წყალქვეშა ნავი ანტარქტიდის სწრაფად დნობის მიზეზებს გამოიკვლევს
მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა, რომელიც ყინულის ნახევარი კილომეტრის სიღრმეზე გაბურღვას გეგმავს, დანიშნულების ადგილს, ანტარქტიდაში არსებულ ტუეიეტის მყინვარს მიაღწია. აქ, 600 მეტრის სიღრმის ჭაბურღილში მკვლევარები წყალქვეშა ნავს ჩაუშვებენ, რომელიც ყინულის სიღრმეში მიმდინარე პროცესებს გამოიკვლევს.
ტუეიტესის მყინვარი ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მყინვარმა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 54 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. თუ იგი მთლიანად დადნება, ის ზღვის საერთო დონეს 61 სანტიმეტრით ასწევს. ასევე აღსანიშნავია, რომ ტუეიტესი შიდა მყინვარებს აკავებს, რომელთა დადნობის შემთვევაში ზღვის დონე ორ მეტრამდე გაიზრდება.
ახლახან ჩატარებული კვლევების მიხედვით კი გაირკვა, რომ ყინულის დნობის სიჩქარე გაიზარდა.
ეს მყინვარი ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისადგომი ადგილია დედამიწაზე. მკვლევარებს კვირები დასჭირდათ აღჭურვილობის დანიშნულების ადგილამდე მისატანად. მსგავს მკაცრ პირობებში, როდესაც ტემპერატურა -20 გრადუსს უტოლდება, მეცნიერებს მხოლოდ რამდენიმე დღე ექნებათ ყინულის ფენის გასაბურღად და წყალქვეშა ნავის ჩასაშვებად, სანამ ჭაბურღილი ისევ გაიყინება.
"ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად მოქმედება, ამ ყველაფერისთვის სამი ან ოთხი დღე გაქვს", — აღნიშნა გუნდის წევრმა დეივიდ ვოგანმა.
რადარით აღჭურვილი ციგების მეშვეობით მკვლევარები შეძლებენ ყინულის სისქის გაზომვას და გასაბურღი ადგილის მონიშვნას. გასაბურღი მოწყობილო წუთში 1,5 მეტრ ყინულს ადნობს, შესაბამისად გეგმის სისრულეში მოსაყვანად ექვს საათზე მეტი იქნება საჭირო. ნავი აღჭურვილია კამერებით და ინსტრუმენტებით, რომლებიც დაკვირვებისთვისაა საჭირო.
საველე სამუშაოები 2020 წლის მარტამდე გაგრძელდება.
კომენტარები