პირველი ცნობილი მცურავი დინოზავრი — სპინოზავრის საიდუმლო ამოხსნილია
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ მიაკვლიონ დამაჯერებელ ცნობებს წყალში მცხოვრები დინოზავრების შესახებ. დღეს, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი, რომელსაც მხარს National Geographic Society უჭერს, ადასტურებს, რომ სპინოზავრს, ანუ ყველაზე გრძელ მტაცებელ დინოზავრს, წყალში ცხოვრებაც შეეძლო და თავის გრძელ, ნიჩბისებურ კუდს ცურვისთვის და წყალში ნადირობისთვის იყენებდა.
ჟურნალ Nature-ში პალეონტოლოგი და National Geographic-ის მკვლევრის, დოქტორი ნიზარ იბრაჰიმის კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც მაროკოს საჰარაში, კემ-კემის რეგიონში აღმოჩენილი სპინოზავრის ამჟამად ჩვენთვის ცნობილ ერთადერთ ნამარხს აღწერს. ეს ჩონჩხი აფრიკაში აღმოჩენილი ცარცული პერიოდის დინოზავრის აქამდე ნაპოვნი ყველაზე სრული ჩონჩხია.
კვლევაში სპინოზავრის ნიჩბისებრი კუდი დახასიათებულია, როგორც წყლისთვის ადაპტირების ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება, რაც კი აქამდე ვინმეს უნახავს. აღსანიშნავია, რომ დინოზავრების ერაში წყლის გარემოს რეპტილიების რამდენიმე ჯგუფი იყო შეგუებული, თუმცა ისეთი ნამდვილი დინოზავრები, როგორიც, მაგალითად, სპინოზავრია, აქამდე სრულად ხმელეთის ბინადრებად ითვლებოდნენ.
აღმოჩენილი ნამარხის რეკონსტრუქციით გაირკვა, რომ ეს არსება ზრდასრულ ტირანოზავრ რექსზე უფრო გრძელი იყო და მისი ზომა დაახლოებით 16 მეტრს აღწევდა. გარდა ამისა, დაახლოებით 7-ტონიან მტაცებელს ზურგზე უზარმაზარი აფრის მსგავსი ფარფლი და წაგრძელებული დინგი ჰქონდა.
ახალი კვლევა ცვლის ზოგადად დინოზავრების მრავალფეროვნების შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს, ხოლო კონკრეტულად სპინოზავრს კი სრულიად ახლებურად წარმოგვიდგენს.
ეწვიეთ natgeo.ge-ს და გაიგეთ მეტი ამ აღმოჩენის შესახებ
კომენტარები