რა ვიცით ახალი კორონავირუსის შესახებ
სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთმა ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფაქტი დაადასტურა. ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.
რა ვირუსთან გვაქვს საქმე?
2019-nCoV კორონავირუსების ოჯახის ახალი წარმომადგენელია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვირუსი აქამდე არასდროს დავიფიქსირებია. ისევე, როგორც სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, 2019-nCoV-ის წყაროს ცხოველები წარმოადგენენ, უფრო კონკრეტულად კი, დიდი ალბათობით, ზღვის პროდუქტები. დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი ქალაქ ვუჰანში ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე იყო ნამყოფი, რომელიც ვირუსის გამო 1 იანვრიდან დროებით დაიხურა და ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდა
ვიცნობთ თუ არა სხვა კორონავირუსებს?
კორონავირუსები ხშირად იწვევენ როგორც უბრალო გაციებას, ასევე უფრო სერიოზულ პრობლემებსაც, მაგალითად, მწვავე რესპირატორულ სინდრომს (SARS). მწვავე რესპირატორული სინდრომი პირველად 2002 წელს ჩინეთში დაფიქსირდა. გაუფრთხილებლობის შედეგად ვირუსი 37 ქვეყანაში გავრცელდა, დაინფიცირდა 8 000-ზე მეტი ადამიანი, 750 კი დაიღუპა. არასათანადო ყურადღების გამო ჩინეთის მთავრობამ ამის გამო კრიტიკა დაიმსახურა.
რა სიმპტომები ახასიათებს ვუჰანის კორონავირუსს?
ვირუსი პნევმონიას იწვევს. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა, ხოლო რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ. გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.
ვრცელდება თუ არა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე?
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ პროვინცია გაუნდუნში ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადადების ორი შემთხვევა დააფიქსირა. თუმცა, როგორც ჩანს, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ისე ადვილად არ ვრცელდება, როგორც ეს მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) შემთხვევაში ხდებოდა. ამჟამინდელი მონაცემებით ჩინეთის მთავრობას ინფიცირების 139 და გარდაცვალების 3 შემთხვევა აქვს დადასტურებული. ლონდონის სამეფო კოლეჯის ექსპერტები მათ მიერ ჩატარებულ სიმულაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი, შესაძლოა, 1 700-ს აჭარბებდეს. ხოლო ნაკლებად მწვავედ მიმდინარე შემთხვევების დაფიქსირება, შესაძლოა, ვერც ხერხდებოდეს.
რას ამბობენ ექსპერტები?
ჩინეთში ახლა საახლწლო სეზონია, რაც გახშირებულ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული. ამის გამო ექსპერტები შიშობენ, რომ კორონავირუსი, შესაძლოა, უფრო ადვილად გავრცელდეს. ისევე როგორც გრიპის დროს, ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ისინი იმყოფებიან, ვისი იმუნური სისტემაც დასუსტებულია.
კომენტარები