როგორ ხსნის მეცნიერება სიზმრებს და რატომ ვხედავთ კოშმარებს
"სიზმრების ახსნა არის უმარტივესი გზა გონების არაცნობიერი ქმედებების შეცნობისაკენ", - აღნიშნა ფროიდმა 1900 წელს თავის ნაშრომში, სიზმრების ახსნა. "დედამიწა სიზმრების გარეშე დამძიმებული და ამოუცნობია", - წერდა ანაის ნინი საკუთარ დღიურში 1940 წელს. "ძველ დროს ხალხს სჯეროდა, რომ ჩვენი სიზმრები სავსე იყო მინიშნებებით მომავლის შესახებ", - ასე უპასუხა ალან დე ბოტონმა პატარა ბავშვს, რომელსაც სიზმრების შესახებ მეტის გაგება სურდა. მაინც, რას წარმოადგენენ სიზმრები და რატომ ვხედავთ მათ? თანამედროვე ფსიქოლოგიის დახმარებით ოცნების არსის შესახებ დღეს გაცილებით მეტი ვიცით, მაგრამ, - როზალინდ კარტრაიტის სარწმუნო კვლევის გარდა, რომელიც სიზმრების და REM ფაზის, იმავე სწრაფი ძილის როლს ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებაში აანალიზებს, - სიზმრების შესწავლის პროცესი ფროიდის მერე დიდწილად ერთ ადგილს ტკეპნის.
2012 წელს გამოცემული სამეცნიერო წიგნი, სიზმრების სამყარო: თავგადასავლები ძილის უცნაურ მეცნიერებაში, გვიყვება იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც გვძინავს და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენზე ღვიძილის ყოველ მომენტში. მისი ავტორი, დევიდ კ. რენდალი მიმოიხილავს ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ კვლევებს იმის შესახებ, თუ რატომ ვხედავთ სიზმრებს.
ფროიდის თეორიებს, რომლებიც იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ სიზმრების სიმბოლიზმში კოდირებულია ჩვენი (ძირითადად, სექსუალური ხასიათის) ქვეცნობიერი სურვილები და შფოთვები, სისტემატურად ეწინააღმდეგებოდნენ და უგულებელყოფდნენ მთლიანი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში. თუმცა ეფექტიანი ალტერნატიული თეორიის შექმნა დიდად ვერავინ შეძლო. ფსიქოლოგიის პროფესორი, კალვინ ჰოლი პირველი იყო, ვინც 1950-იან წლებში ადამიანების სიზმრების ჩაწერა და დახარისხება გადაწყვიტა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა სინათლის სხივი, რომელმაც ფსიქოლოგიის სფეროში არსებული ამ საიდუმლოს გარშემო დასადგურებული ბინდის გაფანტვა დაიწყო. რენდალი ჰოლის იმ ემპირიულ აღმოჩენებზე საუბრობს, რომელიც ფროიდის თეორიებს დიამეტრულად ეწინააღმდეგება:
ჰოლი 1985 წელს გარდაიცვალა, მაგრამ იმ დროისთვის სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანებისგან 50 ათასზე მეტი სიზმრის ჩაწერა მოასწრო. ამ ზომის მონაცემთა ბაზის დასამუშავებლად მან კოდირების სისტემა შეიმუშავა, რომელიც, არსებითად, ისე შეისწავლიდა თითოეულ სიზმარს, თითქოს მოთხრობა ყოფილიყო. უამრავ სხვა დეტალთან ერთად, იგი იწერდა იმას, თუ სად ვითარდებოდა სიზმრის მოქმედება; აღნუსხავდა პერსონაჟების რაოდენობას და მათ გენდერს, ყველა დიალოგს და იმასაც კი, საშიში იყო თუ სასიამოვნო ესა თუ ის სიზმარი. ჰოლი ასევე ინიშნავდა დამსიზმრებელთა ისეთ ზოგად მონაცემებს, როგორიცაა ასაკი, გენდერი და საცხოვრებელი ადგილი.
ჰოლმა სიზმრების ახსნის სამყარო მონაცემების დამუშავების სამყაროს შეახვედრა. მან ციფრები და სტატისტიკური სიზუსტე შეიტანა სფეროში, რომელიც ორ უკიდურესობას შორის იყო გახლეჩილი. მეცნიერმა გამოიკვლია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად, სამსახურის შესახებ სიზმრების ყველაზე მოსალოდნელი ეფექტი. ბედნიერი იქნებოდა მისი დამსიზმრებელი? თუ გაბრაზებული? რეალობასთან მიახლოვებული იქნებოდა ამბავი თუ სიზმრის პერსონაჟები უცნაურად და შეუსაბამოდ მოიქცეოდნენ? თუ პროგნოზირებადი ეფექტის აღმოჩენა შესაძლებელი იქნებოდა, მაშინ იმ დასკვნის გაკეთებაც გონივრული გახდებოდა, რომ სიზმრები გარკვეულ ლოგიკას ემორჩილებიან; და, ამასთან, მათ რაღაც მნიშვნელობაც აქვთ.
ჰოლის დასკვნა ფროიდის დასკვნის საწინააღმდეგო აღმოჩნდა. მისი კვლევის მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ სიზმრები შეფარული სიმბოლოებით იყოს დახუნძლული, მათი უმეტესობა თვალშისაცემად პირდაპირი და პროგნოზირებადია. სიზმრების სიუჟეტები იმდენად თანმიმდევრული იყო, რომ იმის გასაოცარი სიზუსტით წინასწარმეტყველებისათვის, თუ როგორ განვითარდებოდა მათში მოვლენები, ჰოლს მხოლოდ მონაწილე პერსონაჟების ცოდნა სჭირდებოდა. სიზმარს, სადაც ჩნდება კაცი, რომელსაც დამსიზმრებელი რეალურ ცხოვრებაში არ იცნობს, თითქმის ყოველთვის ისეთი სიუჟეტი აქვს, რომელშიც უცნობი აგრესიას ავლენს. ზრდასრულებს, ძირითადად, ის ადამიანები ესიზმრებათ, რომელთაც რეალურად იცნობენ, ხოლო ბავშვები ძილში უფრო ხშირად ცხოველებს ხედავენ. კაცის სიზმარში, დაახლოებით, ოთხიდან სამი პერსონაჟი ასევე კაცი არის ხოლმე, ხოლო ქალები თანაბარი რაოდენობის ქალებს და კაცებს ხედავენ. ადამიანების სიზმრების უმეტესობა მათ სახლებსა და ოფისებში ვითარდება. თუ სადმე წასვლას გეგმავენ, მათ ესიზმრებათ, რომ მანქანებს ატარებენ ან ფეხით მიდიან. და ალბათ არავის გაუკვირდება, რომ სტუდენტებს უფრო ხშირად ესიზმრებათ სექსის სცენები, ვიდრე - შუახნის ხალხს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰოლმა აღმოაჩინა, რომ სიზმრების სამყარო შორსაა სიურეალისტური საოცრებათა ქვეყნისგან, სადაც ჩვენი წარმოსახვა უკონტროლოდ დაეხეტება. ამის სანაცვლოდ, სიზმარი არის ჩვენი ყოველდღიური შფოთვების მოკვლევა რეალობასთან მხოლოდ ოდნავ დაშორებულ გარემოში.
ჰოლის მიერ გაწეული შრომის მიუხედავად, დღემდე ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული თეორია არსებობს. მეცნიერი ერნესტ ჰარტმენი ძილში ნანახის შინაარსს და ამ შინაარსით გაცხადებულ სიზმრების შესაძლო ფუნქციებს შეისწავლის.
ჰარტმენი სიზმრებს თანდაყოლილ ღამის თერაპიად განიხილავს. მისი თქმით, ის, რაც ჩვენთვის ახალი ან შემაწუხებელია, სიზმარში ტვინისთვის უკვე ნაცნობ გრძნობებთან და მოვლენებთან ზავდება და ამით ახალი ინფორმაცია ნაკლებად უცხო და შემაშინებელი ხდება. ჰარტმენი ასევე ამბობს, რომ კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპებზე ადამიანის ცხოვრება სავსე იყო ისეთი ტრავმებით, რომელთაც დღეს ძალიან ცოტა ადამიანი თუ განიცდის - მაგალითად, ჩვენი წინაპრები ხშირად უყურებდნენ, როგორ ხოცავდნენ ცხოველები მათ ახლობლებს თავიანთი ბასრი ეშვებით. მათ, ვინც ტრავმული გამოცდილების შემდეგ შეძლებდნენ ემოციური წონასწორობის შენარჩუნებას, გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც უარყოფით მოვლენებზე კონცენტრირდებოდნენ.
საკუთარი თეორიის გასამყარებლად ჰარტმენი მიგვითითებს იმ ფაქტზე, რომ ადამიანის გონება სიზმრებში საშიშ და მტანჯველ გამოცდილებას მისი გადატანიდან რამდენიმე ღამის განმავლობაში თითქმის ზუსტად ისე იმეორებს, როგორც ის რეალურად მოხდა. თუმცა ზოგი ადამიანის შემთხვევაში ტვინი ჩახვეული კასეტასავით ვერაფრით წყვეტს ერთი და იმავე ტრავმული გამოცდილების გამეორებას. როდესაც ტვინი მოვლენის გრძელვადიან მეხსიერებაში გადატანას ახერხებს, მკვლევრები ამ ნაბიჯს იმის ნიშნად მიიჩნევენ, რომ ემოციური სისტემა მზადაა მომხდარის მისაღებად და გადატანილის გვერდიდან დანახვა შეუძლია. როცა ეს ვერ ხერხდება, ადამიანი, შესაძლოა, განმეორებითი კოშმარებით დაიტანჯოს. ეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია.
რაც უნდა უსიამოვნოდ ჟღერდეს ეს ყველაფერი, უნდა გვახსოვდეს, რომ სიზმრებს საწინააღმდეგოს გაკეთებაც ძალუძს - მათი მეშვეობით ტვინს შეუძლია, მოინელოს და მოაწესრიგოს უარყოფითი ემოციები.
ამავე თემაზე:
კომენტარები