რეალურია თუ არა ბიოტერორიზმის საფრთხე? — ბიოლოგიური იარაღის წარსული და მომავალი
2001 წლის ოქტომბერს ამერიკელი ფოტოჟურნალისტი ბობ სტივენსი, რომელიც "American Media"-ში მუშაობდა, მწვავე ბაქტერიული ინფექციით, ანთრაქსით (იგივე ციმბირის წყლული) გარდაიცვალა.
აშშ-ში ანთრაქსის გავრცელება 2001 წლის სექტემბერს მას მერე დაიწყო, რაც ალ-ქაიდას გატაცებული ორი სამგზავრო თვითმრინავი ნიუ-იორკში არსებულ სავაჭრო ცენტრს დაეჯახა და 3 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
აშშ-ის ძალოვანმა სტრუქტურებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ მომაკვდინებელი ბაქტერიის სპორები წერილების მეშვეობით გავრცელდა. ტერორისტებმა ანთრაქსით გაჟღენთილი წერილები უამრავ ამერიკელ ჟურნალისტს და პოლიტიკოსს გაუგზავნეს.
დიდი ხნის მანძილზე, აშშ-ში ეს ბიოტერორიზმის პირველი შემთხვევა იყო, რომელსაც საბოლოო ჯამში 5 ადამიანი ემსხვერპლა. 9 სექტემბერს მომხდარი ტერაქტები გამო განვითარებულმა მოვლენებმა აშშ-ის მთავრობა და მოსახლეობა პანიკით მოიცვა.
2001 წელს მომხდარმა ტერაქტებმა აშშ-ში და დანარჩენ მსოფლიოში ბიოტერორიზმზე და ბიოუსაფრთხოებაზე დებატები განაახლა. აღსანიშნავია, რომ ბიოტერორიზმის ისტორია ალ-ქაიდამდე ბევრად ადრე დაიწყო.
ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა საომარი მოქმედებების დროს შეინიშნება. ამის ნათელი მაგალითები ჯერ კდიევ მეთოთხმეტე საუკუნეში შეგვიძლია ვიპოვოთ.
ბიოტერორიზმი შუა საუკუნეებში
1300-იან წლებში მოსფლიო შავი ჭირით იყო მოცული. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს არც ბაქტერიების და არც ვირუსების არსებობის შესახებ იცოდნენ, მაინც აცნობიერებდნენ, რომ ბევრი დაავადება ადამიანების ურთიერთობით ან ინფიცირებულთან სიახლოვით ვრცელდება.
იმის გაცნობიერება, რომ არსებობენ ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც რაღაც მომაკვდინებელი აქვთ და ამ რაღაც მომაკვდინებლის გავრცელება, სხვა ადამიანთან სიახლოვით შეუძლიათ, შუა საუკუნეების სამხედრო ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი იყო.
ბევრმა გენერალმა და მთავარსარდალმა გააცნობიერა, რომ ადამიანის იარაღად გამოყენება შეიძლებოდა.
1300-ან წლებში, გენოელების კონტროლირებული, ახლანდელ ყირიმში მდებარე კაფას ციხესიმაგრე თათართა არმიამ ალყაში მოაქცია. 1346 წელს ციხესიმაგრეზე თავდამსხმელებში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა, რომელმაც ბევრი ჯარისკაცი იმსხვერპლა.
თათართა არმიამ ცხედრები ტრებუშეტებზე მოათავსეს და გამაგრებულ ქალაქში გატყორცნეს, რამაც ერთ დროს აუღებელი კაფას ციხესიმაგრის დაცემა გამოწვია, გენოელებს კი უკან დახევა მოუწიათ.
შავი ჭირით ინფიცირებული სხეულების იარაღად გამოყენების ეს პრაქტიკა ასწლეულების მანძილზე საკმაოდ პოპულარული იყო. 1 710 წელს შავი ჭირით დაავადებული გვამები, რუსეთ-შვედეთის ომშიც კი გამოიყენებოდა.
1 700-იან წლებში, ამერიკის კონტინენტზე, პოპულაციის კონტროლისთვის დაავადებების გამოყენება ხშირი პრაქტიკა გახდა.
მაგალითად, სერ ჯეფრი ამჰერსტის ბრძანებით, ბრიტანელებმა ადგილობრივ მოსახლეობაში ეგრედწოდებული "ყვავილის ნაჭრების" დარიგება დაიწყეს. ანუ რაიმე ნაჭერი, რომელიც ყვავილის ვირუსით ინფიცირებულებს ემოსათ ან ეფარათ, აბორიგენებს ურიგდებოდათ.
ამან სასურველი ეფექტი იქონია ბევრი ადგილობრივი ტომი, ვინც ბრიტანელთა ექსპანსიას ეწინააღმდეგებოდა მასობრივი გენოცდის მსხვერპლი გახდა.
ბიოტერორიზმი მეოცე საუკუნეში
ბიოტერორიზმმა პოპულარობა მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის დროს ხელახლა ჰპოვა.
გერმანია, რომელსაც ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის მასობრივი პროგრამა ჰქონდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში და საფრანგეთში სპეციალურ აგენტებს გზავნიდა, რომლებსაც ზოონოტური დაავადებების გავრცელება ევალებოდათ.
1915 ანტონ დილგერი აშშ-ში, მერილენდში დასახლდა სადაც ის ცხენებს, რომლებიც ბრიტანეთის ფრონტის ხაზზე უნდა გაგზავნილიყვნენ, ქოთაოთი აინფიცირებდა. რაც, მოგვიანებით ჯარისკაცებს, ფრონტის ხაზზე სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
ბიოლოგიური ტერორიზმის მსგავსი აქტები სხვა ქვეყნებშიც ვრცელდებოდა, თუმცა ბოლო დროს ბიოტერორიზმი რატომღაც პარტიზანულ, სეპარატისტულ და მცირე დაჯგუფებების ტერორისტულ აქტებთან ასოცირდება. ეს სავარაუდოდ აშშ-ში, 2001 წელს განვითარებული მოვლენების გამოა ასეა.
ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ბიოტერორიზმზე უნდა ითქვას, მისი დაბალი ეფექტიანობაა. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როცა ტერაქტებს ახორციელებენ არა სახელმწიფოები, არამედ მცირე დაჯგუფებები.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1972 წელს კოლეჯის ორი მოსწავლე, ალენ შვანდერი და სტეფენ პერა დააკავეს, რომლებიც ჩიკაგოში წყლის მოწამვლას ტიფით და სხვა ბაქტერიებით გეგმავდნენ. სტეფენ პერა საავადმყოფოში მუშაობდა და ბაქტერიულ კულტურებს სწორედ იქ ზრდიდა.
მოგვიანებით ორივე სტუდენტი კუბაში გაიქცა, სადაც შვანდერი 1974 წელს გარდაიცვალა, ხოლო პერა აშშ-ში 1975 წელს დაბრუნდა და პრობაცია გაიარა.
1993 წელს რელიგიურმა დაჯგუფებამ "Aum Shinirikyo-მ" შუაგულ ტოკიოში ანთრაქსი გაუშვა. ეს ტერორისტული აქტიც წარუმატებლად დამთავრდა. ტოკიოს არცერთი მოქალაქე არ დაინფიცირებულა იმიტომ, რომ დაჯგუფებამ ბაქტერიის ვაქცინის შტამი გამოიყენა, რომელსაც სიმპტომატური პასუხისთვის აუცილებელი გენები ეკლდა.
ბიოტერორიზმის ისტორიაზე დაკვირვებისას ერთი ტრენდი მუდმივია. ტერორისტული აქტებისთვის ყოველთვის ბუნებაში გავრცელებული ინფექციური აგენტები გამოიყენება. ხელოვნურ ვირუსების ან ბაქტერიების შესახებ არსებული შეთქმულების თეორიები, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია.
ბიოტერორიზმის პერსპექტივები
რაღაც არნახული პოტენტური ვირუსის ან პათოგენის შექმნა, რომელიც მასობრივ სიკვდილიანობას გამოიწვევს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ ხარჯებს უკავშირდება და წმინდა მეცნიერული გაგებით ძალიან რთულია, ძალიან არაპრაქტიკულია თუ გავითვალისწინებთ, რომ ბუნებაში ისედაც არსებობს უამრავი მომაკვდინებელი პათოგენი.
1980 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილის ვირუსის დაძლევის შესახებ განცხადება გააკეთა. ეს უკურნებელი დაავადება ადამიანებში დიდი ხანია არ გამოჩენილა, თუმცა სასტიკად ვირულენტური ვირუსის შტამები ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის მაღალი უსაფრთხოების ლაბორატორებში ჯერ კიდევ ინახება.
ბევრი შიშობს, რომ ყვავილის ვირუსის ტერორისტული ჯგუფის ან არაადეკვატური მთავრობის ხელში აღმოჩენის შემთხვევაში, მსოფლიო ყვავილის ხელახალი გავრცელების სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება იმიტომ, რომ ყვავილის ვაქცინაციის პროგრამა შეჩერებულია და მოსახლეობა ამ ვირუსისადმი ბევრად მოწყვლადია.
ამის მიუხედავად, ბიოუსაფრთხოების მეოთხე დრონის ლაბორატორიები (ანუ ყველაზე მაღალი უსაფრთხოება) საგულდაგულოდ დაცულია. სწორედ ამიტომ ბევრს სერიოზული ეჭვი შეაქვს მოსაზრებაში, რომ ახალი კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
ასეთი ლაბორატორია მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა და არსებული ტერორისტული დაჯგუფებები მათ სავარაუდოდ ვერასდროს მისწვდებიან. ამას გარდა, ბიოლოგიური ტერორიზმის ერთ-ერთი სირთულე პათოგენების შენახვა და კულტივირებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების პრაქტიკა, ტერორზმის სხვა ფორმებთან შედარებით ამ დროისთვის მაინცდამაინც პრაქტიკული არ არის, ბიოლოგიური თავდასხმის ალბათობა, განსაკუთრებით დიდ ქვეყნებზე, მაინც რეალურია.
ახლა, როცა მსოფლიოში COVID-19-ის პანდემია მძვინვარებს, ბევრი შეთქმულების თეორია წამოიჭრა, თითქოს ეს დაავადება ლაბორატორიაში შექმნეს ან ავი ზრახვების მქონე საიდულო ორგანიზაციებმა გაავრცელეს.
COVID-19-ის ბიოლოგიური ტერორიზმის ფარგლებში განხილვა მეცნიერების მიერ ფართოდ დისკრედიტირებულია. თუმცა, მსგავსი შეთქმულების თეორია რეალური ბიოტერორიზმის განხილვისთვის კარგ ნიადაგს ამზადებს. რეალური ბიოტერორიზმის შემთხვევების განხილვა, იმის კარგი ილუსტრაციაა, თუ რატომაა COVID-19-ის ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების ვერსია უსაფუძვლო.
კომენტარები