სამი API ბანკინგის რევოლუციისთვის
გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისი (API) დაახლოებით 20 წელია, რაც არსებობს, თუმცა თქვენ დიდი ალბათობით არაფერი იცით იმაზე, თუ რა როლს თამაშობს ის სხვადასხვა ქვეყნის ბანკების საქმიანობაში.
ერთ-ერთი უახლესი საბანკო კვლევიდან ირკვევა, რომ 2020 წლამდე აშშ-ის ყოველი ხუთი ბანკიდან API მხოლოდ ერთმა დანერგა, ხოლო კვლევაში მონაწილე ბანკების მეოთხედი მის დანერგვას წლის ბოლომდე გეგმავს. ყოველი მეხუთე ბანკი კი API-ს დანერგვას ახლო მომავალში საერთოდ არ აპირებს. საკრედიტო ორგანიზაციების 53%-მა API 2020 წლამდე დანერგეს, ხოლო ოთხიდან მხოლოდ ერთი გეგმავს API-ების დანერგვას წლის ბოლომდე.
ევროპაში API უფრო გავრცელებულია. მაგალითად, ბრიტანული ბანკების 97% -მა უკვე დანერგა API.
სამი API, რომლებსაც ბანკინგში რევოლუციის მოხდენა შეუძლიათ
თუ ამერიკელ ბანკირებს ვკითხავთ, რატომ ჩამორჩება აშშ ევროპას API-ს დანერგვის საკითხში, ისინი, სავარაუდოდ, ყველაფერს იმას დააბრალებენ, რომ, ევროპისგან განსხვავებით, მათ ქვეყანაში ე.წ. "ღია ბანკინგი" არ არსებობს.
სამწუხაროდ, ეს არცთუ ისე მყარი არგუმენტია ამ მდგომარეობის გასამართლებლად. API-ების აგრესიულ დანერგვაზე უარის თქმის შემთხვევაში ბანკები კარგავენ შესაძლებლობას, შეამცირონ ბიზნეს პროცესების ხარჯები, რომლებიც, პირველ რიგში, აპლიკაციებთან დაკავშირებულ პროდუქტებს ეხება.
UnfBankers-ში კარგად იცნობენ ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან Yodlee, Stripe და Plaid, რომელთა API-ებიც უზრუნველყოფენ კავშირს ფინანსურ ორგანიზაციებსა და ფინტექ კომპანიებს შორის.
ასევე არსებობენ ნაკლებად ცნობილი ფინტექ სტარტაპები, რომლებსაც საბანკო სფეროზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მათ შორის არიან Pinwheel, Sila და Codat.
1. Pinwheel: API საგადასახადო უწყისების ინტეგრირებისთვის
TechChrunch-ის მონაცემებით, Pinwheel-მა ინვესტიციის სახით დამატებით $7 მილიონი მიიღო:
"სტარტაპმა კომპანიებისთვის პროგრამული პლატფორმის შემუშავება დაიწყო, რომელიც თანამშრომლებისთვის გადასახადების მინიმიზაციას უზრუნველყოფს ისეთი ხარჯების შემცირებით, რომლებიც სატრანზიტო გატარებასა და ჯანდაცვის პოლისის გადასახადებს უკავშირდება. პლატფორმის შექმნის პროცესში პროგრამირების დონეზე გამოიკვეთა სერიოზული პრობლემა — თავად ხელფასის გადამხდელებთან მარტივად დაკავშირების მეთოდის არარსებობა".
შედეგად, კომპანიამ სახელფასო მონაცემებისთვის შეიმუშავა და დანერგა ახალი API, რომელიც ამ ინფორმაციას სრულად ამუშავებს — დაწყებული შემოსავლებიდან და თანამშრომლების შემოწმებიდან, დამთავრებული სადეპოზიტო ანგარიშის მარტივი გადატანითა და მართვით. Pinwheel-ის გენერალური დირექტორის, კურტის ლინის ინფორმაციით, მათი API-ს გამოყენების სამი ძირითადი სცენარი არსებობს:
- შემოსავლების და დასაქმებულის ვერიფიკაცია: ადამიანების უმეტესობა შემოსავლების ან/და სამსახურის არსებობის დასამტკიცებლად დღემდე იყენებს ფურცელზე დაბეჭდილ დოკუმენტაციას, უწყისებს და საგადასახადოს ცნობებს. მსგავსი პროცესი დროში იწელება და ვერ გამორიცხავს შეცდომებს.
