რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ Stop Covid წარადგინა, ესაა აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ, ხომ არ გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან მაღაზიაში, ქუჩაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას.

აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

როგორ მუშაობს?

Bluetooth-ის საშუალებით აპლიკაცია გარშემო არსებულ ტელეფონებს აფიქსირებს, აღსანიშნავია, რომ Stop Covid არ ინახავს არც თქვენს კოორდინატებს და არც ადგილმდებარეობის რაიმე სხვა მახასიათებელს. აპლიკაცია არც რეგისტრაციას საჭიროებს.

ის მხოლოდ ინახავს, რომ ამა და ამ დროს, ტელეფონი XXXX იმყოფებოდა ტელეფონ YYYY-თან. XXXX და YYYY პირობითი ანონიმური იდენტიფიკატორია, რომელიც ადამიანის პირად ნომერთან ან რაიმე სხვა მონაცემთან დაკავშირებული არ არის. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ბოროტად გამოყენების საფრთხე არ არსებობს.

აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია – კონტაქტის თარიღი, გარკვეული ხანგრძლივობისა (15 წუთზე მეტი) და დისტანციის მქონე შემთხვევები (2 მეტრზე ნაკლები), დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, მომხმარებლების აპლიკაციაში.

საბოლოოდ ეს მონაცემები ერთგვარ მონაცემთა ბაზას ქმნის, სადაც აღნიშნულია, რომელი იდენტიფიკატორები როდის იყვნენ ერთმანეთთან სიახლოვეში.

თუ ტელეფონ YYYY-ის მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდება, ის თავად გადაწყვეტს, გააზიაროს თუ არა ეს სტატუსი აპლიკაციაში. გაზიარების შემთხვევაში კი ტელეფონ XXXX-ს მფლობელს შეტყობინება მიუვა იმის შესახებ, რომ ამა და ამ დროს ეს ორი ტელეფონი ერთმანეთთან სიახლოვეში იმყოფებოდა. ინფიცირებული ასევე თავად გადაწყვეტს გააზიაროს თუ არა ის ადგილმდებარეობები, სადაც ის ბოლოს იმყოფებოდა.

ინფიცირების სტატუსის მიღებისას საჭროა მიუთითოთ თქვენი ტელეფონი, ამის შემდეგ ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებთ დადასტურების კოდს, რომელსაც აპლიკაციაში შეიყვანთ.

იმისათვის, რომ ეს მიდგომა ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, რომ აპლიკაცია მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს.

ის ხელმისაწვდომია როგორც Google Play-ზე, ასევე App Store-ზე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთივე პრინციპით მოქმედი სისტემის ჩამონტაჟებაზე მუშაობს Google და Apple საკუთარ მობილურ ოპერაციულ სისტემებში, iOS-სა და ანდროიდში.