პტეროზავრი VS კალმარი — იშვიათ ნამარხს 150 მლნ წლის წინანდელი ბრძოლის კვალი ეტყობა
2012 წელს გერმანიაში, ბავარიის რეგიონში პრეისტორიული კალმარის ნამარხი აღმოაჩინეს. განამარხებული კალმარი იმითაა უნიკალური, რომ მასში უძველესი მფრინავი რეპტილიის კბილია ჩასობილი. მეცნიერებმა მხოლოდ ახლაღა დაადგინეს, რომ ეს კბილი პტეროზავრს ეკუთვნოდა, რომელიც დედამიწაზე 150 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.
ხშირად, განამარხებული სხეულების დეტალურ შესწავლას სხვადასხვა მიზეზის გამო წლები სჭირდება ხოლმე ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 2012 წელს აღმოჩენილ ნამარხზე მეტ ინფორმაციას 2020 წელს ვიგებთ.
როგორც ჩანს, მილიონობით წლის წინ, პტეროზავრსა და კალმარს შორის შეტაკება მოხდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პტეროზავრის მცდელობა, წყლიდან მოეტაცა 30 სანტიმეტრის სიგრძის კალმარი, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მცდელობისას კი პტეროზავრმა მინიმუმ ერთი კბილი დაკარგა.
"პლესიოტეუთმა (კალმარი) თავდასხმა მოიგერია და მტაცებელს დაუსხლტა, შედეგად კი პტეროზავრს კბილი მოტეხა", — განაცხადა კვლევის ავტორმა ჯორდან ბესტვიქმა, – "ეს ნამარხი პტეროზავრის რაციონის და ნადირობის ჩვევების შესასწავლად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა".
პტეროზავრის ჩონჩხი
ფოტო: Tony The Marine
ადრეული ცხოველების დაპირისპირების ამსახველი ნამარხები იშვიათია. კიდევ უფრო მეტად იშვიათია ისეთი ნამარხები, სადაც ბრძოლის შედეგად დატოვებული ნაიარევი ცხოველზე ასე აშკარად არის ასახული.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კალმარს სავარუდოდ ძალიან გაუმართლა. უმეტეს შემთხვევებში მსგავსი დაპირისპირებებისას გამარჯვებული სავარაუდოდ პტეროზავრი იქნებოდა.
კომენტარები