გუგლმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის Gmail-ის ახალი დიზაინი წარმოადგინა
გუგლის Gmail აპლიკაციის მასშტაბური განახლების შესახებ ინფორმაციის დროზე ადრე გაჟონვის შემდეგ კომპანიამ ის ოფიციალურად წარმოადგინა. Google Cloud კონფერენციამდე რამდენიმე კვირით ადრე, გუგლმა G Suite ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკუთარი ელფოსტის აპლიკაციის, Gmail-ის დიზაინი სრულიად განაახლა. განახლების შემდეგ Gmail სცდება ელფოსტის აპლიკაციის ცნებას და გარდაიქმნება ერთიან საკომუნიკაციო პლატფორმად, რომელიც გუგლის Gmail, Chat, Rooms და Meet სერვისებს აერთიანებს.
თავდაპირველად G Suite-ის მომხმარებლები განახლებულ აპლიკაციასთან სატესტო წვდომას ამ კვირაში მიიღებენ, ხოლო წლის ბოლომდე ის ყველა ბიზნეს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. რაც შეეხება Gmail-ის სამომხმარებლო ვერსიას, როგორც ჩანს, ის ჯერჯერობით უცვლელი იქნება. გუგლის განმარტებით, კომპანიაში "აქტიურად განიხილავენ მსგავსი გამოცდილების სხვა ტიპის მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფის შესაძლებლობას".
ხავიერ სოლტერო, რომელმაც გუგლში ამ მიმართულებით მუშაობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო, განახლებას "ინტეგრირებულ სამუშაო სივრცეს" უწოდებს, სადაც თანამშრომლები მარტივად შეძლებენ საკომუნიკაციო პლატფორმებს შორის გადართვას. მაგალითისთვის, Google Doc-ში ან Google Meet-ში არსებული ჩატის ფანჯარა ამიერიდან სხვა ჩატთან ან ოთახებთან იქნება ინტეგრირებული.
სმარტფონსა და დესკტოპ კომპიუტერებზე აღნიშნული პლატფორმების გაერთიანებით მომხმარებელს აღარ მოუწევს აპლიკაციებსა და ბრაუზერის ტაბებს შორის უსასრულო გადართვა, რადგან ყველაფერი ამიერიდან ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც პარალელურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი დოკუმენტთან მუშაობა და ვიდეოზარით თათბრიზე დასწრება.
სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმის გაერთიანებას კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს. ერთ-ერთი მათგანია "არ შემაწუხოთ" რეჟიმის დაყენება ყველა სერვისისთვის, რის შედეგადაც თქვენ აღარ მიიღებთ შეტყობინენებს. გარდა ამისა, ჩატში ძიების პროცესი ისეთივე მარტივი გახდა, როგორიც ის Gmail-შია. გუგლის თქმით, ამ ინტეგრაციით მომხმარებლებს საშუალება აქვთ, "სწრაფად შეუერთდნენ ვიდეოზარს, გადაიტანონ ჩატში მოწერილი შეტყობინება ელფოსტის შემოსული წერილების საქაღალდეში ან გადაიტანონ ის ამოცანებში".
ახალი სივრცე, სახელად Rooms, წარმოადგენს ერთგვარ ვირტუალურ ოთახებს, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამოცანები, ჩატი და ფაილები დაახარისხონ. ეს კი კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ.
"აღნიშნული პროდუქტების ისტორია ინდივიდუალიზმის პრინციპზე შეიქმნა", — აცხადებს სოლტერო, — "თითოეული მათგანი გარკვეულ კონცეფციას ეფუძნებოდა, რომელიც ყველასთვის ნათელი იყო: მრავალსამომხმარებლო, სამომხმარებლო ერთობლივი სამუშაო გარემო და სხვა. თითოეული მათგანი ერთი იდეის ირგვლივ კი ერთიანდებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ყველაფერს ერთი მიზნისკენ მივყავდით".
ახლა კი ყველაფერი ბევრად თანმიმდევრული გახდა. კომპანიამ G Suite-ის საკომუნიკაციო აპლიკაციები დანარჩენი პროდუქტების ცენტრალურ ნაწილად და ამ ყველაფრის საორგანიზაციო საშუალებად აქცია. მაშინ, როცა Outlook-ის აპლიკაციაში ხელმისაწვდომია კალენდარი, ფაილების ძიება და ელფოსტა, Gmail-ში დამატებითი ტაბების ადგილი საკომუნიკაციო პლატფორმებმა დაიკავეს. ეს გუგლის მხრიდან Microsoft Teams-ის და Slack-ის სერვისებზე საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯია.
კომენტარები