სასმელ წყალში ლითიუმის დონე სუიციდის შემთხვევათა კლებას შეიძლება იწვევდეს — კვლევა
ჩვენს პლანეტაზე ყველაზე მსუბუქი მყარი ელემენტის, ლითიუმის კვალს ლამის ყველგან მიაგნებთ, ამასთან ის ჩვენს საკვებში და სასმელ წყალშიც ბუნებრივად მოიპოვება. ახალი მეტაანალიზის თანახმად კი, ამ ელემენტის თვალით შეუმჩნეველ ყველგანმყოფობას ჩვენს ცხოვრებაზე ერთობ მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს.
ათწლეულების განმავლობაში ისეთი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, როგორიც ბიპოლარული აშლილობაა, ლითიუმი ეფექტიანი მედიკამენტების შემადგენლობაში შედის. დადასტურებულია, რომ მას პაციენტებში ხასიათის დარეგულირება და თვითმკვლელობის რისკის შემცირებაც კი შეუძლია.
ფსიქიატრიაში გამოყენებული ლითიუმის დოზები ერთობ მაღალია — პაციენტს, საშუალოდ, დღეში 200 მილიგრამი ენიშნება და გვერდითი მოვლენებიც ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს. თუმცა ზოგი კვლევა იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ელემენტის დღეში 400 მიკროგრამის მიღებასაც კი შეუძლია ხასიათის გამოკეთება (შეგახსენებთ, რომ მილიგრამში ათასი მიკროგრამია).
მეცნიერები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ცდილობენ იმის გარკვევას, მსოფლიოს გარშემო სასმელ წყალში ბუნებრივად არსებულ ლითიუმს თუ შეუძლია ისეთი ზეგავლენის მოხდენა — მათ შორის, სუიციდის და ძალადობის ან თუნდაც დემენციის შემთხვევათა კლება — რომელიც ცალკეული მოსახლეობის მასშტაბით აისახება.
წლების განმავლობაში დაგროვილი მონაცემები მართლაც მიანიშნებნდნენ სასმელ წყალში ლითიუმის დონისა და ადგილობრივ მოსახლეობაში სუიციდის დაბალი მაჩვენებლის კავშირზე.
მეცნიერებმა იაპონიის, ავსტრიის, აშშ-ის, ინგლისის, საბერძნეთის, იტალიისა და ლიეტუვას 1,286 დასახლებიდან შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს. აღებულ სინჯებში ლითიუმის დონე 3.8 μგ/ლ-დან (მიკროგრამი ლიტრში) 46.3 μგ/ლ-მდე მერყეობდა. რამდენიმე შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 80 μგ/ლ-საც კი აცდა.
ამ რიცხვების ზედმიწევნით დამუშავების შემდეგ გამოაშკარავდა, რომ სასმელ წყალში ბუნებრივად არსებული ლითიუმის დონე მართლაც არის კავშირში შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში არსებულ სუიციდის მაჩვენებელთან — მსგავს კორელაციას ინვერსიულ ასოციაციას უწოდებენ.
რა თქმა უნდა, ეს მიგნება ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა. მკლევართა გუნდი ხაზს უსვამს, რომ მათი კვლევა ჰიპოთეზის წამოწევას ემსახურება და არა — საკითხის გადაჭრას. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მოსახლეობის დონეზე აღმოჩენილი კორელაცია არ ნიშნავს, რომ მსგავსი კავშირი ინდივიდუალურ დონეზეც აუცილებლად იარსებებს.
ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა სოციალური კლასი, მოსახლეობაში წარმოდგენილი მენტალურ აშლილობათა რიცხვი და სიმძიმე და ისიც კი, თუ რამდენად ხშირად იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს, მნიშვნელოვნი გავლენა შეიძლება მოახდინოს დაკვირვების შედეგებზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ ლითიუმს საკვებიდანაც ვიღებთ, რისი ზემოქმედებაც ჯერ არ გამოკვლეულა.
"ამასთან, ბოთლებში გაყიდული მინერალური წყლები ონკანის წყალთან შედარებით, როგორც წესი, გაცილებით მეტ ლითიუმს შეიცავს. ბოთლის წყლიდან მიღებული ლითიუმისა და სუიციდის კავშირი კი აქამდე არავის შეუსწავლია", — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
მეცნირები ჯერ კიდევ არკვევენ, ზუსტად როგორ მუშაობს ლითიუმი და რითი შეიძლება აიხსნას ის დადებითი ეფექტი, რაც მას ადამიანის განწყობაზე აქვს.
მეტაანალიზის შედეგები ჟურნალში The British Journal of Psychiatry გამოქვეყნდა.
კომენტარები