#არგაჩერდე — დაუჭირე მხარი ქართულ ბიზნესს
იმ პირობებში, როცა მსოფლიო COVID-19-ს სოციალური დისტანციით ებრძვის, ჩვენთვის საყვარელი ობიექტები, სპორტ-დარბაზები, ესთეტიკის ცენტრები, კაფე-რესტორნები და სხვა მრავალი ადგილი ძალიან მოგვენატრა.
Google-ის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საცალო ვაჭრობისა და გართობის კატეგორიაში ადამიანების გადაადგილება 67%-ით შემცირდა. ეს კი ბიზნესზე პირდაპირ აისახება.
კაფეები, რესტორნები და მრავალი სხვა ობიექტიც ცდილობს, რომ ფუნქციონირება დისტანციური სერვისების გამოყენებით განაგრძოს, ანუ საკუთარი პროდუქტი მომხმარებელს შეკვეთის საფუძველზე ადგილზე მიუტანოს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა კომპანია ამას ვერ ახერხებს და, რომც ახერხებდნენ, ეს მათზე ზეწოლას მხოლოდ ნაწილობრივ ამსუბუქებს და არა სრულად.
ასეთი სურათი დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვაქვს.
ზუსტად ამისთვის, საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა პლატფორმა არგაჩერდე, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენთვის საყვარელ ობიექტებს მხარი დავუჭიროთ, გადავრიცხოთ თანხა და სანაცვლოდ მივიღოთ მომავლის შეთავაზება, რომელსაც ობიექტის გახსნისთანავე გამოვიყენებთ.
ამჟამად პლატფორმაზე 50-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.
არგაჩერდე დაეხმარება ბიზნესს შეინარჩუნოს საკუთარი თანამშრომლები და სხვა რესურსები, რაც პანდემიის დასრულების შემდეგ მას ბაზარზე სწრაფად დაბრუნების საშუალებას მისცემს.
არგაჩერდე-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მარტივად გავლა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომლის საქმიანობაც საცალო გაყიდვებს უკავშირდება.
კომენტარები