- ხელფასით უზრუნველყოფილი სესხი (PLL): აღნიშნული სასესხო პროდუქტის გამოყენებისას მსესხებელს შეუძლია აირჩიოს ვარიანტი, როცა სესხის გამცემ ორგანიზაციას თანხის პირდაპირ სახელფასო ანგარიშიდან მოხსნა შეუძლია, რაც ერთგვარი გარანტიაა. აღნიშნული მოდელი ანგარიშვალდებულების უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, რაც რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
- სადეპოზიტო ანგარიშის მარტივი გადატანა: ბანკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის სადეპოზიტო ანგარიშის კონკურენტი ბანკიდან გადმოტანის უზრუნველყოფა. არსებული პროცედურით, სადეპოზიტო ანგარიშის გადატანა თანამშრომლის მხრიდან გარკვეული ფორმების შევსებას ან, უკეთეს შემთხვევაში, მოუქნელი პორტალის მეშვეობით საჭირო პროცედურების გავლას უკავშირდება.
რატომ შეუძლია Pinwheel-ს საბანკო სფეროში რევოლუციის მოხდენა.
TechCrunch-ის სტატიაში ვკითხულობთ:
"მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დანაზოგის ავტომატიზირებული პირდაპირი კონტროლი, რაც მას აძლევს საშუალებას თვალი ადევნოს იმას, თუ სად მიდის მისი ხარჯები. მაგალითად, თუ საჭირო გახდა დეპოზიტის რამდენიმე ანგარიშად დაყოფა და საკუთარი ხელფასის იმ ანაბარზე გადატანა, რომელსაც თქვენი ბანკი არ ემსახურება, ამაში Pinwheel დაგეხმარებათ".
დაკრედიტების პროცესის ასწრაფებამ, შესაძლოა, შეცვალოს ვითარება როგორც ფინანსური ორგანიზაციებისთვის, ისე ფინტექ კომპანიებისთვის. დღეს ერთიანი, ციფრული სისტემებისთვის გასაგები ფორმატით პირდაპირი სახელფასო გადარიცხვების საწარმოებლად თითზე ჩამოსათვლელი საშუალებები არსებობს.
წინაღობა
ფინტექ კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სახელფასო ანგარიშსწორების არსებული პროცესი API-ს ყოველი გამოყენებისას ზედემტად ძვირია ისედაც არცთუ დიდად სანდო გადაწყვეტისთვის.
რამდენიმე ფინტექ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კი მონაცემთა ავტომატურ დამუშავებას (ADP) უკიდურესად შემზღუდველს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიას შემოსავლიდან საკმაოდ დიდი წილი მიაქვს.
2. Sila: ახალი API ანგარიშსწორების და პიროვნების იდენტიფიკაციისთვის
Sila-ს თანადამფუძნებელს, შამირ კარკალს პირადად გამოუცდია, რა პრობლემებთანაა დაკავშირებული ბიუროკრატიულ წინაღობებთან გამკლავება იმ ბანკთან ურთიერთობისას, რომელმაც მისი სტარტაპი, Simple შეიძინა. CoinDesk-ის მიხედვით,
"Sila არის API, რომელიც ქმნის ERC-20 ტოკენს, რომელსაც კომპანიაში SilaToken-ს ეძახიან. თითოეული ტრანზაქცია ტოკენის გამოყენებით ხორციელდება, რომელიც 100:1 თანაფარდობით არის მიბმული აშშ დოლარზე. Sila საკუთარ პლატფორმაზე ბარათებით გადახდის, საერთაშორისო ტრანზაქციების, ბიზნესის იდენტიფიკაციის და ერთ დღეში ტოკენის გამოშვების შესაძლებლობის დანერგვას აპირებს. სტარტაპის პარტნიორი ბანკი კი პლატფორმასთან საკუთარი სწრაფი გადახდების სისტემის დაკავშირებას გეგმავს".
რატომ შეუძლია Sila-ს საბანკო სფეროში რევოლუციის მოხდენა
TechCrunch-ის მიხედვით, Sila-ს შეუძლია "განდევნოს ACH როგორც გადახდის მეთოდი კომპანიებისთვის, რომლებსაც თანხის გადატანა სურთ. Sila პიროვნების იდენტიფიცირების API დეველოპერებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ მომხმარებლის იდენტიფიცირება, რასაც შემდგომში ბანკის API გამოიყენებს. ეს გადაწყვეტა მომხმარებლებს სადებიტო ანგარიშის გახსნის და თანხის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანის საშუალებას აძლევს. გარდა აღნიშნული ინფრასტრუქტურისა, Sila-ს სმარტ ხელშეკრულებების შექმნაც შეუძლია, რომელიც ფინანსური აპლიკაციების სწრაფ დანერგვას უზრუნველყოფს.
წინაღობა
კარგი დაფინანსების მქონე მოთამაშეების შემთხვევაში აღნიშნულ ტექნოლოგიას ნაკლი პრაქტიკულად არ აქვს. ასეთები არიან ფეისბუქის ლიბრა, JPMCoin და Walmart, რომლებიც კრიპტოვალუტის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.
