როგორ ასწავლის Google რობოტს ნამდვილი ძაღლივით სიარულს
Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ოთხფეხა რობოტი ძაღლის ქცევებს მათ მოძრაობაზე დაკვირვებით სწავლობს. მკვლევართა გუნდმა, რომელიც რობოტს აკვირდება, სამუშაოს მიმოხილვა Google AI ბლოგზე გამოაქვეყნეს.
დავალებების შესასრულებლად ცოცხალი არსების მოძრაობების იმიტირება რობოტებისთვის ახალი ნამდვილად არ არის — რობოტულმა მკლავებმა, რომლებიც მანქანებს აწყობენ, საკუთარი საქმის კეთება სწორედ ადამიანის მკლავის მიერ შესრულებული დავალებების იმიტირებით ისწავლეს.
მაგრამ ასწავლო რობოტს ნამდვილი ძაღლის ვიდეოთი, სადაც ის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს, ნამდვილად ახალია. რობოტი ამ შემთხვევაში ოთხფეხა ძაღლი, სახელად ლაიკაგოა, რომელმაც აღნიშნული მეთოდით სიარული, სირბილი და საკუთარ კუდთან თამაშიც კი ისწავლა.
თავდაპირველად კადრები AI სისტემამ გააანალიზა და ვიდეოში ნაჩვენები აქტივობები ლაიკაგოს ანიმაციურ ვერსიად გარდაქმნა. იმისთვის, რომ შესაძლო შეცდომებისთვის თავი აერიდებინათ, გუნდმა სისტემას ვიდეოს თითოეული კადრი აჩვენა. ალგორითმმა კი იმ მოძრაობების ვარიანტები შეიმუშავა, რომლებიც, შესაძლოა, რეალურ ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში გამოსადეგი ყოფილიყო. როგორც კი სისტემამ საჭირო ცოდნის ბაზა შექმნა, მისი "ტვინი" ლაიკაგოში აიტვირთა, რომელმაც ალგორითმის მიერ შექმნილი სიმულაცია აქტივობების სასწავლად გამოიყენა.
ლაიკაგოს ვიდეოს მიხედვით, აღნიშნული ტექნიკა ნამდვილად მუშაობს, მაგრამ გარკვეულწილად იგი სხვა დახვეწილი რობოტულ ცხოველებისგან განსხვავებულია. მაგალითად, უკანა ფეხებზე დგომა ლაიკაგოსთვის ჯერ კიდევ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა Google-ის მკვლევრებს სჯერათ, რომ კვლევების გაგრძელებით მათი რობოტები ცოცხალი არსებების ქცევებს უკეთ ისწავლიან.
კომენტარები