2019 წლის დეკემბერში GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემებით, გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის. ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში დაბინძურებას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება.

GAHP არის ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და გაეროს მიერ დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია, მსოფლიოს ეკოლოგიური დაბინძურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს ქვეყნებს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

გამოქვეყნებული მოხსენება მეტწილად ეყრდნობა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს.

მოხსენებაში გამოყოფილია "ტრადიციული" და "თანამედროვე" ჰაერის დაბინძურება. ტრადიციული ჰაერის დაბინძურება მეტწილად მოიცავს ჰაერის დაბინძურებას დახურულ სივრცეებში, მაგალითად, ქარხნებში, ოფისებში და სახლებში, რაც მეტწილად ცუდი ვენტილაციის და ცუდი სანიტარული მდგომარეობით არის ხოლმე განპირობებული. "თანამედროვე" დაბინძურებაში კი მოიაზრება ჰაერის ისეთი დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია ინდუსტრიული წარმოებით, მხუთავი აირების ემისიებით, ნიადაგის დაბინძურებით და სხვა "ურბანული აქტივობებით".

საქართველო

კვლევის მიხედვით, დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია. დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ინდოეთია. თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონალური სტატისტიკა უფრო რელევანტურია.

კვლევის მიხედვით, ევროპაში დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ ტრაგიკული მაჩვენებლების მასობრივად შემცირება უკვე არსებული ტექნოლოგიებით და პოლიტიკური ცვლილებებით არის შესაძლებელი.