ის ახლა საფრანგეთში ცხოვრობს და ძირითადად, მთარგმნელობითი საქმიანობითაა დაკავებული. საქართველოში პერიოდულად ჩამოდის, თუმცა მიმდინარე ამბებს თვალყურს მუდმივად ადევნებს. მრავალწლიანი დუმილის შემდეგ On.ge-ს ესაუბრა.

თავდაპირველად, იმ მიზეზების გახსენება ვთხოვეთ, რამაც ეკლესიიდან წასვლა აიძულა. თუმცა, მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მასზე საუბრის დრო არ არის და კითხვების დასმა მიმდინარე საკითხების ირგვლივ ურჩევნია.

რატომ არ თმობს პოზიციებს ეკლესია; ვინ არის საპატრიარქოსთვის ღმერთი, თუ არა იესო ქრისტე და წმინდა სამება; რა იცის პატრიარქის მიმართ "პედერასტიის" ბრალდებაზე და რას ფიქრობს ეკლესიის მხრიდან ლგბტქ ადამიანებზე, ქალებზე და სხვებზე თავდასხმის შესახებ — ეს ის საკითხებია, რაზეც ბასილ კობახიძეს ვესაუბრეთ.

ბასილ კობახიძე

დაიბადა 1966 წელს.

განათლება: იურისტი, თეოლოგი.

1986 წლიდან იყო ილია II-ს სტიქაროსანი, 1995 წლიდან მღვდელი.

პარალელურად, წლების განმავლობაში იყო პატრიარქის რეფერენტი და პრესცენტრის ხელმძღვანელი.

1997 წელს ეს თანამდებობები დატოვა საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაციებიდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლის და ფანატიზმის გასაპროტესტებლად.

2003 წელს სინოდმა საპატრიარქოს პოლიტიკის საჯარო კრიტიკისთვის გაფრთხილება მისცა.

2004 წელს მღვდელმოქმედება აუკრძალა.

2007 წლიდან აღარ არის სასულიერო პირი.

2009 წელს პირდაპირ ეთერში გაიხადა ანაფორა.

— საპატრიარქოსთან ღია კონფლიქტში 1996 წლიდან შევედი. გამოვდიოდი რუსული გავლენების გაძლიერების, ასევე, საშინელი კორუფციის წინააღმდეგ. 2000 წელს კი ქრისტიანებს მოვუწოდე არ დამორჩილებოდნენ სინოდის დადგენილებას, რომელმაც უნათლავად ან დედის მუცელში გარდაცვლილი ჩვილები ჯოჯოხეთში გაამწესა. ვაპროტესტებდი სამების ტაძრის მშენებლობას, ვუწოდე პირამიდა და არაქრისტიანული ტაძარი. დაახლოებით ოცი წელი თითქმის ყოველ დღე გამოვდიოდი ეკლესიაში კატასტროფული მდგომარეობის და საზოგადოებაზე გავლენის წინააღმდეგ. 2007 წლის თებერვალში სასულიერო პირობა დავტოვე. ჩავთვალე, რომ ჩემგან ამაზე საუბარს აზრი აღარ ჰქონდა, შეიძლება ჩემი მხრიდან ვერ იღებდა საზოგადოება ამას; ჩავთვალე, რომ შესაძლოა, სხვებიც გამოჩნდნენ, მათ ისაუბრონ. გამოჩნდნენ კიდეც, თუმცა თითზე ჩამოსათვლელნი.

ხშირად წამომაძახებენ ხოლმე, რომ ყოფილი მღვდელი ვარ. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ეს წოდება მეამაყება. დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველაზე საპატიო წოდება სწორედ ყოფილი მღვდლობაა.

ბასილ კობახიძე პირდაპირ ეთერში იხდის ანაფორას

ბასილ კობახიძე პირდაპირ ეთერში იხდის ანაფორას

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება — წითელი ზონა

2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, როცა სასულიერო პირებისა და მრევლის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა დაგმეთ, საჯარო განცხადება არ გაგიკეთებიათ. რატომ გადაწყვიტეთ ახლა?

გადამაწყვეტინა ეკლესიის ქცევამ, დაუნდობელმა ფანატიზმმა ამ საშინელი პანდემიის დროს. ჩავთვალე, რომ ჩემი მოვალეობა იყო გამომეხატა პოზიცია, როცა საპატრიარქო ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება. ეს ხომ არ არის უბრალოდ რელიგიური ორგანიზაცია?! ეკლესია, პატრიარქის ხელმძღვანელობით, არის ერის მთავარი თაყვანისცემის საგანი, რაც დიდი უბედურება და პრობლემაა. ამ დროს, მათ გადაწყვიტეს, რომ დახოცონ ხალხი, ჩაატარონ კოლექტიური თვითმკვლელობა. ამაზე მთავარი პასუხისმგებელი ილია მეორეა და შემდეგ უგნური მღვდლები, რომლებიც ავრცელებენ ბოდვებს და აჩვენებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის საზოგადოებისთვის საშიში ორგანიზაცია.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეკლესიიდან გავრცელების საფრთხეზე დაიწყო საუბარი, ერთ-ერთი მთავარი, რაზეც აქცენტი კეთდება, საერთო კოვზით ზიარებაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია საპატრიარქომ ეს პრაქტიკა დათმოს?

