მოფუსფუსე რობოტები — ფერმებში ახალი თაობის ტექნოლოგიები მკვიდრდება
ილინიოსის უნივერსიტეტის ინჟინრის, გირიშ ჩოვდარის შექმნილი რობოტი — ტერასენტია, შესაძლოა, სოფლის მეურნეობის მომავალი აღმოჩნდეს.
ტერასენტია პატარა ბალახის საკრეჭ მანქანას ჰგავს, თუმცა მისმა გარეგნობამ არ უნდა დაგაბნიოთ. იგი სიმინდის ფერმაში მუშაობს და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მისი მიზანი სიმინდის ნერგების სიმაღლისა და ჯანმრთელობის განსაზღვრაა.
რობოტს დახვეწილი კამერები გააჩნია, რომელიც მას გადაადგილების საშუალებას აძლევს. ტერასენტია, უპილოტო მანქანის მსგავსად, გარშემო ლაზერის იმპულსებს უშვებს. ამ მეთოდით იგი გარემოს ასკანერებს და საკუთარ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. რობოტი სიმინდის ნერგებს სიმაღლის და დიამეტრის მიხედვით ახარისხებს, რათა ფერმერებს ყველაზე ნაყოფიერი ნერგების შერჩევაში დაეხმაროს.
სოფლის მეურნეობაში ფერმერებს მუდმივად უწევთ სხვადასხვა ფენოტიპის მქონე მცენარეების დახარისხება, რათა მომავალში კარგი ნიშან-თვისების მქონე ინდივიდები შეაჯვარონ და ყველაზე ოპტიმალური ჯიშები გამოიყვანონ, რომლებიც ჯანსაღ შთამომავლობას დატოვებენ.
ტერასანტიას მიზანს სწორედ ოპტიმალური ფენოტიპების შერჩევა წარმოადგენს. ჩოვდარის მტკიცებით, რობოტი ამ საქმიანობას ფერმერებზე უკეთ გაართმევს თავს და შესაბამისად ავტომატიზაციის ეს პროცესი სოფლის მეურნეობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
"ფენოტიპების შერჩევის ავტომატიზაცია და რობოტების გამოყენება ბევრად სანდოა", — ამბობს ჩოვდარი.
ავტომატიზაციას სოფლის მეურნეობაში ხანგრძლივი ისტორია აქვს. მანქანური დასწავლა აგრონომიის ავტომატიზაციის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია და ის სოფლის მეურნეობაში უკვე გამოიყენება. მაგალითად, რობოტების მეშვეობით ფერმერები ადგენენ რა რაოდენობის სასუქს ან ჰერბიციდს საჭიროებს მოსავალი.
სოფლის მეურნეობა დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად უფრო მოთხოვნადი ხდება. გაეროს ცნობებით, 2050 წლისთვის პლანეტაზე 9,8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, 2100-ში კი 11 მილიარდზე მეტი.
კლიმატის ცვლილების გამოწვევები, სამეწარმეო მიწის შემცირება და მოსახლეობის ზრდა სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიურ განვითრებას აუცილებელს ხდის.
ჩოვდარის თქმით, ტერასენტიათი რამდენიმე დიდი აგრობიზნესი უკვე დაინტერესდა. ჩოვდარი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ტერასენტია უფრო მოთხოვნადი, ხოლო მისი ფასი კი ხელმისაწვდომი გახდება.
"ჩვენი მიზანია რობოტის ფასი 1 000 აშშ დოლარს არ აღემატებოდეს", — ამბობს ჩოვდარი.
რობოტის გამოყენებას სპეციალური ცოდნა არ სჭირდება — ის სამუშაოს მეტწილად თავისით ასრულებს, შესაბამისად ტერასანტიას გამოყენება ფერმერებს არ გაუჭირდებათ. ათასობით აკრის ფერმის პატრულირებას რამდენიმე ასეთი პატარა რობოტი თავისუფლად შეძლებს.
უფრო პატარა მიწას და მოსავალს კი ერთი ტერასანტიაც ეყოფა.
კომენტარები