კოლიბრებს ისეთი ფერების აღქმა შეუძლიათ, რომლებსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ
ახალი კვლევის მიხედვით, დამატებითი კოლბის წყალობით კოლიბრებს ისეთი ფერების დანახვა შეუძლიათ, როგორსაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს.
კოლორადოში ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, არასპექტრული (მათ შორის ულტრაიისფერი) ფერების დანახვის უნარი, შესაძლოა, შეჯვარების, საკვების მოპოვებისა და მტაცებლებისგან თავდაცვის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს.
ადამიანებს ფერის მიმართ მგრძნობიარე სამი კოლბა გვაქვს, ჩიტებს კი ოთხი. სამი კოლბის წყალობით ადამიანებს ტრიქრომატული ფერების აღქმა შეგვიძლია, რომელიც წითლის, მწვანისა და ლურჯის კომბინაციებით მიიღება.
ამ პროცესის წყალობით ჩვენს ტვინს არასპექტრული ფერების დანახვაც შეუძლია, მაგალითად, იისფრის, რომელიც ლურჯისა და წითლის კომბინაციაა. თუმცა ცხოველებს, რომლებსაც დამატებითი კოლბა აქვთ, უფრო მეტი ფერის აღქმის უნარი აქვთ.
"ადამიანები ამ ჩიტებთან შედარებით დალტონიკები არიან. მათ არა მხოლოდ არასპექტრული ფერების, არამედ პოტენციურად ისეთი კომბინაციების დანახვაც შეუძლიათ, რომლებიც ულტრაიისფერისა და მწვანესგან ან ულტრაიისფერისა და წითლისგან შედგება", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მერი კასველმა.
მკვლევრებმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ მართლა შეეძლოთ თუ არა ჩიტებს მსგავსი კომბინაციების აღქმა. ამისთვის მათ LED მილები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის გამოსახვა შეუძლია, ჩიტებისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის დანადგარებზე დაამაგრეს. ზოგიერთი დანადგარი ტკბილ წყალს შეიცავდა, რომელიც ჩიტებს ძალიან უყვართ, დანარჩენი დანადგარები კი ჩვეულებრივს. ტკბილი და ჩვეულებრივი წყალი განსხვავებული ფერებით იყო აღნიშნული.
მკვლევრები ტკბილ წყალს პოზიციას მუდმივად უცვლიდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩიტები მათ ამოცნობას სწორედ ფერის წყალობით შეძლებდნენ. სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ექსპერიმენტების წყალობით კი გაირკვა, რომ ჩიტები ტკბილი წყლის ამოცნობას მარტივად ახერხებდნენ.
"ულტრაიისფერი + მწვანე და მწვანე სინათლე ჩვენთვის იდენტურად გამოიყურებოდნენ, თუმცა კოლიბრებმა ტკბილი წყლის ამორჩევა, რომელიც ულტრაიისფერი + მწვანე სინათლით იყო მონიშნული, უპრობლემოდ შეძლეს", — აცხადებს კასველი.
"იმის აღმოჩენა, რომ ჩიტებს უამრავი არასპექტრული ფერის გარჩევა შეუძლიათ, მათი მხედველობის შესწავლაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია", — ნათქვამია კვლევაში.
თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესასწავლი. სამომავლო უფრო ზუსტი ექსპერიმენტები, შესაძლოა, ჩიტების მხედველობის ლიმიტების დადგენაში დაგვეხმაროს. ამჟამად ჩვენთვის უცნობია, თუ რა ტიპის ნეირონული მექანიზმის წყალობით შეუძლია მათ ტვინს მსგავსი ფერების აღქმა.
"საინტერესოა, ულტრაიისფერი + მწვანე კომბინაცია მათთვის უბრალოდ ამ ორი ფერის ნაზავი იყო თუ სრულიად ახალი ფერი? ჩვენ ჯერჯერობით ამის თქმა არ შეგვიძლია", — ნათქვამია კვლევაში.
კვლევა 15 ივნისს ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები