ციფრული ტრანსფორმაციის 5 ტრენდი 2020 წლისთვის
ბოლო წლების განმავლობაში ციფრულ სამყაროში მოსალოდნელ სიახლეებსა და ცვლილებებზე საუბარი ერთფეროვანი გახდა — ქლაუდი, ვირტუალური რეალობა, ჭკვიანი მოწყობილობები. საუბარი თითქოს მუდმივად ერთი და იგივე საკითხების გარშემო მიმდინარეობს. 2020 წელს კი, შესაძლოა, ციფრულ სცენაზე მთავარი ადგილები ისეთმა ახალმა ტექნოლოგიებმა დაიკავონ, როგორიც არის 5G, ხელოვნური ინტელექტი, ინფორმაციის ციფრული ანალიტიკა და სხვა.
წარმოგიდგენთ 5 ახალ ტექნოლოგიას, რომელსაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია.
1. 5G
2020 წელს 5G, შესაძლოა, განსაკუთრებით აქტუალური იყოს. ტელეკომუნიკაციების სფეროს გიგანტები მეხუთე თაობის ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ, ბაზარზე ნელ-ნელა ჩნდება 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე სმარტფონებიც. სწრაფი ინტერნეტისა და უფრო სანდო კავშირის გარდა, 5G ქსელი ჭკვიანი მოწყობილობების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. გამოთვლების მიხედვით 2020 წლისთვის ინტერნეტთან 20 მილიარდზე მეტი მოწყობილობა იქნება დაკავშირებული. აქ კი საქმეში 5G ერთვება, რადგან წინა თაობის ქსელები ასეთ რაოდენობის მოწყობილობებთან ეფექტური კავშირისთვის გათვლილი არ არის.
5G მხოლოდ და მხოლოდ სმარტფონებს არ ეხება. ახალი თაობის ქსელი და მისი შესაძლებლობები ყველა იმ ინდუსტრიაზე მოახდენს გავლენას, რომელთანაც შეხება ყოველდღიურად გვიწევს.
2. უფრო სწრაფი Wi-Fi
მიუხედავად იმისა, რომ Wi-Fi 6 და 5G სრულად განსხვავებული რამეებია, 2020 წლისთვის ორივე მათგანი უსწრაფეს უსადენო კავშირს გვპირდება. ეს ორი ტექნოლოგია კი ერთად ის კომბინაციაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის. Wi-Fi 6-ს აქვს პოტენციალი, რომ Wi-Fi 5-თან შედარებით გადმოწერის სიჩქარე სამჯერ გაზარდოს. თუმცა Wi-Fi 6-ის მთავარი ღირებულება მრავალ მოწყობილობასთან ერთდროულად სწრაფი კომუნიკაციის უნარია. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ Wi-Fi ქსელებთან დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა მუდმივად იზრდება, Wi-Fi 5-ს კი ამ მოთხოვნებთან გამკლავება უფრო და უფრო უჭირს.
3. ინფორმაციის ანალიზი დიდი უპირატესობაა
კომპანიები, რომლებიც 2020 წლისთვის ანალიტიკურ სისტემებს არ გამოიყენებენ, 2021 წლისთვის, დიდი ალბათობით, აღარც იარსებებენ. ახლა ბაზარზე მომხმარებლებისგან წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიღება, შეგროვება, დამუშავება და მისი სასარგებლოდ გამოყენება შეიძლება.
როდესაც ყველა სხვა კომპანია პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად კომპლექსურ ალგორითმებსა და ინოვაციურ ხერხებს იყენებს, გადაწყვეტილებების ბრმად მიღება და ინტუიციით მოქმედება ხელსაყრელი აღარაა.
ყველა დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ უკვე იცის, რომ მომავალი ინფორმაციისაა. განსაკუთრებით აქტუალური კი ამ ინფორმაციის პირდამირ რეჟიმში დამუშავებაა. ეს ტრენდი კი ნებისმიერ კომპანიაზე ვრცელდება.
4. ხელოვნური ინტელექტი და მანქანური დასწავლა
თუ ანალიტიკაში რესურსების ინვესტირებას აპირებთ, თქვენ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის გამოყენებაც მოგიწევთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თქვენს ხელში არსებული უსაზღვრო ინფორმაციის დახარისხება, დამუშავება და მისი თქვენ სასიკეთოდ გამოყენება შეძლოთ. ხელოვნურ ინტელექტს რთული მონაცემების დამუშავება ახლა უკვე ძალიან სწრაფად შეუძლია. ამის მიზეზი ისაა, რომ AI-სა და მანქანური დასწავლის ალგორითმები მუდმივად იხვეწება. AI-ს ქმდედითუნარიანობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რაც მათ კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
5. AI, რომელიც ბუნებრივად დაგელაპარაკება
Siri-ს და სხვა მსგავს სერვისებს სრულყოფილებამდე კვლავ ძალიან ბევრი აკლიათ, ხმოვანი მესიჯებით ვერც გამართულ შეტყობინებას აკრეფთ. 2020 წლისთვის, შესაძლოა, მოლაპარაკე AI-მ რეალური ფუნქცია შეიძინოს და სასარგებლო გახდეს. არაერთი პროექტი, მაგალითად, Microsoft Conversational AI ცდილობს, რომ შექმნას პლატფორმა, რომელსაც არა მხოლოდ ადამიანის მოსმენა, არამედ რთული დიალოგის წარმართვა და ემოციების აღქმაც შეეძლება. ასევე იქმნება ჩიპები, რომლებსაც ადამიანის ხმის გამორჩევა სხვა ხმაურისგან განსაკუთრებით ეფექტურად შეუძლია. სამომხმარებლო ტექნოლოგიებში არსებულ AI ასისტენტებში 2020 წლისთვის, შესაძლოა, რევოლუცია ვერ მივიღოთ, თუმცა ჩაიყრება საფუძველი, რომელზეც შემდეგი თაობის, უფრო ეფექტური და ბუნებრივი ხმოვანი ასისტენტები შეიქმნება.
კომენტარები