გარდა ამისა, შესაძლოა, ოდესმე ამერიკის მთავრობის FedNow პროგრამამ იხილოს დღის სინათლე, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს გადახდებზე რეალურ დროში.
მართალია, Sila-მ აშშ-ში შეიძლება ვერ მოახდინოს საბანკო საქმიანობის რევოლუცია, თუმცა ის საკუთარ ნიშას ბაზარზე დიდი ალბათობით მაინც დაიკავებს.
3. Codat: API მცირე ბიზნესისთვის
ლონდონში დაფუძნებული სტარტაპის, Codat-ის პლატფორმაზე ყოველთვიურად 10 ათასამდე კომპანია რეგისტრირდება, რომლებიც აპლიკაციას ფინანსური მომსახურების პროვაიდერებთან პირდაპირი კავშირისთვის იყენებენ.
TechCrunch წერს:
"Codat ქმნის API-ს, რომელიც ნებისმიერ სისტემას უკავშირდება და ყველა საჭირო ფინანსური მონაცემის მიმოცვლას უზრუნველყოფს. ხშირად ასეთი სახის ინფორმაცია რამდენიმე სისტემისთვისაა გათვალისწინებული, მაშინ, როცა მცირე მეწარმეები განსხვავებულ სისტემებს იყენებენ. მეორე მხრივ, ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს საკუთარი შიდა პროცედურების დაჩქარება და საკრედიტო თუ სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის დროულად მიწოდება შეუძლიათ".
რატომ შეუძლია Codat-ს საბანკო სფეროში რევოლუციის მოხდენა.
დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში მცირე ბიზნესი თავის გადასარჩენად იბრძვის, რისთვისაც მათ ფულადი რესურსი სჭირდებათ. თუმცა არსებული დაკრედიტების პრაქტიკა საკმაოდ შრომატევადი და ჩახლართულია. მცირე ბიზნესსა და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მონაცემთა მიმოცვლის გამარტივებას და ოპტიმიზაციას არსებული ვითარების შემსუბუქება შეუძლია.
"იცნობდე შენს მომხმარებელს" (KYC) პრაქტიკის გაუმჯობესება კი მცირე ბიზნესის განვითარებისთვის კიდევ ერთ დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს.
წინაღობა
Codat-ის API გამორიცხავს ელექტრონული ცხრილების და PDF ფაილების გადაგზავნის საჭიროებას ელექტრონული ფოსტით, თუმცა ეს საკითხი სტარტაპისთის ამავდროულად დიდ გამოწვევად რჩება. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ისევ იყენებენ ელექტრონულ ცხრილებს და Word-ის ფაილებს ანგარიშგებისთვის.
გარდა ამისა, Codat-ს საკმაოდ ძლიერი კონკურენციის პირობებში უწევს განვითარება.
მაიკროსოფტის და Plaid-ის თანამშრომლობის შედეგად Excel-ში გაჩნდა სერვისი Money in Excel, რომელიც, Plaid-ის თქმით, ელექტრონულ ცხრილებს ფინტექ აპლიკაციად გარდაქმნის. ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, დავუკავშიროთ ცხრილს საკუთარი ანგარიშები, განვახორციელოთ მათი იმპორტი, შევასრულოთ ნაშთის და ტრანზაქციების სინქრონიზაცია, რაც ცხრილს მეტად ინფორმატიულს ხდის.
Codat-ს ასევე დიდ კონკურენციას უწევს Autobooks, რომელიც ბანკებს საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურებას სთავაზობს. შედეგად, ბანკი API-ს არ საჭიროებს და იგი თავად ხდება სერვისის მიმწოდებელი.
გვჭირდება თუ არა საერთოდ API
იქნებ, API-ს გამოყენება მხოლოდ დროებით გვჭირდება? თუ ზემოაღნიშნული სამი API ვერ მოახდენს რევოლუციას საბანკო საქმიანობაში, შესაძლოა, ის რომელიმე სხვა, ახალმა ტექნოლოგიამ ჩაანაცვლოს.
"API-ს ეპოქის დასასრული" — ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში Fluree-ს ერთ-ერთი გენერალური დირექტორი, ბრაიან პლაცი წერს:
"API-ს მიერ დახარისხებული და მონაცემთა ბაზაში შენახული მონაცემების ამოღება ძალიან დიდ დროს გვართმევს. გამოსავალი უკეთესი API-ს შექმნაში როდია; იგი, დიდი ალბათობით, ამოატრიალებს მონაცემთა ბაზას და ინფორმაციის გაფანტვას გამოიწვევს. ბლოკჩეინი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მონაცემებს თავისუფლად მიმოსვლა. დროა, დავასრულოთ API-ს ეპოქა და ბლოკჩეინზე დავფიქრდეთ".
კომენტარები