მიკროსკოპული ცხოველები მიკროპლასტმასის გავრცელებას უწყობენ ხელს — კვლევა
მეფე ჯორჯის კუნძული სამხრეთ შეტლანდის კუნძულებიდან ყველაზე დიდია. ის ანტარქტიდის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილიდან გემით ერთი დღის სავალზე მდებარეობს.
კუნძული, ძირითადად, პინგვინებით და სელაპებით არის დასახლებული, თუმცა იქ რამდენიმე სამეცნიერო ბაზაც არის. მიუხედავად იმისა, რომ თავად კონტინენტთან შედარებით ჰავა აქ უფრო თბილია, ზაფხულშიც კი კუნძულზე ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსამდე იშვიათად ადის და მისი ზედაპირიც თითქმის მთლიანად ყინულითაა დაფარული.
თუ მიკროპლასტმასა დედამიწის ასეთ შორეულ კუთხეშიც მოიპოვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას, სავარაუდოდ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიღწევა შეუძლია.
სამწუხაროდ, მეცნიერებმა მართლაც მიაგნეს მიკროპლასტმასების კვალს კინგ ჯორჯის კუნძულზე მობინადრე უმცირესი ზომის ორგანიზმებში. ძიების შედეგები Society Journal Biology Letters-ში გამოქვეყნდა და მასში ვკითხულობთ, რომ მიკროპლასტმასა ადგილობრივი მიწის და კვებითი ჯაჭვის ინტეგრალურ ნაწილადაა ქცეული.
მიკროპლასტმასას პლასტმასის ისეთ ნარჩენებს ეძახიან, რომელიც ზომაში რამდენიმე მილიმეტრზე ნაკლებია და ხშირად მიკროსკოპულიც კია. პატარა ნატეხები ბუნებაში მოხვედრილ მილიონობით ტონა პლასტმასას ჩამოცილდა და დროთა განმავლობაში უმცირეს ზომებამდე დაქუცმაცდა.
პრობლემა ისაა, რომ პლასტმასა დეგრადაციას ძალიან, ძალიან ნელა განიცდის, რის გამოც ის ბუნებაში დიდი რაოდენობით გროვდება. მიკროპლასტმასა კი უკვე ყველგანაა — ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე და ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილებშიც.
მიკროპლასტმასას უარყოფითი ეფექტების ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრაცია წყლის ეკოსისტემებია. დროთა განმავლობაში აშკარა ხდება, რომ პლასტმასით დაბინძურებას მცენარეებზე და ნიადაგზე უარყოფითი გავლენა აქვს. თუმცა, ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, რამდენად აისახება მიკროპლასტმასით დაბინძურების შედეგები ცხოველების კვებით ჯაჭვზე.
ზემოთ ნახსენები კვლევის მიზანი სწორედ ამის გარკვევა იყო. მისმა ავტორებმა, ტაკრედი კარუსომ, ელისა ბერგამიმ და ილარია კორსიმ, ყურადღება Cryptopygus antarcticus-ზე (ბოლოფეხიანის სახეობა, რომელიც სამხრეთ პოლუსზე ბინადრობს) გაამახვილეს. ბოლოფეხიანები მწერებს გვანან და მსოფლიოს ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
ეს კონკრეტული სახეობა, სხვა ცხოველებთან ერთად, მეფე ჯორჯის კუნძულის წყლებში წყალმცენარეებით იკვებება, რომლებიც, თავის მხრივ, პლასტმასით დაბინძურებულ გარემოში იზრდებიან.
მკვლევრებს აინტერესებდათ, აღმოაჩნდებოდათ თუ არა ბოლოფეხიანებს პოლისტიროლის ნაწილაკები კუჭში. იმის გამო, რომ ეს ცხოველი ზომაში ძალიან პატარაა, პლასტმასის აღმოსაჩენად ინფრაწითელ სპექტროსკოპიას მიმართეს. ამ ტექნოლოგიის დახმარებით მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ მცირე ზომის ბოლოფეხიანებსაც კი კუჭში პლასტმასა ჰქონდათ.
რას ნიშნავს ეს? მიუხედავად იმისა, რომ ბოლოფეხიანები ზომაში ძალიან პატარები არიან, ისინი დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ და ნიადაგის საკმაოდ დიდ მოცულობას ფარავენ. ეს ნიშნავს, რომ ამ ცხოველებს მიკროპლასტმასის ბუნებაში სწრაფად გავრცელება შეუძლიათ, რის შედეგადაც მას მოგვიანებით სხვა ცხოველებიც მიირთმევენ.
იმის დასადგენად, თუ რამდენად საზიანოა მიკროპლასტმასით დაბინძურება სხვადასხვა ტიპის ეკოლოგიურ საშიშროებასთან შედარებით, დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. თუმცა, თუ ბოლოფეხიანები მიკროპლასტმასას ისე ინტენსიურად ავრცელებენ, როგორც ამ კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს ნიშნავს, რომ კვებით ჯაჭვში მიკროპლასტმასა ძირფესვიანად არის გამჯდარი, რასაც, შესაძლოა, ბუნებისთვის დამანგრეველი შედეგები ჰქონდეს.
კომენტარები