როგორ მიმდინარეობს გახმაურებული საქმეების განხილვა კორონავირუსის ფონზე
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა გადადებულია, ზოგიერთი კი დისტანციურ რეჟიმში იმართება. მხარეები პროცესის სამართავად ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ. საგანგებო მდგომარეობის გამო შეზღუდულია სხდომაზე დამსწრე პირების, მათ შორის, ჟურნალისტების რაოდენობაც. მოქალაქეთა მისაღებში კი აკრძალულია 20 ადამიანზე მეტის შესვლა.
On.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა ის გახმარებული საქმეები, რომელთა ნაწილს მანამდე კვირაში რამდენჯერმე განიხილავდნენ:
მარიანა ჩოლოიანის საქმე
15 წლის მოზარდისთვის ჩვენების იძულებით მიცემისთვის ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის საქმე არსებითი განხილვის, მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა გაჩერებული. საქმე ერთი თვის წინ უნდა განახლებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო და 23 აპრილს, 15 საათზე ჩაინიშნა. დაზარალებულის ადვოკატი, რეზო აჭარაძე On.ge-სთან განმარტავს, რომ თუკი საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება, საქმეს, სავარაუდოდ, დისტანციურად განიხილავენ. იურისტი იმედოვნებს, რომ დისტანციურ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მასაც მიეცემა. ბოლო რამდენიმე პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.
15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გასული წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.
გიორგი რურუას საქმე
მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმის სასამართლო განხილვა 27 აპრილს, 14 საათზეა ჩანიშნული. პროცესი 31 მარტს უნდა განახლებულიყო, თუმცა ვირუსის გავრცელების გამო გადაიდო.
ბრალდებულის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ თუკი საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, ისინი დისტანციურ განხილვას არ დათანხმდებიან. იურისტი განმარტავს, რომ შეუძლებელია მოწმეთა დისტანციური გამოკითხვა, ამასთან, ასეთ დროს, შეზღუდული იქნება მედიის დასწრება. მისივე თქმით, თუკი განხილვები მაისში განახლდება, შეიძლება, პროცესი 9-თვიან ვადაშიც ჩაეტიოს.
იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ოპოზიციის ლიდერები პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ. ადვოკატი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია რაიმე მოლოდინი ჰქონდეს ამ პროცესში, ვინაიდან რურუა ციხეში პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე ზის:
"ეს არ არის საქმე, სადაც გადაწყვეტილება სამართლებრივი გარემოებებით მიიღება, ცალსახად პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს სასამართლო, როგორი დაკვეთაც არ უნდა იყოს".
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
ფულის გათეთრებაში ბრალდებული ყოფილი ბანკირების საქმის განხილვა უკვე მეექვსე თვეა მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. ამ დროისთვის პროცესი გადადებულია. სასამართლოში ამბობენ, რომ დრო და თარიღი განსაზღვრული ჯერ არ არის და მხარეებს ჩანიშვნისთანავე ეცნობებათ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ახლა პოლიტიკოსები არიან და პარტია ლელოს სახელით აცხადებენ, რომ მომავალ პარლამენტში მანდატებს მოიპოვებენ. ამავე საქმეზეა ბრალდებული TV პირველის დამფუძნებლის მამა, ავთანდილ წერეთელი. პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. ბოლო რამდენიმე პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
ნიკა გვარამიას საქმე რუსთავი 2-ზე
სხვების მსგავსად, დაპაუზებულია ნიკა გვარამიას საქმის განხილვაც. რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან. ეს ბრალი მას გასული წლის აგვისტოში წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გვარამიას საქმის განხილვა დაჩქარებული წესით, კვირაში რამდენჯერმე ინიშნებოდა. როგორც ბრალდებულმა თებერვალში განაცხადა, მოსამართლემ პროცესები ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, არგუმენტით, რომ "ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია". ბოლო სხდომაზე, კორონავირუსის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, ნიკა გვარამიამ პროცესის გადადება მოითხოვა.
ნიკა მელიას საქმე 20 ივნისზე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმის განხილვა 20 ივნისის აქციის საკითხზე გაურკვეველი დროით გადადებულია. როგორც სასამართლოში ამბობენ, პროცესის განახლების ზუსტი დრო და თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამავე საქმეზე ოპოზიციის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი დღეს, 13 აპრილს გამოაცხადეს. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ოპოზიციონერ მელიას 20 ივნისს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. ამ საქმეზე მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს და ისეთი შეზღუდვები დაუწესეს, როგორიცაა სახლიდან გასვლისა და საჯაროდ სიტყვით გამოსვლის აკრძალვა თუ ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება. პროკურატურა აცხადებს, რომ მელია დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. მელიას თქმით კი, მისი მოწოდება ძალადობრივი არ იყო.
ილია ჯიშკარიანის საქმე
არსებითი განხილვის, მოწმეთა გამოკითხის ეტაპზეა შეჩერებული ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის მხრიდან სექსუალური ძალადობის მცდელობისა და ფიზიკური ძალადობის საქმის განხილვაც. პროცესი გადადებულია სხვა დროისთვის.
ილია ჯიშკარიანს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. დეპუტატი ბრალდებას უარყოფს. მისი ვერსიით, თამთა თოდაძემ ყველაფერი მოიგონა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული ოცნების წევრს 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. როგორც სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი, ისე კერეძო კომპანიები დისტანციურად მუშაობაზე გადავიდნენ. ამ პერიოდში სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის, მეტროთი, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ მანქანაში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი და აქედან ორი აუცილებლად უკანა სავარძელზე.
კომენტარები