ქალაქგარეთ ზაფხულის ჩუმ საღამოს თუ მიაყურადებთ, შესაძლოა, მაღალი სიხშირის წრიპინი გაიგოთ. დიდი ალბათობით, ეს ხმაური ღამურებს ეკუთვნით, რომლებიც ღამის წყვდიადში საკვებს ეძებენ.

მწერებზე მონადირე ყავისფერი ღამურა მსოფლიოში ამ ცხოველის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, თუმცა მის გარდა ათასობით სხვა სახეობაც არსებობს, მათ შორისაა გიგანტური "ოქროს გვირგვინიანი" მფრინავი მელა.

გიგანტური აზიური ღამურა (მფრინავი მელა)

გიგანტური აზიური ღამურა (მფრინავი მელა)

ფოტო: CSIRO

ღამურებს პოპულარულ კულტურაში ცუდი რეპუტაცია აქვთ. ხშირად ისინი ვამპირიზმთან ასოცირდებიან და ბევრგან მათ "მფინავ ვირთხებადაც" მოიხსენიებენ, რომლებიც ადამიანებში ზოონოტურ დაავადებებს ავრცელებენ (COVD-19 ადამიანებში სწორედ ღამურებისგან გავრცელდა, თუმცა დეტალები უცნობია).

ამ ცხოველებისადმი არსებული შიში ხშირად მათ უნიკალურობას ჩრდილავს. აღსანიშნავია, რომ ღამურა ერთადერთი მფრინავი ძუძუმწოვარია დედამიწაზე. ამასთანავე, ისინი ჩვენს პლანეტაზე უკვე ათობით მილიონი წელია ცხოვრობენ და ევოლუციური ბიოლოგებისთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენენ.

ღამურის ყველაზე ადრეული ნამარხები 50 მილიონი წლით თარიღდება — პალეონტოლოგებს ეოცენის დროინდელი ღამურების კბილები, ძვლები და, ხშირ შემთხვევაში, ხელუხლებელი ჩონჩხებიც აქვთ ნაპოვნი, ისეთ ადგილებში როგორებიცაა უაიომინგი და პარიზი.

უძველესი ღამურის ნამარხი

უძველესი ღამურის ნამარხი

ფოტო: Wikimedia Commons

პრეისტორიულ და თანამედროვე ღამურებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ძვლებზე დაკვირვებით, პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ პრეისტორიულ ღამურებს ექოლოკაციის უნარი არ ჰქონდათ და ნადირობისთვის ისინი მეტწილად დახვეწილ ყნოსვას და მხედველობას იყენებდნენ. თანამედროვე ღამურებისგან განსხვავებით, მათ მოგრძო ბრჭყალები ჰქონდათ. 2008 წელს ნაპოვნ 50 მილიონი წლის ღამურას მტევანზე 5 თითი აღმოაჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულებში ადრეულ ღამურებზე ბევრი ინფორმაცია შეგროვდა, მეცნიერებმა დანამდვილებით მაინც არ იციან, როდის განივითარა ამ ცხოველმა ფრენა. ეს საკითხი საიდუმლოდ რჩება.

უცნობია არქაული ღამურების წარმომავლობაც. ზოგადად, გარკვეული ცხოველის წარმომავლობის დადგენა ხშირად მეტწილად ნამარხების მოძიებაზეა დამოკიდებული, რაც ხანგრძლივი და რთული პროცესია. შესაბამისად, დიდი დროის მანძილზე მეცნიერებმა უამრავი ცხოველის წარმომავლობა არ იცოდნენ.

მაგალითად, წლების მანძილზე ვეშაპის წარმომავლობა უცნობი იყო, თუმცა მეოცე საუკუნის მიწურულს აღმოჩენილი ნამარხების დახმარებით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ოკეანის ყველაზე დიდი ბინადრები პატარა ჩლიქოსანი ცხოველისგან განვითარდნენ.

იგივენაირად იდუმალი იყო კუების წარმოშობაც. სიცოცხლის ხეზე ისინი თითქოს უეცრად გაჩდნენ და მათი წარმომავლობის შესახებ დიდი ხნის მანძილზე არაფერი ვიცოდით.

პალეონტოლოგიის ასეთი იდუმალებები მეტწილად ცხოველების ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილებით არის ხოლმე განპირობებული. წყალში მცხოვრები ვეშაპები ხმელეთზე მცხოვრები ცხოველისგან განვითარდნენ, ფრინველები კი გიგანტური დინოზავრებისგან წარმოიქმნენ.

ბირმინგების უნივერსიტეტის მკვლევრის, ემილი ბრაუნის თქმით, ღამურების ისტორიაც იგივე ტრენდს მიჰყვება. ღამურებზე არსებულ პალეონტოლოგიურ მიგნებებში 10 მილიონწლიანი შუალედია. არავინ არ იცის რა ცვლილებები განიცადეს ღამურებმა ამ დროის შუალედში.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ადრეული ღამურები ძირითადად ხშირი ტყეებით დაფარულ რეგიონებში ცხოვრობდნენ, სადაც ნამარხები რთულად ინახება. ბრაუნის თქმით, ტყეებში მოსახლე თანამედროვე ღამურების ნარჩენების პოვნაც რთულია.

ადრეული ღამურის კარგად შენახულ ნამარხებს ძირითადად ტბაში ან ტბის შემოგარენში პოულობენ ხოლმე, იმიტომ, რომ ტბის ფსკერზე ხშირად უჟანგბადო გარემოა, ამ პირობებში კი ძვლები კარგად ინახება.

ფრთამატყლიანა

ფრთამატყლიანა

ფოტო: Vincent St. Thomas / Shutterstock

მიუხედავად ამისა, ადრეული ღამურების წარმომავლობაზე მხოლოდ სპეკულაციები არსებობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ღამურის წინაპრები ფრთამატყლიანების მსგავსი ცხოველებისგან განვითარდნენ, რომლებსაც ფრენა არ შეეძლოთ, თუმცა სპეციალიზირებული კიდურები მათ ჰაერში მცირე დროით გაჩერების საშუალებას აძლევდათ.

ინფორმაციის სიმწირის მიუხედავად მკვლევრები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში, პალეონტოლოგიური გათხრები ღამურების წარმომავლობას მეტ ნათელს მოჰფენს.

მეცნიერთათვის ღამურების აღმოცენების სავარაუდო დროის მონაკვეთი მეტნაკლებად ცნობილია. პროტო-ღამურები, სავარაუდოდ, დინოზავრების გადაშენების შემდგომ პერიოდში გაჩნდნენ, როცა დედამიწაზე არსებული ძუძუმწოვრები მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდნენ.