შემცირებული ხმაურის გამო ვეშაპები თავს უკეთ გრძნობენ
პანდემიის გამო დაკეტილი ქალაქები ხმაურს მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს ფაქტი კი ბევრ ცხოველზე, მათ შორის ვეშაპებსა და წყლის სხვა ძუძუმწოვრებზე დადებითად ისახება.
მკვლევრებმა ოკეანის სიღრმეებში არსებული სიგნალები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ გემებთან ასოცირებული დაბალი სიხშირის ბგერები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
"ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ წყალქვეშა ხმაური წყლის ძუძუმწოვრებზე გარკვეულ გავლენას ახდენს", — განაცხადა დალჰუსის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ავტორმა დევიდ ბერკლმა.
"იანვრიდან მოყოლებული ხმაურის დონე მუდმივად ეცემა, პირველი აპრილისთვის კი მან ჯამში 4-5 დეციბელი შეადგინა", — თქვა მან.
ხმაურის დონის შემცირება ღრმა წყალში არსებულ საკვლევ ადგილზეც დაფიქსირდა, რომელიც 3 000 მეტრის სიღრმეზე, სავაჭრო გემებიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული. ოკეანეში გემების მოძრაობის შემცირებამ მეცნიერებს წყლის სამყაროზე დაკვირვების შესაძლებლობა მისცა.
"მსგავსი შესაძლებლობა შეიძლება აღარც მოგვეცეს", — განაცხადა კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარმა მაიკლ ფურნეტმა.
11 სექტემბრის ტერაქტის დროს, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკაში გემების ტრანსპორტირება დროებით აიკრძალა, მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ვეშაპებს მშვიდ ოკეანეში დაკვირვებოდნენ. შედეგად გაირკვა, რომ ხმაური უკბილო ვეშაპებში ქრონიკულ სტრესს იწვევდა.
"ჩვენ კუზა ვეშაპების ისეთი თაობა გვყავს, რომელსაც მშვიდი, უხმაურო ოკეანე არასდროს უნახავს", — განაცხადა ფურნეტმა. ჩატარებულმა სამუშაოებმა აჩვენა, რომ ხმაურის გამო ვეშაპები კომუნიკაციის მეთოდებს ცვლიან.
აპრილის ბოლო, როგორც წესი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკაში საკრუიზო გემების სეზონი იწყება, წელს კი პანდემიის გამო ეს არ მომხდარა.
"ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეშაპებზე ის ვიცით, რომ როდესაც ხმაური იზრდება ისინი ერთმანეთს ნაკლებად ეძახიან. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ შანსს ერთმანეთთან მეტი კომუნიკაციის დასამყარებლად გამოიყენებენ", — აცხადებს ფურნეტი.
კომენტარები