ჩვენ არა, ნაცები ავრცელებენ ფეიკნიუსებს — ოცნების მესიჯბოქსი FB-ის განცხადების პასუხად
გუშინ, 20 დეკემბერს სოციალური მედიის გიგანტმა Facebook-მა 396 გვერდი და ჯგუფი და ათეულობით ყალბი ანგარიში წაშალა. ამის მიზეზად დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ინფორმაციების გავრცელება დასახელდა, რომლის კვალმა Facebook-ის მკვლევარები მმართველ პარტიამდე, ქართულ ოცნებამდე მიიყვანა.
Facebook VS ოცნება
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები თავს პარტიებად, მედიებად, რეალურ პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად აჩვენებდნენ, მაგრამ ასე არ იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, შეენიღბათ კოორდინირებული მუშაობა, კვალს სარეკლამო კომპანია პანდასთან და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მივყავართ", — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აცხადებს, გვერდები უმეტესად ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდნენ და ავრცელებდნენ ისეთ სოციო-პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეწეოდა.
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. საზოგადოება, რომელიც აქამდეც საუბრობდა მმართველი გუნდთან ასოცირებულ გვერდებსა და დასპონსორებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე, აცხადებდა, რომ მათი არგუმენტები გამყარდა.
ფეისბუქზე სხვადასხვა ჯგუფებში ხუმრობდნენ კიდეც, რომ ქართული ოცნება თავს ვეღარაფრით დაიძვრენდა, რადგან წინა კრიტიკოსებისგან განსხვავებით, მარკ ცუკერბერგს ნაციონალურ მოძრაობის წევრობას ვერ დააბრალებდა. ამ "არგუმენტის" საილუსტრაციოდ მემეებიც კი შეიქმნა.
საზოგადოების ნაწილს მიაჩნდა, რომ დადგა დრო, როცა ქართულ ოცნებას "დანაშაულის აღიარება" მოუწევდა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა.
ისევ ნაცები
ქართული ოცნება ამ საკითხთან დაკავშირებით თითქმის მთელი დღე დუმდა. მედიასაშუალებები ცდილობდნენ მმართველი გუნდის წევრების შეფასებების მოსმენას, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ისინი ან თავს არიდებდნენ ამ საკითხზე საუბარს, ან ტელეფონს არ პასუხობდნენ.
საღამოს გუნდი შეთანხმდა და ერთდროულად რამდენიმე დეპუტატმა ერთი და იმავე შინაარსის განცხადებები გაავრცელა. განსხვავებულად ფორმულირებულ კომენტარებს ერთი ტრადიციული მესიჯბოქსი ჰქონდა: ჩვენ არა — ნაცები. ერთიც კი ახალი: არც ფეისბუქია ობიექტური.
პირველად ამ საკითხზე ოცნების ე.წ.-მა აჯანყებულმა დეპუტატმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ ისაუბრა. On.ge-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ არც Facebook-ის განცხადებას გაცნობია და არც პარტიის პიარსტრატეგიაზე აქვს დეტალური ინფორმაცია, თუმცა კატეგორიულად დაუშვებლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მმართველი გუნდი ამ გვერდების უკან იდგა. ბერაიამ, რომელიც გუნდთან ამ საკითხზე კონსულტაციებს არ ადასტურებდა რამდენიმე საათით ადრე იმავე შინაარსის კომენტარი გააკეთა, რაც მოგვიანებით თანაგუნდელებმა.
"თუ რომელიმე ფიზიკურ პირს ან კომპანიას სურვილი აქვს დააფინანსოს გვერდები, რომლებიც იქნება მიმართული დღევანდელი ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა ბიზნესსა და ართმევდა ქონებას, ეს ქართულ ოცნებას რატომ უნდა დავუკავშიროთ პირდაპირ ვერ ვხვდები", — განაცხადა მან.
დეპუტატი ამბობდა, რომ "ენმ-ზე განაწყენებულებს" შორის მათი მხარდამჭერებიც შეიძლება იყვნენ, რაც მისი თქმით, გასაკვირი არ იქნებოდა. ამავდროულად, ის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციაც ავრცელებს ფეიკნიუსებს და მმართველი გუნდის წევრებსაც ხშირად ესხმიან თავს ბოტები.
"იცით რამდენი ტროლი და ბოტი მინახავს ჩემს ოფიცალურ გვერდზე, რომლებიც ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე უკიდურესად უწმაწური სიტყვებით მლანძღავენ და მაგინებენ მე, ჩემს ოჯახსა და ნათესავებს?... ამის შემდეგ რაზე მესაუბრებით, რომ ტროლები და ბოტები ყავს ქართულ ოცნებას და ეს 400 გვერდი, რომელიც დახურეს მხოლოდ ოცნების იყო და მარტო ქართული ოცნება არღვევს ამ ქვეყანაში წესებს და დანარჩენი ყველა პატიოსნად მუშაობს? ჩვენ არა — სხვები არღვევენ", — განაცხადა მან.
იდენტური, თუმცა ოპონენტების მიმართ უფრო კრიტიკული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. მან უარყო მომხდართან ოცნების კავშირი და იმაზე ნაკლები დრო დაუთმო Facebook-ის განცხადების განხილვას, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობაზე საუბარს.
ბერაიას მსგავსად, მდინარაძემაც ჩვეულებრივ და მოსალოდნელ მოვლენად შეაფასა ის ფაქტი, რომ ოპოზიციურ პარტიას დეზინფორმაციას უვრცელებდნენ:
"გაუქმებული ანგარიშების უდიდესი ნაწილი, ჩანს, რომ მხარს უჭერდა ხელისუფლებას ან ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებზე (რაც პრინციპში არც დიდ სირთულეს წარმოადგენს და არც ტყუილების თქმას საჭიროებს)", — წერს ის.
აქვე მდინარაძემ მოიშველია ბოლოდროინდელი მოვლენები და გაიხსენა სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა, რომელსაც აქამდეც ნაციონალურ მოძრაობას აბრალებდნენ და ახლაც იგივე გაიმეორა.
"მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა ქვეყნის შიგნით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიცადეს სრული ფიასკო, დაკარგეს ის მხარდამჭერებიც, რაც აქამდე ყავდათ, ბოლო კვირების განმავლობაში ისტერიულად, პერსონალურად წერენ ნეგატიურ და ყალბ ინფორმაციებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონკრეტულ წარმომადგენლებს თხოვნით — მათ გააკეთონ ნეგატიური კომენტარები საქართველოს ხელისუფლებაზე. ბოლო დღეებში შეგვიძლია გავიხსენოთ დასავლური ოფიციოზის პოზიციისგან განსხვავებული ერთი-ორი ასეთი განცხადებაც".
საუბარია კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკაზე მმართველი გუნდის მიმართ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო.
მდინარაძემ პარტაქტივად და "მოცლილებად" მოიხსენია ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც დეზინფორმაციული გვერდების წინააღმდეგ ფეისბუქს აწვდიან ინფორმაციას და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად არეპორტებენ.
დეპუტატმა ერთი განსაკუთრებულად საყურადღებო დეტალიც აღმოაჩინა ფეისბუქის გამოძიებაში, რასაც შემდგომში მისმა სხვა თანაგუნდელებმაც გაუსვეს ხაზი.
"ნაცმოძრაობის არც ერთი ბოტი, ფეიკგვერდი თუ ყალბი ანგარიში, რომლებიც პირდაპირ ეწევიან დეზინფორმაციის გავრცელებას და სიძულვილის ენის ტირაჟირებას, facebook-ის მიერ გაუქმებული არ არის".
მდინარაძემ გამოთქვა იმის იდეაც, რომ დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ რეგულაციებზე დაიწყოს მუშაობა და წინასწარ ნაციონალურ მოძრაობასთან გააიგივა ყველა, ვინც ამ იდეას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით დაუპირისპირდებოდა.
და ბოლოს, მან ნიშნისმოგებით აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, მათ არა ტროლები და ბოტები, არამედ ნამდვილები უჭერენ მხარს.
"ნამდვილები, რომლებსაც ვერავინ ვერასდროს მოერევა და ვერავინ ვერასდროს გააუქმებს!"
მდინარაძის სტატუსის შინაარსი ტელეკომპანია იმედის ეთერში გაიმეორა და არგუმენტებით გაამყარა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ადასტურებს ოცნების არანაირ კავშირს მსგავს გვერდებთან და ფეისბუქის რეპუტაციულ პრობლემეზე დაიწყო საუბარი.
"რეპუტაციული პრობლემები ფეისბუქისთვის არახალია. ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ თავად ფეისბუქს მოუწია გამოსვლა აშშ-ის კონგრესში და კონგრესმენების წინაშე ბევრი კითხვისთვის პასუხის გაცემა. აქედან გამომდინარე, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაკავშირებულია პრობლემებთან ფეისბუქის შიგნით და სწორედ აქედან გამომდინარე ეს მათი მცდელობა ემსახურება არაავთენტური ანგარიშების გაუქმებას".
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ფეისბუქს რატომღაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა და ქართული ოცნების მლანძღველების ანგარიშები არ გაუუქმებია და გაიხსენა მაგალითები, რომლითაც მასსა და მის თანაგუნდელებს სოციალურ ქსელში "აბულინგებდნენ".
"ობიექტურობა უნდა იყოს. თუკი აქ საუბარია ამ ნაწილზე, რომელსაც მე არ ვიზიარებ [Facebook-ის განცხადება ხელისუფლებასთან ასოცირებულ გვერდებზე], მაშინ უნდა ითქვას ისიც, რომ უამრავი ფეიკნიუსის გავრცელება ხდება ოპოზიციის მხრიდან".
მმართველი პარტიის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა კი ამ საკითხზე საუბრისას მთლიანად ნაციონალური მოძრაობის არსებობის იდეა დაიყვანა დეზინფორმაციის გავრცელებაზე. მისი მტკიცებით, ოპოზიციურმა პარტიამ იმხელა კრახი განიცადა ქვეყანაში, რომ მხოლოდ ორი გამოსავალი აქვთ დარჩენილი. იონათამიშვილის დასახელებული ორივე მაგალითი მდინარაძის კომენტარშიც შეგვიძლია ამოვიკითხოთ.
- "თუ სადმე კონტაქტი შერჩათ საერთაშორისო ასპარეზზე, ცდილობენ, რომ ნეგატიური მესიჯები მოიპოვონ მათგან. ერთი-ორ შემთხვევაში ეს გამოუვიდათ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ აქაც უფრო მეტად ებრძვიან საქართველოს, ვიდრე ქართულ ოცნებას.
- ის, რაც ჩვეული არის, რომ ვირტუალური ცხოვრებით ცხოვრობენ და ცალკეული გვერდების, მათ შორის არ გამოვრიცხავ თვითონ მათ მიერ შექმნილი გვერდების, დარეპორტებით, ცდილობენ ფონს გასვლას".
მმართველი გუნდის კავშირი ამ გვერდებთან კატეგორიულად გამორიცხა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ცოტნე ზურაბიანმაც. კოლეგების მსგავსად მანაც აღნიშნა, რომ ოპონენტების გავრცელებული ფეიკნიუსები ყოველდღიურად უქმნით მათ პრობლემებს.
Facebook-ის მიმართ ყველაზე კრიტიკული "პრინციპული მაჟორიტარი" დიმიტრი ხუნდაძე აღმოჩნდა. მისი განცხადებით, კომპანიამ უნდა დაასაბუთოს, თუ რის საფუძველზე ადებს ხელს მმართველ გუნდს, თავად კი ტაბულასთან საუბრისას ხელს ოპოზიციას ვარაუდით ადებს.
"სხვათა შორის, ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, რომ არც ერთი რეგისტრირებული ანგარიში არ არის დაბლოკილი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებაზე ავრცელებს რაიმე ისეთ ინფორმაცია. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მაქვს ეჭვი, რომ ეს არის სწორედ აქედან მიწოდებული ინფორმაცია და ამაზე აქვთ რეაგირება.
კი, შეიძლება იყოს მიწოდებული ინფორმაცია. ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში პროფესიონალები რომ არიან, ამაში უნდა დამეთანხმოთ, მაგრამ გაგიჭირდებათ, ვიცი, ამის დადასტურება თქვენ", — განაცხადა მან გამოცემასთან საუბრისას.
ყალბ გვერდები, დეზინფორმაცია და დასპონსორებულ დისკრედიტაცია საქართველოში მოქმედი არაერთი არასამთვრობო ორგანიზაციის კვლევაში იყო ხაზგასმული. ამ კვლევებში ინახება ინფრომაციები აწ უკვე დაბლოკილი გვერდებზეც. არასამთვრობო სექტორი საუბრობდა, რომ ხელისუფლება რუსული ტროლების ქარხანის მეთოდებით მოქმედებს.
გაიგეთ მეტი:
- ქართული პროსახელისუფლებო ტროლები Freedom House-ის ანგარიშშიც მოხვდნენ
- როგორ "აშავებენ" სამოქალაქო პროტესტს
- ვინ არის სამთავრობო ტროლი Avtandil Kereselidze — MDF-ის კვლევა
გაიგეთ მეტი დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე:
კომენტარები