350 წლის განმავლობაში სპერმატოზოიდის მოძრაობაზე არასწორი წარმოდგენა გვქონდა — კვლევა
სპერმა ჩვენს პლანეტაზე თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმის განაყოფიერებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. იმისთვის, რომ ადამიანის სპერმა განაყოფიერდეს, მან კვერცხუჯრედის საპოვნელად პროპორციულად იმავე მანძილი უნდა გაცუროს, რამდენიც ევერესტის მთაზე ასასვლელადაა საჭირო. ამას ისინი მარტივად, კუდის ქანაობით ახერხებენ. ამ პროცესში დაახლოებით 50 მილიონზე მეტი სპერმატოზოიდი დამარცხდება და კვერცხუჯრედს მხოლოდ ერთი მიაღწევს.
ადამიანებმა სპერმატოზოიდის არსებობის შესახებ პირველად 1677 წელს გაიგეს, თუმცა იმის მისახვედრად, თუ როგორ ფორმირდებოდა ადამიანი, დაახლოებით 200 წელი გახდა საჭირო. თავდაპირველ პერიოდში არსებობდნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ეგონათ, რომ თითოეული სპერმატოზოიდი პაწაწინა ადამიანს — homunculus შეიცავდა და კვერცხუჯრედი მის გასაზრდელად საჭირო ადგილს წარმოადგენდა.
ამის საწინააღმდეგოდ, დროთა განმავლობაში ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ქალი და კაცი ახალი სიცოცხლის ფორმირებაში თანაბრად მონაწილეობდა, ხოლო 1 700-იან წლებში აღმოჩენილმა ახალმა მტკიცებულებებმა ეს თეორია უფრო მეტად განამტკიცეს.
დღეს, რა თქმა უნდა, მეცნიერებმა სპერმატოზოიდის როლის შესახებ ბევრად მეტი რამ იციან, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრია.
როდესაც სპერმატოზოიდს მიკროსკოპის მეშვეობით პირველად დააკვირდნენ, მისი მოძრაობა ისეთად აღწერეს, როგორიც დღეს ჩვენთვისაა ცნობილი: კუდით, რომლის მეშვეობითაც იგი ცურავს. თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, სპერმატოზოიდის ცურვის შესახებ 350 წლის განმავლობაში არასწორი ინფორმაცია გვქონდა.
ახალი 3D ტექნოლოგიების გამოყენებით, მკვლევრებმა სპერმატოზოიდის კუდის მოძრაობის მათემატიკური რეკონსტრუქცია შეძლეს. სპერმატოზოიდის შესწავლა სირთულეს მხოლოდ მისი ზომის გამო არ წარმოადგენს (მისი კუდი თმის ღერის სისქის ნახევარია), არამედ — მისი სისწრაფეც.
კუდის შოლტისებრი მოძრაობით ისინი ერთობ სწრაფ სიჩქარეს ავითარებენ. ამიტომ მათ დასაფიქსირებლად სუპერ სწრაფი კამერა იყო საჭირო, რომელიც წამში 55 ათასი ფოტოს გადაღებას შეძლებდა. საბოლოოდ, მეცნიერებმა კუდის სკანირება და 3D მოდელის შექმნა მოახერხეს.
შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა: სპერმატოზოიდის კუდი რეალურად არასწორხაზოვანია და მხოლოდ ერთი მიმართულებით ირხევა. სწორედ იმიტომ, რომ ამის გამო უბრალოდ ერთ ადგილას არ ეტრიალათ, მათ ცურვის დროს ბრუნვა გადაწყვიტეს. სპერმის ძალიან სწრაფი მოძრაობა 2D მიკროსკოპით დაკვირვებისას ილუზიას ქმნის, თითქოს იგი სწორხაზოვნად მიცურავს. რეალურად, საცურაო მიმართულების გარშემო მბრუნავი კუდი და სპერმატოზოიდის სხეული ერთდროულად ტრიალებს. იგი სითხეში ბზრიალასავით მიცურავს, რომელიც საკუთარი თავის გარშემო ბრუნავს.
სპერმატოზოიდის კუდის მოძრაობის გააზრება მნიშნელოვნადაა დამოკიდებული მიკროსკოპიაში ტექნოლოგიების განვითარებაზე. მაგალითად, აღნიშნული კვლევის დროს სწორედ ახალმა 3D ტექნოლოგიამ შეცვალა სპერმატოზოიდის შესახებ ჩვენი წარმოდგენები.
ეს აღმოჩენა და მიკროსკოპიაში 3D ტექნოლოგიების დანერგვა, შესაძლოა, ადამიანის განაყოფიერების საიდუმლოების ამოხსნაშიც დაგვეხმაროს. ადამიანის სპერმატოზოიდის უკეთ შესწავლა სამომავლოდ არაჯანსაღი სპერმატოზოიდების აღმოჩენასა და განაყოფიერების პროცესის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
კომენტარები