სელფი როგორც ციფრული თაღლითობის პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი
Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს მკვეთრად იმატა ონლაინ თაღლითობამ — სოციალური ქსელებით დაწყებული და გაყალბებული სამთავრობო ტექსტებით, ყალბ საქმიან ელექტრონულ წერილებში არასანდო ბმულების ჩასმით და საეჭვო სატელეფონო ზარებით დამთავრებული. მარტო აპრილის თვეში დიდ ბრიტანეთში 2,500 მსგავსი ფაქტი გამოვლინდა.
მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში თაღლითობასთან ბრძოლის პროგრამამ 160 ათასზე მეტი საეჭვო შინაარსის მქონე ელექტრონული წერილი გამოავლინა.
მართალია, თაღლითობის ყველა ფაქტი არ უკავშირდება ბანკებს ან საბანკო ანგარიშებს, მაგრამ ფინანსური მომსახურების სფეროსთვის ეს მაინც დიდ გამოწვევად რჩება. ამასთან, ეკონომიკური ვითარების დამძიმების პარალელურად სულ უფრო მეტი ადამიანი ხსნის საბანკო ანგარიშს და იღებს კრედიტს.
ასეთ დროს ბანკებს ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში საკუთარი ბიზნესის გადარჩენა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი მომხმარებლების თაღლითობის მზარდი ტალღისგან დაცვა უწევთ. როგორ უნდა მიაღწიოს ბანკმა ორივე მიზანს და როგორ უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კონკრეტული ანგარიშის უკან ნამდვილად მისი მომხმარებელია?
სულ ცოტა ხნის წინ ბანკები ახალი მომხმარებლების რეგისტრაციას მხოლოდ ფილიალში, შესაბამის თანამშრომელთან პირისპირ შეხვედრით ახორციელებდნენ. კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მთელი მსოფლიო, ბანკების ჩათვლით, საკუთარ საქმიანობას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
სელფის მნიშვნელობა
ზუსტად ამიტომ, ფინანსური რეგულირების ორგანო, FCA, ბანკებს და საფინანსო ორგანიზაციებს ახალი მომხმარებლების რეგისტრაციისას მათი იდენტობის გადასამოწმებლად სელფის გამოყენებას ურჩევს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მთლიან პროცესს. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლისკენაც მოწოდებები წლების განმავლობაში ისმოდა. ბანკები, რომლებიც ადამიანის იდენტიფიცირებისთვის ფილიალში მისვლას ითხოვდნენ, დღეს ამ პროცესის გაციფრულების გზაზე არიან.
მომხმარებლის იდენტიფიცირების აუცილებლობას ის მუშაობის პრინციპები მოითხოვს, რომლებსაც დღეს "იცნობდე შენს მოხმარებელს" (KYC) და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის (AML) სახელებით იცნობენ. ბანკს ზემოაღნიშნული პოლიტიკის დარღვევის გამო სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს, რადგან რეგულაციების დაუცველობით ორივე მხარე თაღლითობის მაღალი რისკის ქვეშ დგება.
Experian-ის მონაცემებით, კომპანიების 95% მიიჩნევს, რომ შეუძლია საკუთარი მომხმარებლების ზუსტი იდენტიფიცირება, თუმცა ამ მოსაზრებას მომხმარებელთა 55% არ ეთანხმება. უნდობლობის მაღალი მაჩვენებელი მომხმარებელთა მხრიდან, შესაძლოა, განპირობებული იყოს იდენტიფიცირებისთვის საჭირო ხანგრძლივი პროცედურების გავლით, რა დროსაც ბანკი ხშირად ისეთ დოკუმენტებს ითხოვს, რომელთა მოსაძიებლად მომხმარებელს ბევრი დროის დაკარგვა უწევს.
თაღლითობის დახვეწილ მეთოდებთან საბრძოლველად ბანკები რთულად გასატეხ ტექნოლოგიებს უნდა იყენებდნენ, თუმცა მხოლოდ ტექნოლოგიები პრობლემას ვერ გადაჭრის. უფრო მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების დანახვა უსაფრთხოების გლობალური ექსპერტების თვალით, რომლებიც მარტივად ცნობენ გაყალბებულ დოკუმენტებსა და სახეებს. ამგვარი სტრატეგიის არჩევისას პიროვნების იდენტიფიცირება მოკრძალებული სელფითაც მარტივი იქნება.
