გაუმართლებელი რეგულაციებისა და გენმოდიფიცირებული საკვების აკრძალვის გამო ამ საუკუნეში მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

ოქროსფერი ბრინჯი ჩვეულებრივი თეთრი ბრინჯის გენმოდიფიცირებული ვარიანტია, რომელიც A ვიტამინს შეიცავს, გმო ბრინჯის შექმნის მიზანი განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისთვის ამ აუცილებელი ვიტამინის მიწოდება იყო, რომლის ნაკლებობაც სიბრმავეს და არაერთ დაავადებას იწვევს.

ოქროსფერი ბრინჯი ჯერ კიდევ ორი ათწლეულის წინ შეიქმნა, თუმცა უმეტეს ქვეყანაში ის კვლავ აკრძალულია.

"20 წელი გავიდა და ოქროსფერი ბრინჯი კვლავ არაა ხელმისაწვდომი მათთვის, ვისთვისაც ის შეიქმნა. შესაბამის ქვეყნებში მისი გაზრდა დაშვებული რომ იყოს, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა და მილიონობით ბავშვი არ დაბრმავდებოდა"

ედ რეგისი

A ვიტამინის ნაკლებობა დასავლეთში პრაქტიკულად უცხო რამაა. განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის კი A ვიტამინი, შესაძლოა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს. მიჩნეულია, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში იმაზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია. მისი ნაკლებობის გამო ყოველდღიურად 2 000-მდე ბავშვი იღუპება. ჯამში მსოფლიოში ხუთ წლამდე მყოფი ბავშვების მესამედს A ვიტამინის ნაკლებობა აწუხებს, რაც, ხშირად, სიკვდილით თუ არა, მხედველობის დაკარგვით სრულდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ყოველწლიურად A ვიტამინის ნაკლებობის გამო მხედველობას 500 000-მდე ბავში კარგავს, რომელთაგანაც ნახევარი მხედველობის დაკარგვიდან 12 თვეში იღუპება.

ბეტა-კაროტინი

ბეტა-კაროტინი

ამ პრობლემის გადასაჭრელად მე-20-ე საუკუნის მიწურულს ფრაიბურგის უნივერსიტეტისა და შვეიცარიის მცენარეთა ინსტიტუტის პროფესორებმა, პიტერ ბეიერმა და ინგო პოტრიკუსმა გენეტიკურ ინჟინერიას მიმართეს. მათ ჩვეულებრივი ბრინჯის დნმ-ში ბეტა-კაროტინის წარმომქნელი გენი ჩააშენეს — ეს ოქროსფერი პიგმენტია, რომელსაც ორგანიზმი A ვიტამინის წარმოსაქმნელად იყენებს.

"ბანგლადეშში, ჩინეთში, ინდოეთში და აზიის სხვა ქვეყნებში უამრავი ბავშვისთვის ერთადერთი საკვები რამდენიმე ულუფა ბრინჯია. მათთვის გენმოდიფიცირებული ოქროსფერი ბრინჯი ფასდაუდებელი რამ იქნებოდა", — აცხადებს რეგისი საკუთარ წიგნში, The Golden Rice, რომელიც ახლახან გამოიცა.

ფოტო: Erik de Castro/Reuters

სამწუხაროდ, ოქროსფერი ბრინჯი ამ ბავშვებისთვის კვლავ მიუწვდომელია, რეგისი კი დამნაშავეებზე დაუფარავად საუბრობს. პირველ რიგში, გმო პროდუქტების მთავარი მოწინააღმდეგენი ეკოლოგიური აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფები არიან. განსაკუთრებით შესამჩნევია Greenpeace, რომელიც ოქროსფერ ბრინჯს აქტიურად ეწინააღმდეგება. Greenpeace წლების განმავლობაშია აცხადებს, რომ ცნობები ოქროსფერი ბრინჯის შესახებ ყალბია და მისი შექმნისთვის დახარჯული რესურსები — ფუჭად გაფლანგული.

მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე ჯგუფებს არ ჰქონდათ საკმარისი ძალა, რომ ოქროსფერი ბრინჯის პროექტი შეეჩერებინათ. მთავარი პრობლემა კარტაგენას პროტოკოლმა წარმოშვა. ეს ბიოუსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელსაც მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების უსაფრთხო ტრანსპორტირება და გამოყენება უნდა უზრუნველყო. ის ძალაში 2003 წელს შევიდა.

ა ვიტამინის ნაკლებობა მსოფლიოს მასშტაბით

ა ვიტამინის ნაკლებობა მსოფლიოს მასშტაბით

ყველაზე მძიმე მდგომარეობა წითლად მონიშნულ ქვეყნებშია, შემდეგ კი სტაფილოსფრად, ყვითლად და ჭაობისფრად შეღებილი ქვეყნები მოდის.

კარტაგენას პროტოკოლი ერთ სადავო პუნქტს შეიცავს, რომელიც რიგით მე-15-ეა. ამ პუნქტში ნათქვამია, რომ თუ თანამედროვე ბიოტექნოლოგიის შედეგად მიღებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან გარემოსთვის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს, მისი გავრცელება უნდა შეიზღუდოს. რეგისის თქმით, ოქროსფერი ბრინჯი ამ პუნქტის ინტერპრეტირებით კლასიფიცირდა, როგორც "მავნებელი რამ, მანამ, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება." რაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროდუქტს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი აქვს, უგუნური გადაწყვეტილებაა.

ამის შედეგად, ოქროსფერი ბრინჯის განვითარების ყოველი ასპექტი, იქნება ეს ლაბორატორიული სამუშაო, თუ საველე დაკვირვება რეგულაციების, მოთხოვნების, აკრძალვებისა და ჩახლართული კანონების ქსელში გაეხვა. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გადაიდგა ნაბიჯები, რამაც მდგომარეობა მცირედით გააუმჯობესა, რის შედეგადაც პროდუქტი აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში ხელმისაწვდომი გახდა.

"ოქროსფერი ბრინჯის ხელმისაწვდომობასთან უაზროდ ფრთხილი რეგულაციებითა და შეზღუდვებით ბრძოლამ მილიონობით ადამიანს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა."

ედ რეგისი

პროცესი ახლაც მიმდინარეობს და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის წლის ბოლოს ოქროსფერი ბრინჯი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ფილიპინები და ბანგლადეში, — სადაც ის ბევრად უფრო აუცილებელია, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს ხელმისაწვდომი გახდეს.