აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე — აქამდე ცნობილნი
მკვლევართა აზრით ახალი აღმოჩენა აქამდე ცნობილ შავ ხვრელებთან შედარებით დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა.
ახალი კვლევის მიხედვით აღმოჩენილი შავი ხვრელი იმდენად ახლოსაა, რომ მის გარშემო მოძრავი ვარსკვლავების დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია. ასტრონომების აზრით ეს მხოლოდ "აისბერგის მწვერვალია", რადგან შესაძლოა კიდევ არსებობდეს სხვა შავი ხვრელები, რომლებსაც აღმოვაჩენთ.
ახალი შავი ხვრელი დედამიწიდან 1000 სინათლის წლის მანძილზეა და ის პირველად ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში განლაგებული ობიექტიდან შენიშნეს. ადამიანი, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროდან მოწმენდილ ცაში აიხედება შავ ხვრელს შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევს.
"ჩვენ გაოგნებულები დავრჩით იმ ფაქტით, რომ ეს შავი ხვრელის შემცველი პირველი ვარსკვლავური სისტემაა, რომლის დანახვა ადამიანს შეუიარაღებელი თვალითაც შეუძლია", — აცხადებს პეტრ ჰადრავა, პრაღის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მეცნიერი და კვლევის თანაავტორი.
ყველაფერი ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაზე დაკვირვებით დაიწყო. დაკვირვების მიზანი იყო უკეთ შეესწავლათ ის სისტემები, რომლებშიც ორი ვარსკვლავი გვხვდება. ზუსტად ერთ-ერთი მსგავსი კვლევისას მეცნიერებმა სრულიად მოულოდნელად, ახალ შავ ხვრელს მიაგნეს.
ეს ერთ-ერთი პირველი აღმოჩენილი შავი ხვრელია, რომელიც მის გარშემო არსებულ სხეულებზე დიდ გავლენას არ ახდენს და რის გამოც მისი შემჩნევა აქამდე ვერ ხერხდებოდა. მისი არსებობა სისტემის შიდა ვარსკვლავის ორბიტაზე დაკვირვებით დაადასტურეს, რომელსაც ხელს რაღაც დიდი, იდუმალი ობიექტი უშლიდა.
"უხილავი ობიექტი, რომელიც მზის მასას 4-ჯერ აღემატება მხოლოდ შავი ხვრელი შეიძლება იყოს" — აცხადებს აღნიშნული კვლევის ხელმძღვანელი, სამხრეთ ევროპის ობსერვატორიის მეცნიერი, ტომას რივინიუსი.
უხილავი ობიექტის გარშემო ორი ვარსკვლავიდან ერთ-ერთი წრეს ასრულებდა, რის გამოც ახალი ობიექტის აღმოსაჩენად ასტრონომები სისტემას რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
რივინიუსის აზრით ეს აღმოჩენა შესაძლოა მხოლოდ "აისბერგის მწვერვალი" იყოს და წინ კიდევ ბევრი მსგავსი სიახლე გველოდება.
"საუბარია ასობით მილიონ შავ ხვრელზე, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს აღმოჩენა მოვახერხეთ".
ასტრონომები ვარაუდობენ, რომ კიდევ ერთი სისტემა, რომელიც LB-1 სახელით არის ცნობილი და დედამიწასთან შედარებით ახლოსაა, შეიძლება წარმოადგენდეს სამმაგ სისტემას, რომელსაც ახალ აღმოჩენასთან "წარმოუდგენელი მსგავსება" აქვს.
კომენტარები