საუბედუროდ, მღვდლების რაოდენობა არის მრავალი, ასევე, მათი დამქაშების, იქნებიან ეს ჟურნალისტები თუ სხვა საზოგადო მოღვაწეები. ისინი ქმნიან დღის წესრიგს და აყენებენ ასეთ აბსურდულ საკითხებს. კოვზზე სპეციალურად საუბრობენ, ჩიხში რომ შეიყვანონ საზოგადოება და მიიჩნეოდეს, რომ მღვდლებმა რაღაცა მისტიური იციან. მერე სერიოზული სახით რაღაცებს ბოდავენ, ეს პრიმიტიული, გაუნათლებელი, უწიგნური და უნამუსო ადამიანები. მე არ მაქვს სურვილი ამ აბსურდულ თემებზე სერიოზულად ვისაუბრო მაშინ, როცა ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. რა კოვზზე შეიძლება ილაპარაკოს ადეკვატურმა ადამიანმა? ეკლესიას პირველს უნდა მოეწოდებინა კარანტინისთვის. ეგენი ნორმალურები რომ იყვნენ და ქრისტიანობის ნატამალი ჰქონდეთ, პირველები უნდა დახმარებოდნენ გაჭირვებულებს, საჭმელი მიეტანათ და ყოველგვარი თხოვნის გარეშე უნდა ეთქვათ მრევლისთვის, რომ ეკლესიაში არ მივიდნენ. ნამუსგარეცხილმა მოსკოვის საპატრიარქომაც კი გააკეთა ეს, რომელიც პირდაპირ კრემლს ემორჩილება.

რატომ ჯიუტობს საპატრიარქო? თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი, ძალაუფლების დემონსტრირების სურვილი თუ სხვა რამ?

უპირველეს ყოვლისა, ეს არის უკიდეგანო ფანატიზმი. რელიგიის, რწმენის და ქრისტიანობის მაგივრად მათ აქვთ ფეტიშიზმი — გაფეტიშება რიტუალის, ეკლესიის შენობების, ზიარების, კოვზის, პატრიარქის. ღმერთის მიმართ არა ქრისტიანული, არამედ ფეტიშისტური დამოკიდებულება აქვთ.

მეორე რა თქმა უნდა არის გავლენები, რისგანაც იღებენ დივიდენდებს და მატერიალურ სიკეთეს. მაგრამ როგორ შეიძლება გავლენის ან ფულის გამო, რომელიც ისედაც აქვთ, ხალხი გაწირონ სიკვდილისათვის?! წინაპრებისგან განსხვავებით, ახლა ხომ პირდაპირ ეთერში ვუყურებთ რა ხდება სხვაგან და რა გველის ჩვენ. მაგრამ აქ კვლავ თავს იჩენს ავადმყოფური მისტიკა, რომელიც ახასიათებს პატრიარქს — ჯერ თქვა ჩვენთან კორონავირუსი არ მოვაო, შემდეგ, დამესიზმრა, რომ ბავშვმა ტალახი წამისვაო. ილია მეორე უკვე წლებია იმდენად არის გაფეტიშებული, რომ ხალხს სჯერა მისი ბოდვის და არ სჯერა საკუთარი თვალების. არ სჯერათ ინფექციონისტებისაც, რომლებიც ასევე ქადაგებენ. ცალკე ტრაგედიაა, რომ გამოცდილი სპეციალისტები, იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარი დარეკონ, იყვირონ, ამბობენ — "შეიძლება საერთო კოვზით გადაედოს", "ჩემი აზრით გადაედება" და ა.შ., თითქოს ეს ბაქტერია ქართველ მართლმადიდებელს არ ეხება და ის რაღაც ჯადოსნური რიტუალებით განიკურნება.

როცა საუბრობთ ფანატიზმზე, გაფეტიშებაზე და იმაზე, რომ საპატრიარქოს ღმერთი იესო ქრისტე არ არის, მიუთითებთ პატიარქ ილია მეორეზე? ის არის მთავარი ღმერთი დღეს ეკლესიისთვის?

