ხომალდმა Juno-მ განიმედეს ჩრდილოეთ პოლუსის პირველი ფოტო გამოგვიგზავნა
NASA-ს ხომალდმა Juno-მ იუპიტერის მთვარის, განიმედეს ჩრდილოეთ პოლუსი პირველად გადაიღო. ახალი ფოტოს მიხედვით, იუპიტერის მაგნიტოსფეროდან წამოსულმა პლაზმის მუდმივმა წვიმამ თანამგზავრის ყინულოვანი ზედაპირი მნიშვნელოვნად შეცვალა.
განიმედე მზის სისტემაში ყველაზე დიდი და მასიური თანამგზავრია. მისი დიამეტრი 5 268 კმ-ია და ზომით ჯუჯა პლანეტის კატეგორიაში გადის. იგი გაყინული წყლისაგან და სილიკატური ქანებისგან შედგება. მისი თხევადი ბირთვი რკინითაა მდიდარი, ხოლო დაახლოებით 200 კმ. სიღრმეზე ყინულის ფენებს შორის თხევადი წყლის ოკეანეა. სწორედ ამ ბირთვის წყალობით განიმედე ერთადერთი თანამგზავრია მზის სისტემაში, რომელსაც საკუთარი მაგნიტოსფერო აქვს.
იმის გამო, რომ განიმედე იუპიტერის მაგნიტური ველის შიგნით ბრუნავს, მისი მაგნიტოსფერო მასშივეა ჩაფლული. ეს კი პლაზმის ძალიან ძლიერ ტალღებს იწვევს, რომლებიც მაგნიტური ველის პარალელურად ჩქარდება. ამ მოვლენას კიდევ ერთი ეფექტი აქვს — ჩრდილოეთის ციალი. აქ, დედამიწაზე მსგავსი ნაწილაკები პოლარული რეგიონებისკენაა მომართული, სადაც ისინი ატმოსფეროში არსებულ ატომებთან ურთიერთქმედებენ.
განიმედეს ძალიან თხელი ატმოსფერო აქვს, შესაბამისად, პლაზმის დიდი ოდენობა პირდაპირ ზედაპირზე გროვდება. Juno-ს ინსტრუმენტის, JIRAM-ის მიერ გადაღებულ ინფრაწითელ ფოტოებზე ამ მუდმივი წვიმის ეფექტი ნათლად ჩანს.
"JIRAM-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ განიმედეს ჩრდილოეთ პოლუსი პლაზმის წვიმის გამო შეცვლილია. Juno-ს დახმარებით მსგავსი ფენომენის შესწავლის შანსი პირველად მოგვეცა", — განაცხადა მკვლევარმა ალესანდრო მურამ.
განიმედეს ორივე პოლუსზე არსებული ყინული თანამგზავრის ეკვატორზე არსებული ყინულისგან განსხვავდება. ანალიზმა კი აჩვენა, რომ ეს პლაზმის მუდმივი წვიმის გამო ხდება, რომელმაც ყინულის კრისტალების სტრუქტურა შეცვალა.
დედამიწაზე და განიმედეს ზედაპირის უმეტეს ნაწილზე ყინულში მოლეკულები თანმიმდევრულად, ექსვკუთხა სქემებით არიან განლაგებულნი. თუმცა კონკრეტულ პირობებში ეს სტრუქტურული სქემები ირღვევა. მსგავს უწესრიგობას ამორფულ ყინულს უწოდებენ. იგი დედამიწაზე იშვიათი კია, თუმცა კოსმოსში საკმაოდ გავრცელებულია.
იუპიტერის სამი მთვარე — ევროპა, კალისტო და განიმედე ყინულოვან თანამგზავრებს წარმოადგენენ. თუმცა სამივე მათგანის ყინულოვანი სტრუქტურა განსხვავებულია. კალისტოს ყინული კრისტალურია, ევროპასი ამორფული, განიმედეს კი ამ ორის უცნაური ნარევი აქვს.
აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს, შესაძლოა, იუპიტერთან არსებული მანძილით ყოფილიყო განპირობებული. ევროპა პლანეტასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, სადაც ყველაზე დიდი გამოსხივებაა; კალისტო ყველაზე შორს, სადაც გამოსხივება ყველაზე მცირეა; განიმედე კი მათ შორისაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ განიმედეს მაგნიტური ველი გამოსხივებას პოლუსებისკენ მიმართავს, შედეგად კი ამ ადგილებში ამორფული ყინულის მაღალი კონცენტრაციაა.
ეს მოსაზრება Juno-ს მონაცემებმა დაადასტურა. სამომავლო კვლევებმა კი, შესაძლოა, ამ ფენომენის შესახებ ბევრად მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს. Juno-ს პირდაპირ მოვალეობას იუპიტერის შესწავლა წარმოადგენს, თუმცა უშუალოდ განიმედესთვის განკუთვნილი ხომალდი შექმნის პროცესშია. ევროპის კოსმოსური სააგენტო გეგმავს, რომ 2022 წელს JUICE გაუშვას, რომელიც როგორც განიმედეს, ასევე ევროპასა და კალისტოს შეისწავლის.
კომენტარები