ამასთან კავშირშია FCA-ს რეკომენდაცია სელფის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, არა მხოლოდ ბანკები, არამედ მთლიანი ფინანსური სექტორი უნდა გადავიდეს მომხმარებლების ციფრული იდენტიფიცირების მეთოდზე. სელფის და შემდგომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სურათის გადაგზავნით ადამიანის ციფრული იდენტიფიცირება მნიშვნელოვნად ამარტივებს სამომხმარებლო გამოცდილებას და არ აზიანებს უსაფრთხოების მოთხოვნებს. იდენტიფიკაციის ეს გზა, სწორი ტექნოლოგიის შერჩევით, დიდ დარტყმას აყენებს თაღლითურ საქმიანობას.
გამოცდილი ეკონომიკა
ჩვენ სულ უფრო ხშირად ვყიდულობთ ნივთებსა თუ სერვისებს ინტერნეტით და ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად მეტად დამოკიდებულები ვხდებით ციფრულ არხებზე.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შენარჩუნება დღეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ამ რეალობას ვერც ბანკები გაექცევიან. საჭიროა, რომ ბანკი ბაზარზე უსაფრთხოებისთვის დანაკარგის გარეშე ოპერირებდეს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც თავად ბანკისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სელფით იდენტიფიცირების გზამ, შესაძლოა, შედარებით მოწყვლადი ჯგუფები თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს. მაგალითად ავიღოთ ხანდაზმული მოქალაქეები, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომსახურების სისწრაფისა და სიმარტივის უზრუნველყოფა.
რამდენიმე წლის წინ ეს, შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობად ჩაგვეთვალა, რადგან ხანდაზმულები უპირატესობას პირისპირ კომუნიკაციას ანიჭებენ. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, ასაკოვანი ხალხი სულ უფრო ხშირად იყენებს მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკას. ვინაიდან მოხუცები, განსაკუთრებით კი მარტოხელები, უფრო მოწყვლადები არიან თაღლითების მიმართ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.
ცხადია, მობილური ტელეფონი ყველაფერი არაა, რაც ციფრული იდენტიფიკაციისთვის გვჭირდება. ერთია, როცა მობილური ტელეფონით სარგებლობა შეგიძლია და მეორე, როცა საჭიროა, ახალ ციფრულ სერვისებში რეგისტრაციის გავლა და ინტერნეტ ბანკისთვის ანგარიშის შექმნა.
ბანკებმა და ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიამ უნდა უზრუნველყოს პროცესის ვიტრუალურ სფეროში იმგვარი იმიტაცია, რომ ასაკოვანი მოქალაქისთვის ყველაფერი ბანკში მისვლის მსგავსად ნათელი და გასაგები იყოს. მომსახურება უნდა იყოს პერსონალური, მარტივი და სწრაფი, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს უსაფრთხოების უგულებელყოფის ხარჯზე. ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ უფროს თაობას ციფრულ ეკონომიკასთან სრულფასოვანი წვდომა ჰქონდეს.
მოწყვლად ჯგუფებზე საუბრისას მხედველობაში მხოლოდ ხანდაზმულები არ არიან. საგრძნობლად გაიზარდა ბავშვების ონლაინ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული რისკები, რაც თაღლითებისთვის არანაკლებ საინტერესო სამიზნეა. მაგალითისთვის, შავ ბაზარზე ბავშვის ციფრული "სუფთა" იდენტობა დოლარზე ცოტა მეტადაა შეფასებული.
მშობლებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ბავშვის იდენტობის დაცვა ციფრულ სამყაროში. ამისთვის მათ რაც შეიძლება მეტი შეზღუდვის გამოყენება მოუწევთ. არასრულწლოვნის სახელზე საბანკო ანგარიშის გახსნისას მისი იდენტობის დადასტურებით მშობლები მოსალოდნელ რისკებს საგრძნობლად შეამცირებენ.
მარტივად ხელმისაწვდომი ისეთი ციფრული იდენტობები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანური გამოცდილების მეშვეობით დადასტურდება, ძალიან დიდ შესაძლებლობებს უხსნის გზას. ამიტომ დროა, ორგანიზაციებმა მომხმარებელთა მარტივი და უსაფრთხო ონლაინ იდენტიფიცირებისთვის სწრაფად გაატარონ საჭირო ცვლილებები მანამ, სანამ თაღლითები მოძველებული მეთოდებით მუშაობენ.
კომენტარები