გიგანტური პრეისტორიული ბუ, რომელიც კანიბალი იყო
დაახლოებით 40 ათასი წლის წინ გიგანტური ბუ ანდების მთებში არსებულ გამოქვაბულში დასახლდა. დაახლოებით 70 სანტიმეტრი სიმაღლისა და 150 სანტიმეტრი ფრთების შლილის წყალობით Asio ecuadoriensis ნამდვილად საშიში არსება გახლდათ.
იმავე გამოქვაბულში მეცნიერებმა რამდენიმე პატარა ცხოველის, მათ შორის თაგვის, კურდღლისა და ბიგას ნარჩენები და ჩიტების ძვლების ნამარხებიც იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ფრინველების ძვლები ბუს ისეთ სამ სხვა სახეობას ეკუთვნოდა, რომლებიც დღესაც არსებობენ — Tytp-ს, Athene-ს და Glaucidium-ს.
Asio-ს ძვლები სხვა ბუებთან შედარებით ბევრად დიდია და მას გადამუშავების ნიშნები არ აქვს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი მტაცებელი და ბუდის მეპატრონე იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გიგანტური ბუ კანიბალი გახლდათ.
"იმ ცხოველის ძვლების პოვნამ, რომელიც Asio-ს უკანასკნელ საკვებს წარმოადგენდა, საშუალება მოგვცა გაგვეგო, რომ ეს გიგანტური ბუ კანიბალი იყო", — განაცხადა კვლევის ავტორმა ფრედერიკო აგნოლინმა.
მკვლევრების თქმით, თანამედროვე დიდი ბუები ხანდახან საკუთარი სახეობის წარმომადგენელს ჭამენ, Asio-ს აღმოჩენა კი კანიბალიზმის ტრადიციის არსებობას ადასტურებს.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა 2009-2012 წლების დაკვირვებები გაგვიზიარეს. ისინი ეკვადორის გეოგრაფიულ ცენტრში, ჩიმბორასოს პროვინციაში მუშაობდნენ, სადაც იპოვეს კიდეც აღნიშნული ნამარხები. ნიმუშები ვულკანურ ნარჩენებში აღმოაჩინეს, რომელიც 20-40 ათასი წლისაა.
მკვლევრებმა დაახლოებით იციან, თუ როგორი ძუძუმწოვრები ცხოვრობდნენ იმ დროს, თუმცა ფრინველების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან მათი ძვლები ცარიელი და მყიფეა, შესაბამისად — რთულად ინახება.
დიდი მტაცებელი ჩიტები კლიმატის დრამატულად ცვლილების გამო ბევრად ზიანდებიან, რადგან მათ ნაკლები შთამომავალი ჰყავთ და პატარა ჩიტებთან შედარებით ბევრად რთულად ადაპტირდებიან. მკვლევრების აზრით, Asio-ზე, ბევრი სხვა ჩიტის მსგავსად, გამყინვარების დასრულებისას კლიმატის მკაცრმა ცვლილებმა დამღუპელად იმოქმედა.
"ჩვენი აზრით, კლიმატის ცვლილება, რომელიც დაახლოებით 10 ათასი წლის წინ დაიწყო, ამ გიგანტური ბუების გადაშენებაზეა პასუხისმგებელი", — განაცახადა აგნოლინმა ინტერვიუში.
კომენტარები