ყინულის დნობამ ვიკინგების ბილიკი, თოკმობმული ძაღლი და არტეფაქტები გამოავლინა
ნორვეგიის ცენტრაულ ნაწილში, არქეოლოგებმა მთებში გზას მიაგნეს, რომელზეც ვიკინგები ხშირად გადაადგილდებოდნეn. მყინვარზე გაკვალული ბილიკი უძველეს ვიკინგურ არტეფაქტებს ინახავდა.
სამწუხარო ის არის, რომ ეს მიგნება გლობალური დათბობის შედეგად გამდნარმა ყინულის ფენამ გახადა შესაძლებელი.
ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა, ლენდბრინში არსებული უძველესი სავალი გზა არის აღწერილი, რომელიც მკვლევრების ვარაუდით გადასაადგილებლად ადრეული რკინის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით გამოიყენებოდა.
არქაულ სავალ გზაზე მკვლევრებმა უძველესი ხელთათმანები, ფეხსაცმლები, ციგები, ძაღლის ძვლები და საბელი იპოვეს.
ასობით ნაპოვნი ნივთი, თავის დროზე, სავარაუდოდ, შემთხვევით დაიკარგა ან ზოგ შემთხვევაში მოგზაურებმა განგებ დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ამ ნივთებიდან ზოგი ორგანულია, თუმცა ყინულის სქელმა მასამ ისინი 1 200 წლის მანძილზე საგულდაგულოდ შეინახა.
სავალი გზა პირველად 2011 წელს აღმოაჩინეს, კვლევაც დაახლოებით ამ დროს დაიწყო, თუმცა ყინულის დნობასთან ერთად მეცნიერებს უფრო დიდი ფართობის შესწავლის საშუალება მიეცათ.
"აღმოჩენის გაკეთება მეტწილად გლობალური დათბობით განპირობებული ყინულის დნობით გახდა შესაძლებელი", — ამბობს კვლევის თანაავტორი, ლარს პილო. "დნობასთან ერთად არქაული ნივთების და ნარჩენების გადარჩენა ძალიან ამაღელვებელი სამუშაოა... მსგავსი მიგნებები არქეოლოგის ოცნებაა, თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე, ამ საქმის კეთებას თან სევდაც ახლავს".
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს უღელტეხილი მეტწილად საზაფხულო აგარაკებიდან სოფელში დასაბრუნებლად გამოიყენებოდა, თუმცა 700 მეტრიანი ბილიკი შორ მანძილზე გადაადგილებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.
ზოგ ახლადაღმოჩენილ ნივთს ანალოგი არც კი აქვს. "ეს აღმოჩენები იმდროინდელ სასოფლო-სამეურნეო ტიპის საზოგადოებაზე ძალიან ბევრს გვეუბნება", — ამბობს პილო.
ამ გზაზე უამრავი ქვის ნიშნული და თავშესაფარიც კი იპოვეს, რომლებიც ადრეულ მოგზაურებს და მოვაჭრეებს, სავარაუდოდ, ნავიგაციაში ეხმარებოდათ. აღსანიშნავია, რომ ბილიკი ალბათ მეტწილად ზამთარში გამოიყენებოდა. სალი კლდეების თოვლით დაფარვა ცხენებს გადაადგილებაში ეხმარებოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ გზის გამოყენება სავარაუდოდ ქრისტეს შობიდან 300 წელს დაიწყო, 1500 წელს მისი აქტიური გამოყენება სავარაუდოდ შეწყდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მაგალითად, კლიმატის ცვლილება და შუა საუკუნეების შავი ჭირი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა გლობალურმა დათბობამ გახადა შესაძლებელი, არ იფიქროთ, რომ კლიმატის ცვლილება არქეოლოგიისთვის კარგი ამბავია. 2017 წელს მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ზღვის დონის მატება 32 000 პრეისტორიულ არქეოლოგიურ ძეგლს წყლით დაფარვის საფრთხის წინაშე აყენებს.
კომენტარები