კეტამინის დიდი დოზა ცხვრების ტვინს მცირე ხნით სრულიად თიშავს — კვლევა
ცხვრებზე კეტამინის ეფექტის შესწავლის დროს მკვლევრებმა უცნაური რამ შენიშნეს: პრეპარატის დიდი დოზის მიღების დროს მათი ტვინები ითიშებოდა და შემდეგ ისევ უბრუნდებოდა ჩვეულ აქტივობას.
"ეს უბრალოდ ტვინის აქტივობის შემცირება არ ყოფილა. დიდი დოზის შემდეგ მათი ტვინები უბრალოდ გაჩერდნენ, მსგავსი რამ აქამდე არასდროს გვინახავს", — განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგმა და კვლევის თანაავტორმა, ჯენი მორტონმა.
კეტამინი, როგორც წესი, ანესთეზიისთვის, მოდუნებისთვისა და ტკივილის შემსუბუქებისთვის გამოიყენება. თუმცა ბოლო წლებში პრეპარატის გამოყენება დეპრესიისა და სხვა მენტალური პრობლემების დროს დაიწყეს.
ელექტროენცეფალოგრაფიამ პრეპარატის საჭირო დოზის მიღებიდან ორი წუთის განმავლობაში ცხვრებში ტვინის აქტივობის სრული გათიშვა აჩვენა, თუმცა მხოლოდ დროებით.
"რამდენიმე წუთის შემდეგ მათი ტვინი ნორმალურად ფუნქციონირებდა", — განმარტავს მორტონი.
პრეპარატს, შესაძლოა, მსგავსი ეფექტის გამოწვევა ადამიანების შემთხვევაშიც შეეძლოს.
"ცხვრის ტვინის ეს უცნაური ქმედება ადამიანის შემთხვევაში იმ მოვლენას შეგვიძლია შევუსაბამოთ, როდესაც იგი ტვინის და სხეულის განცალკევებას განიცდის. როგორც ჩანს, პრეპარატის მიერ გამოწვეული ტვინის ელექტროიმპულსური რხევა გარესამყაროსგან მიღებული ინფორმაციის ნორმალურად გადამუშავებას უშლის ხელს", — აღნიშნა მორტონმა.
"ჩვენი კვლევის მიზანს კეტამინის ეფექტების შესწავლა არ წარმოადგენდა, თუმცა ეს მოულოდნელი მიგნება, შესაძლოა, პრეპარატის მუშაობის პრინციპების უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს", — განაცხადა მორტონმა.
მორტონის მიხედვით, ეს მიგნება ასევე, შესაძლოა, მკვლევრებს როგორც ჯანმრთელი ტვინის, ისევე დაავადებული ტვინის ფუნქციონირების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში დაეხმაროს.
კვლევა 11 ივნისს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები