მექსიკაში ახალშობილ 3 ტყუპისცალს კორონავირუსი დაუდასტურდა
მექსიკაში ახალშობილ 3 ტყუპისცალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის ადგილობრივი სპეციალისტების შეფასებით, მათ საქმე უპრეცედენტო კლინიკურ შემთხვევასთან აქვთ. ამჟამად ისინი ეპიდემიოლოგიურ ისტორიას სწავლობენ, რათა დაადგინონ, ვირუსი ნაყოფს ორსულობისას გადაეცა თუ არა.
ტყუპთაგან ორის, ბიჭისა და გოგოს, მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მესამე, ბიჭ ახალშობილს სასუნთქი სისტემის დაზიანებაზე მკურნალობენ. შტატ სან ლუის პოტოსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მრავალნაყოფიანი მშობიარობის დროს დაინფიცირება აქამდე არსად დაფიქსირებულა. ამიტომაც, ამ კლინიკურ შემთხვევას ჯეროვანი შესწავლა სჭირდება.
აქამდე აღწერილი იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ახალშობილები დაბადების შემდეგ დაინფიცირდნენ, თუმცა მექსიკელი ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, მათ საქმე ასეთი ტიპის შემთხვევასთან არ აქვთ.
"შეუძლებელია, ისინი დაბადების მომენტში დაინფიცირებულიყვნენ", — აცხადებს შტატის ჯანდაცვის მდივანი, მონიკა ლილიანა რაგნელ მარტინესი
ამჟამად კვლევები მშობლებსაც უტარდებათ. არის მოლოდინი, რომ ისინი ვირუსის ასიმპტომური მტარებლები იყვნენ.
მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 28 თებერვალს აღინიშნა. იქიდან მოყოლებული, COVID-19 გადაიტანა 185 ათასმა ადამიანმა, ხოლო 22,584 გარდაიცვალა.
კორონავირუსი ახალშობილებში
17 ივნისს სამი ტყუპისცალი ნაადრევი მშობიარობის შედეგად მოევლინა ქვეყანას. კორონავირუსი მათ იმავე დღეს დაუდასტურდათ. ახალშობილთა დაინფიცირება საკმაოდ უჩვეულოა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. ვირუსი პატარებს დაბადების შემდეგ, ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად შეიძლება გადაეცეთ.
იელის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა პლაცენტარული ბარიერის გავლით ინფიცირების პირველი კლინიკური შემთხვევა უკვე აღწერეს. თუნდაც ასეთი შემთხვევისას, დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი დაბალია. თუმცა, როგორც ზოგიერთი კვლევიდან ვიგებთ, ასეთ დროს ნაადრევი მშობიარობის ალბათობა მაღალია.
ამჟამად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ვირუსი მუცლის მოშლას ან ნაყოფის განვითარების დარღვევებს იწვევს. როგორც წესი, ორსულთა ინფიცირების დროს, დაავადება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ბავშვების შემთხვევაში, შეიძლება, COVID-19 საერთოდაც ასიმპტომური იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, დაინფიცირების ალბათობის მინიმუმამდე დასაყვანად ორსულებისთვის მკაცრად რეკომენდირებულია:
- სოციალური დისტანციის დაცვა;
- ხელების ხშირი დაბანა საპნით;
- ხელების 60%-ზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობის მქონე ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება.
კომენტარები