საფრანგეთში ახალშობილი კორონავირუსით მუცლადყოფნის პერიოდში დაინფიცირდა
ფრანგმა ექიმებმა COVID-19-ის ორსული დედიდან ნაყოფზე გადაცემის პირველი დადასტურებული შემთხვევა აღწერეს. აღნიშნულის შესახებ მათ ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნებული სტატიით ამცნეს საზოგადოებას. ახალშობილი ბიჭს დაბადებიდან რამდენიმე დღეში ტვინის ანთება განუვითარდა, რისი მიზეზიც კორონავირუსი გახლდათ, რომელმაც პლაცენტარული ბარიერის გადალახვა და პატარას დაინფიცირება მოახერხა. ამჟამად იგი სრულიად ჯანმრთელია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
აღნიშნულ სტატიას წინ უსწრებდა მსგავსი კლინიკური შემთხვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, თუმცა, ეს პირველი შემთხვევა აღმოჩნდა, როცა ექიმებმა თავიანთი ეჭვების ფაქტობრივი მტკიცებულებით გამყარება შეძლეს. აქამდე არსებობდა ეჭვი, რომ ახალშობილებს ვირუსი დედიდან არ გადაეცემოდათ და ისინი დაბადების შემდეგ, კლინიკაში ინფიცირდებოდნენ.
"სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ვირუსით მუცლადყოფნისას დაავადების ფაქტი უდავოა. კლინიცისტები ამის შესახებ ინფორმირებულნი უნდა იყვნენ. ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ ფაქტია, ამის ალბათობა არსებობს", — აღნიშნა დანიელე დე ლუკამ, ანტუან ბეკლერის ჰოსპიტალის პედიატრიული და ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელმა.
23 წლის ქალმა კლინიკას 24 მარტს სიცხით და ხველით მიმართა. იგი ორსულობის მესამე ტრიმესტრში იყო და მას COVID-19 მალევე დაუდასტურდა. ჰოსპიტალიზაციიდან 3 დღის შემდეგ ნაყოფს დისტრესის ნიშნები აღენიშნა, რის გამოც ექიმები იძულებულნი გახდნენ, ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ.
ახალშობილი მაშინვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, იზოლირებულ პალატაში გადაიყვანეს. პატარას დაინტუბირება დასჭირდა, რადგანაც მასზე ზოგადმა ანესთეზიამ იმოქმედა. სისხლისა და ფილტვების სითხიდან აღებული ტესტები კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამასთანავე, სხვა ბაქტერიის, ვირუსის ან სოკოვანი ინფექციის არსებობა გამოირიცხა. როგორც შემდგომმა მოკვლევამ აჩვენა, ვირუსი დედის სისხლიდან პლაცენტაში გავრცელდა, სადაც იგი გამრავლდა და ანთებითი რეაქცია გამოიწვია. ამის შემდეგ კი კორონავირუსი ნაყოფის სხეულში შეიჭრა.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ პლაცენტაში აღმოჩნდა.
პატარას დაბადებიდან მესამე დღეს გაღიზიანებადობა და კვების რეჟიმის დარღვევა აღენიშნა. მალევე მას თავის, კისრისა და ზურგის კუნთების სპაზმები განუვითარდა — დაახლოებით ისეთივე, როგორიც მენინგიტის კლინიკური მიმდინარეობის დროს არის აღწერილი.
პატარას დაბადებისას მისი მკურნალობის კლინიკური გაიდლაინი არ არსებობდა. ექიმებს რემდესივირით მკურნალობის გეგმა ჰქონდათ შემუშავებული, თუმცა მასზე უარი მალევე თქვეს, რადგანაც პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველგვარი ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად უმჯობესდებოდა. საბოლოოდ, ექიმებს რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებიათ.
ამჟამად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ვირუსი მუცლის მოშლას ან ნაყოფის განვითარების დარღვევებს იწვევს. როგორც წესი, ორსულთა ინფიცირების დროს დაავადება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. მიუხედავად ყველაფრისა, დაინფიცირების ალბათობის მინიმუმამდე დასაყვანად ორსულებისთვის მკაცრად რეკომენდირებულია:
- სოციალური დისტანციის დაცვა;
- ხელების ხშირი დაბანა საპნით;
- ხელების 60%-ზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობის მქონე ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება.
კომენტარები