მკვლევრებმა ავსტრალიაში გავრცელებული ფერადი ფუტკრების წარმომავლობა დაადგინეს
ფერადი ფუტკრები ავსტრალიის უამრავ რეგიონშია გავრცელებული, ისინი ძირითადად ლურჯ, მწვანე და სტაფილოსფერ ფერებში არიან წარმოდგენილნი. აქამდე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ისინი წარმოშობით ავსტრალიიდან იყვნენ, თუმცა მათი ევოლუციური ისტორია არავის გამოუკვლევია.
ახლა კი ახალი კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ ფუტკრები ავსტრალიის ტროპიკულ ნაწილში გაჩნდნენ და შემდეგ სუბტროპიკულ, ზომიერ და მშრალ რეგიონებში გავრცელდნენ.
"ფერადი ფუტკრები ავსტრალიაში, ისევე, როგორც სამხრეთ ჩინეთში, მცენარეების დამტვერვაში ყველაზე აქტიურები არიან", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ჯეიმს დორიმ.
მკვლევრების მიხედვით, იმის გაგება, თუ სად წარმოიშვნენ ეს ფუტკრები და როგორ გავრცელდნენ ინდონეზიაშია თუ წყნარი ოკეანის არქიპელაგებში — იქ, სადაც ისინი დამტვერვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ — რეგიონში მცენარეებისა და ფუტკრების თანაევოლუციის გააზრებისთვისაა საჭირო.
დორეიმ და მისმა კოლეგებმა ახალი გვინეადან, წყნარი ოკეანიდან და ავსტრალიიდან სამი სხვადასხვა ფუტკრის მიტოქონდრიული დნმ გააანალიზეს. მიტოქონდრიული დნმ-ის სახესხვაობაზე დაკვირვებით კი მათ ფერადი ფუტკრების წარმოშობისა და გავრცელების ისტორიის დადგენა შეძლეს.
სწორედ ამ გზით გაირკვა, რომ ეს მწერები ტროპიკული წარმოშობისანი არიან. მიგნებამ ეჭვქვეშ დააყენა აქამდე არსებული თეორია, რომლის მიხედვითაც, ისინი ავსტრალიაში აფრიკიდან ან ანტარქტიკიდან გავრცელდნენ.
ამასთან, აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი სხვა ავსტრალიური ფუტკარი, მაგალითად Exoneurella tridentate, მილიონობით წლის წინ დანამდვილებით ანტარქტიკაზე წარმოიშვა.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ფუტკრების წარმოშობის ისტორიის გაგებით იმასაც ახდიან ფარდას, თუ როგორ იმოქმედებს მათზე კლიმატის ცვლილებები.
კომენტარები