ცხადია. ჯერ კიდევ წლების წინ მივწერე წერილი პატრიარქს და ვუთხარი, რომ თქვენი ღმერთი არ არის იესო ქრისტე, იმიტომ რომ იესო ქრისტეს არ სჭირდება ოქროები. მაგათი ღმერთი არის მოლოქი, კერპი, რომელსაც სწირავდნენ ადამიანებს და თოთო ბავშვებს. ეგენიც ასე წირავენ მრევლს და საკუთარ თავს. ეს რელიგია კი არა, კოლექტიური ისტერიაა. მრევლს ჰგონია, რომ ღმერთი დასჯის, რადგან პანდემიის დროს რაღაც რიტუალში არ მიიღო მონაწილეობა. ყველაზე შემაძრწუნებელი არის ის, რომ მარტო არ დადიან, დედებს და მამებს მიჰყავთ საკუთარი შვილები იქ, სასიკვდილო საფრთხეში. ესენი რომ ზომბირებულები არ იყვნენ ჩვენი ეკლესიისგან და უპირველეს ყოვლისა, კათოლიკოს-პატრიარქიგან, საკუთარ შვილებს დააყენებენ საფრთხის ქვეშ?!

საუკეთესო შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს საპატრიარქო?

ერთი თვით ან თვენახევრით უნდა დაკეტონ ეკლესია. არ დაუკეტიათ? 1970 წელს ქოლერა იყო და ძალიან კარგად დაკეტეს. ცხადია, საბჭოთა მთავრობამ უთხრა, მაგრამ თვითონაც არ იყვნენ მაშინ ჭკუიდან ისე შემცდრები, როგორც არიან ახლა. ხალხი რომ დაიხოცება, ამათ პასუხს მაინც არავინ მოსთხოვს, იტყვიან, რომ ღვთის ნება იყო. ამიტომ ერთადეთი პასუხისმგებელი ინსტიტუცია სახელმწიფო უნდა იყოს, რომელსაც ეკლესიასთან მოლაპარაკებების გარდა, სხვა ძალა არ აქვს. ამიტომ მთავრობა პატრიარქს და მის გარემოცვას კულუარულად თუ მოელაპარაკება, სთხოვს და რაღაცებს დაჰპირდება. აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი.

2009 წელს, როცა ანაფორა პირდაპირ ეთერში გაიხადეთ და ეკლესია საჯაროდ დატოვეთ, ფიქრობდით, რომ 11 წლის შემდეგ საპატრიარქოს უფრო მეტი გავლენა ექნებოდა?

როცა მივდიოდი, ეკლესიაში უკეთესობის იმედი არ მქონია. წლებთან ერთად ყველაფერი ვითარდება, ადგილზე არ დგას. ზოგი რამ ვითარდება სიკეთისკენ და ზოგი უარესობისკენ. საქართველოს საპატრიარქო არ შეიძლება სიკეთისკენ განვითარდეს, ეს არის სისტემა, რომელიც აწარმოებს ერთნაირ, დაშტამპულ წევრებს, როგორც მრევლს, ასევე, სამღვდელოებას. სამღვდელოება ხომ ერთნაირად დაუნდობელ, ბნელ, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ რამეებს ლაპარაკობს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, გორში და ა.შ. ისინი მოლაპარაკებულები კი არ არიან. უბრალოდ ჩადებული აქვთ, დაპროგრამებულები არიან ასე. თუ ვინმე კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდა გამოჩნდება, საეკლესიო სისტემა განაგდებს მას და სასულიერო პირებად რობოტ ჯარისკაცებს აწარმოებს. მთელ საქართველოში ერთი-ორი მღვდლის გარდა, ერთნაირად გონებადაბნელებული სამღვდელოება და ეპისკოპოსები გვყავს, რომლებიც პირდაპირ სიკვდილისთვის სწირავენ ხალხს. მთავარი დამნაშავე პოლიტიკური კლასი და ბიზნეს ელიტები არიან, რომლებიც ამათ აფინანსებენ და აფინანსებენ. დღესდღეობით, ფართო მასებშიც ვერ ვხედავ ცვლილების სურვილს, ამიტომ პესიმისტურად ვარ განწყობილი. კრიტიკა არ გაჩნდა მაშინაც კი, როცა ყველა ადამიანს ემუქრება პირდაპირი საფრთხე.

თუმცა, ეკლესიის რეიტინგში მცირე ცვლილებები დაიწყო და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ე.წ. "ციანიდის საქმის" დეტალები გახდა ცნობილი. თქვენ რას ფიქრობთ გიორგი მამალაძის ბრალდებაზე?

ეს მღვდელი უსამართლოდ ზის. სასამართლო უსამართლოდ ჩატარდა, საერო განათლებით იურისტი ვარ და ოდნავ მაინც გამეგება. ეს იყო მყვირალა უსამართლობა. როცა დააპატიმრეს, მაშინ არ განვაცხადე, რადგან ვფიქრობდი, რომ არსებობდა მისი გამოშვების შანსი და ჩემი მხარდაჭერის შემდეგ ნამდვილად არ გამოუშვებდნენ. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ მათ თვალში ვარ სატანის მსახური, მტერი. ასე აღმიქვამს პატრიარქი.

