Boeing-ის კოსმოსური ხომალდის ინტერიერი CrewDragon-ისგან რადიკალურად განსხვავდება
ათწლეულის წინ, NASA-მ კერძო კომპანიები გამოიწვია — მათ უნდა შეექმნათ ხომალდის მოდელები, რომელთა დანიშნულება ადამიანების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მიყვანა და მათი უკან დაბრუნება იქნებოდა. 2014 წელს კი სააგენტომ კონტრაქტი SpaceX-თან და Boeing-თან გააფორმა.
30 მაისს SpaceX-მა NASA-ს ასტრონავტები თავისი CrewDragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებით გაუშვა. რაც შეეხება Boeing-ს და მის ხომალდს, CST-100 Starliner-ს, მასზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ახლახან Boeing-მა განაცხადა, რომ იგი ფინურ სტარტაპ Varjo-სთან თანამშრომლობს, რათა ასტრონავტებმა ვარჯიში ვირტუალური რეალობის გარემოში შეძლონ.
ამ სიახლესთან ერთად ცნობილი გახდა ხომალდის ინტერიერიც და როგორც აღმოჩნდა, იგი CrewDragon-ისგან ძალიან განსხვავდება.
ხომალდში საზომი ხელსაწყოების პანელები, ჩამრთველები და მონიტორებია განთავსებული —მისი ასეთი დიზაინი ძალიან ჰგავს NASA-ს კოსმოსური შატლის ინტერიერს.
CrewDragon-ის გაშვებისას, NASA-ს ასტრონავტებს, ბობ ბენკინსა და დაგ ჰარლის ხომალდის სამ სენსორულ ეკრანთან მინიმალური კონტაქტი უწევდათ. ფრენის განმავლობაში საქმის უმეტესობას კი ხომალდი ასრულებდა. ასტრონავტებმა ხელით მართვა მხოლოდ ორჯერ, სატესტო გაშვების დროს განახორციელეს.
"ალბათ ყველა პილოტის ოცნებაა, რომ ახალი ხომალდით ფრენის შანსი მიეცეს. მე და ჩემს მეგობარს კი მსგავსი შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა", — განაცხადა ბობ ბენკინმა.
როგორც Boeing-ის ხომალდი, ასევე მისი ლურჯი კოსტიუმიც SpaceX-ის დიზაინისგან ძალიან განსხვავდება.
NASA-მ უკვე დაასახელა სამი ასტრონავტი, რომელიც Starliner-ით 2021 წელს გაფრინდება. თუმცა გაშვების თარიღი ზუსტი არ არის და, შესაძლოა, შეიცვალოს.
კომენტარები