვეუბნებიან, რომ გართობა ძვირი ღირს და მისი ფასი მთელი ცხოვრება და ჩვენი მომავალია.
დროა, შეწყდეს ჩვენი დევნა და ტერორი. ჩვენ არ გვინდა ის, რაც მამას უნდა, ჩვენ გვინდა თავისუფლება. ეს არ არის ჯიუტი ბავშვების ფეხების ბაკუნი, ეს ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნა და უფლებაა.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება
-
გადახედვაშსს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს შსს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა ჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა
-
გადახედვა"ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა" — 24 ნოემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობების განრიგი "ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა" — 24 ნოემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობების განრიგი
-
გადახედვარა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
-
გადახედვა"ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. "ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა.
-
გადახედვა25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
-
გადახედვაMEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია MEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია
-
გადახედვაელენე ხოშტარია: ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ "ქართული ოცნების" შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას ელენე ხოშტარია: ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ "ქართული ოცნების" შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას
-
გადახედვათბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს
-
გადახედვაგიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილებს, 24 ნოემბრის გეგმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადება გააცნო გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილებს, 24 ნოემბრის გეგმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადება გააცნო
-
გადახედვაირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით
-
გადახედვალაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ ლაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ
-
გადახედვასაზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა
-
გადახედვამეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი
-
გადახედვაპაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს პაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს
-
გადახედვამეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას მეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა
კომენტარები