ალგორითმი, რომელიც ტრავმის შემდგომ PTSD-ის რისკს ვარაუდობს
მკვლევრებმა ისეთი ალგორითმი შექმნეს, რომელსაც შეუძლია ივარაუდოს, დაემართებათ თუ არა ტრავმაგადატანილ ადამიანებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, იგივე PTSD. ალგორითმი, რომელიც დიაგნოზს მოგროვებულ სამედიცინო მონაცემებზე დაყრდნობით სვამს, სამედიცინო პირებს აშლილობის ადრეულ გამოვლენაში და მის მკურნალობაში დაეხმარება.
ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, ტრავმირებული პაციენტების 10-15% PTSD-ის ხანგრძლივი სიმპტომებით იტანჯება და ისინი, ძირითადად, ტრავმიდან ერთი წლის განმავლობაში იჩენენ თავს.
მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მეთოდი, რომელიც PTSD-ის რისკს ეფექტიანად ამცირებს, არსებობს, მისი ადრეულ პერიოდშივე პრევენციისთვის საჭირო სტრატეგიები დანერგილი არ არის, რადგან დამტკიცებული გზა, რომელიც ივარაუდებს, თუ რომელი პაციენტები არიან მაღალი რისკის ქვეშ, არ არსებობს.
ძალიან ბევრი ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური ნიშანი — იქნება ეს მომატებული სტრესის ჰორმონები, გაძლიერებული ანთებითი სიგნალები, სისხლის მაღალი წნევა თუ ჰიპერაღგზნებადობა — PTSD-ის ხშირად უძღვის წინ. თუმცა PTSD-ის წინასწარი დიაგნოზის დასმისთვის არცერთი მათგანი ბოლომდე სანდო არ ყოფილა.
ამ ახალ კვლევაში, სადაც მკვლევართა რამდენიმე გუნდი მონაწილეობდა, წინასწარი დიაგნოზის დასასმელად მანქანური დასწავლა გამოიყენეს, რათა შეექმნათ ალგორითმი, რომელიც 70 კლინიკური მონაცემის კომბინაციისგან PTSD-ის რისკის შეფასებას მოახდენდა.
მკვლევრებმა ალგორითმი 377 ზდასრული ტრავმირებული ადამიანის მონაცემებისგან შექმნეს, შედეგი კი ნიუ-იორკში 221 ზრდასრულ ტრავმირებულ ადამიანთან გადაამოწმეს.
იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ალგორითმმა PTSD-ის რისკის ქვეშ დააყენა, 90%-მა ერთი წლის განმავლობაში ხანგრძლივი სიმპტომები გამოავლინა. ამასთან, იმ ადამიანების 29%-მა, რომლებიც ალგორითმს რისკის ქვეშ არ დაუყენებია, ასევე გამოავლინა PTSD-ის ხანგრძლივი სიმპტომები (ეს არასწორი უარყოფითი შედეგის მაჩვენებელია).
ტექნიკის რეალობაში დანერგვამდე საჭიროა სხვადასხვა შემოწმების ჩატარება. სამომავლო კვლევებში გუნდი გეგმავს, რომ შეამოწმოს, რამდენად შეუძლია ალგორითმს PTSD-ის ამოცნობა ისეთ პაციენტებში, რომლებიც ჯანმრთელობის პოტენციურად ტრავმულ პრობლემებს განიცდიან.
კვლევა 6 ივლისს ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები