რატომ ითხოვს აპლიკაცია Stop Covid მიკროფონზე წვდომას
ახლახან ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის აპლიკაცია Stop Covid წარადგინა.
Stop Covid-ის დაყენებისა და ჩართვის შემდეგ ანდროიდის მომხმარებლები ეკრანზე იღებენ შეტყობინებას, რომ აპლიკაცია წვდომას ადგილმდებარეობის და Bluetooth-ის გარდა მიკროფონზეც ითხოვდა.
ადგილმდებარეობაზე წვდომა აპლიკაციას ფუნქციონირებისთვის სჭირდება, თუმცა მიკროფონი მის ფუნქციასთან კავშირში არ არის.
On.ge აღნიშნული საკითხის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს ტექნიკური უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების სამართველოს უფროსს, ლაშა ენდელაძეს დაუკავშირდა.
"ნებისმიერი აპლიკაციის შემთხვევაში, როდესაც ის Bluetooth-ის აქტივაციას და მასზე წვდომას ითხოვს, იქ ავტომატურად არის მითითებული მიკროფონიც. ეს ნებისმიერი აპლიკაციის შემთხვევაში ასეა. როდესაც აპლიკაციას დააყენებთ, შეგიძლიათ აპლიკაციების მართვის პანელიდან შეამოწმოთ, თუ რაზე ითხოვს აპლიკაცია რეალურად წვდომას. იქ მიკროფონს ვერ ნახავთ", — აცხადებს ლაშა ენდელაძე.
აღნიშული საკითხის დასაზუსტებლად ანდროიდ დეველოპერ მერაბ ტატო კუტალიას დავუკავშირდით.
"დიდი ალბათობით, აპლიკაცია Stop Covid იყენებს Android Nearby ტექნოლოგიას. ზოგადად Bluetooth და Audio ცალკე უფლებებია, თუმცა Android Nearby ტექნოლოგიას სჭირდება ორივე + WiFi, რათა გამართულად და ოპტიმალურად იმუშაოს სხვადასხვა მოდელის მოწყობილობებზე. კერძოდ მიკროფონის გამოყენება ხდება ულტრაბგერების (ყურისთვის შეუმჩნეველი) გამოსაცემად და აღსაქმელად, რათა ტელეფონებმა ასე გაცვალონ ინფორმაცია ერთმანეთთან (ხშირ შემთხვევაში iOS-თან საკომუნიკაციოდ), ისევე, როგორც Bluetooth. ეს ყველაფერი ხდება Android Nearby-ს ფარგლებში და კონკრტეტულ აპლიკაციას არ ანიჭებს შესაძლებლობას ჩაიწეროს აუდიო თავის ფარგლებში. ამჟამად რასაც აპლიკაცია ითხოვს, არის მხოლოდ Android Nearby-ს ნაწილი", — ამბობს ის.
წვდომის უფლებები ანდროიდის აპლიკაციაში თავადაც გადავამოწმეთ. ამისთვის საჭიროა პარამეტრებში შესვლა, შემდეგ უნდა მოძებნოთ Apps ან Applications, შემდეგ კი Stop Covid. სწორედ აქედან ნახავთ თუ რაზე აქვს წვდომა აპლიკაციას.
ამ შემთხვევაში პანელში მხოლოდ ადგილმდებარეობაზე წვდომაა მონიშნული.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Google Play-ზე, ასევე App Store-ზე.
კომენტარები