ამ საქმის შემდეგ მორიგი ხმაური ჭყონდიდის აწ უკვე ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიაში" დაანაშაულა. თქვენ წლების განმავლობაში იყავით ეკლესიაში და რა შეგიძლიათ თქვათ ამ ბრალდებაზე? რამდენად აქვს მას საფუძველი?

მიტროპოლიტ პეტრეს უსამართლოდ მოექცნენ, ყოველგვარი საეკლესიო კანონების დარღვევით. მაგრამ საეკლესიო კანონები არავის აინტერესებს, რადგან პატრიარქი, როგორც აღმოსავლელი მონარქი, ისე მართავს ეკლესიას — რასაც უნდა იმას გააკეთებს, ვისაც უნდა გააგდებს. რაც შეეხება ბრალდებებს სექსუალურ გარყვნილებაზე, ილია მეორეს ძალიან ბევრი ცოდვა და ბოროტება აქვს გაკეთებული, ახლაც უდიდეს ბოროტებას სჩადის, მაგრამ მე ვიყავი მისი ახლო თანამშრომელი წლების განმავლობაში, ვუყურებდი მის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას და შემიძლია ვთქვა, რომ ის არ არის არც ჰომოსექსუალი, არც ქალები ჰყოლია საყვარლად, ამ მხრივ ბერობის აღთქმას ასრულებდა. ის ერთადერთ აღქთმას ასრულებდა პატიოსნად, უბიწოების აღთქმას. ამიტომ, არ მესმის რა საჭიროა ტყუილების მოგონება, როცა პატრიარქს უამრავი დანაშაული და ბოროტი საქმე აქვს გაკეთებული.

მათ შორის ალბათ უნდა ვიგულისხმოთ ლგბტქ ადამიანებზე ძალადობის წახალისება, ეპისტოლეები, სადაც ქალებს ქმრის მორჩილებას, ფეხების დაბანას ავალდებულებენ და ემიგრაციაში წასულებს აკრიტიკებენ, ასევე, ბრალდებები აბორტზე.

პატრიარქის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიო მუჯირი გამოვიდა სამების ტაძარში, რომელსაც მე პირამიდას ვუწოდებ და განაცხადა, რომ კორონავირუსი ღმერთმა მოგვივლინა, რადგან ქალები იკეთებენ აბორტს და თურმე კარგად არ ვდევნით ჰომოსექსუალებს. ფეოდალურ პერიოდში, როცა ეპიდემიები მძვინვარებდა, ქრისტიანები ებრაელებს ხოცავდნენ, მაგათ მოწამლეს წყალი და ჰაერიო. მიტროპოლიტმა შიომ სხვა განტევების ვაცები იპოვა. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ როცა ოქრო-ვერცხლში ჩამჯდარი შიო მუჯირი ამ განცხადებას აკეთებდა, გვერდზე ასევე ოქრო-ვერცხლში და ძვირფას ქსოვილებში ჩამჯდარი მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა ედგა, რომელიც პედოფილობის ბრალდებით გამოიქცა ბორჯომის ეპარქიიდან. თითქოს არ იციან. ასეთი უტიფრები, ნამუსგარეცხილები არიან — სერაფიმეს გვერდით დგას ის ბრიყვი შიო მუჯირი და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს.

როგორ გგონიათ, რა არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან?

ახლა ჩემთვის მთავარია, ნაკლები ხალხი დაიღუპოს, როცა ეპიდემია აფეთქდება. იქნებ მთავრობის ლაპარაკით როგორღაც გაეხსნას გონება პატრიარქს და დაკეტოს ეკლესიები. ზოგადად კი, არ მაქვს არანაირი იმედი, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რამე სასიკეთოდ შეიცვლება. ეს გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, მთელი თაობები ამას ვერ მოესწრებიან, ვერ მოვესწრები მეც. 100 წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი.

ფიქრობთ, რომ ამიერიდან უფრო აქტიურად გამოხატავთ თქვენს პოზიციებს, თუნდაც სოციალურ ქსელში?

ამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, ჩემი ცნობიერებაც. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც საზოგადო მოღვაწე, რომ მომხრეებს ვაგროვებდე. როცა სინდისი მაიძულებს, რომ რაღაცაზე ვთქვა ჩემი აზრი, ვიტყვი. თუმცა საეკლესიო სფეროში არანაირი იმედი არ არის არაფრის, ვერც ერთი და ვერც ათი ადამიანი ამას სასიკეთოდ ვერ შემოაბრუნებს.