"გეი გენი" არ არსებობს, ჰომოსექსუალობა მრავალი გენის კომბინაციაა — მასშტაბური კვლევა
დიდი ხანია არსებობს კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ გავლენას გენები ჩვენს სექსუალობაზე.
დღეს გამოქვეყნდა ჰომოსექსუალური ქცევის გენეტიკური ბაზისის შესახებ ჩატარებული ყველაზე დიდი კვლევა, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ ჰომოსექსუალობაში გენეტიკა როლს ნამდვილად თამაშობს. კვლევის მიხედვით, ჰომოსექსუალური ქცევის დაახლოებით მესამედზე პასუხისმგებელი სწორედ გენეტიკაა. ეს გავლენა მრავალი გენითაა განპირობებული, რომელთაგანაც თითოეულს საკითხზე მხოლოდ მცირე გავლენა აქვს. დანარჩენ გავლენაზე კი პასუხისმგებელი სოციალური და გარემო ფაქტორებია, რაც მხოლოდ გენეტიკით ადამიანის სექსუალობის განსაზღვრას შეუძლებელს ხდის.
"იმედი მაქვს, მეცნიერების გამოყენებით შევძლებთ ხალხს ავუხსნათ, რამდენად ბუნებრივი და ნორმალურია ჰომოსექსუალური ქცევა. ჰომოსექსუალობა ჩვენს გენომში და სახეობაშია ჩაწერილი. ის ჩვენი ბუნებრივი გარემოს ნაწილია", — აცხადებს კვლევის ავტორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის გენეტიკოსი ბენჟამინ ნილი.
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და აშშ-ს სხვა სამთავრობო სააგენტოების მიერ დაფინანსებულ კვლევაში ნახევარი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჰომოსექსუალ ქალებსა და კაცებში გენეტიკური თავისებურებები აღმოაჩინეს.
მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ ჰომოსექსუალობაზე პასუხისმგებელი გენები ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ხასიათის თავისებურებებთანაც იყო კავშირში, თუმცა ავტორების თქმით, ეს, შესაძლოა, უბრალოდ საზოგადოების წნეხის შედეგი იყოს.
სტატიის გამოქვეყნებამდეც კი, კვლევამ არაერთი დებატი და კამათი გამოიწვია. მეცნიერებმა, რომლებიც ქვიარ თემის წარმომადგენლები არიან, განაცხადეს, რომ კვლევამ, შესაძლოა, ადამიანებს, რომლებსაც მეცნიერების გამოყენება დისკრიმინაციის მიზნით სურთ, გარკვეული საფუძველი მისცეს.
ერთ-ერთი საშიშროება ისაა, რომ ჰომოსექსუალობის გენეტიკური საფუძვლების დამტკიცების შედეგად ჰომოფობებმა, შესაძლოა, ამის აღსაკვეთად გენური ინჟინერიის გამოყენებაზე ან ემბრიონების გადარჩევაზე დაიწყონ საუბარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ტექნიკურად შეუძლებელი იქნება.
კიდევ ერთი საშიშროება ისაა, რომ ამ კვლევამ, რომელიც გენეტიკის მხოლოდ ნაწილობრივ პასუხისმგებლობას აღიარებს, შესაძლოა, წაახალისოს კონვერსიული თერაპიის მხარდამჭერი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჰომოსექსუალობა სრულად არჩევანია.
მეცნიერებმა 408 000 ქალისა და კაცის გენეტიკური ინფორმაცია გააანალიზეს, რომელიც ბრიტანული მონაცემთა ბაზიდან, U.K. Biobank-დან მოიპოვეს. კვლევის მონაწილეებს გენეტიკური ინფორმაციის გარდა 2006-2010 წლებში ვრცელი, დეტალური კითხვარებიც ჰქონდათ შევსებული, რომლებიც მათ ქცევას ეხებოდა. ამ დროს მონაწილეების ასაკი 40-დან 69 წლამდე მერყეობდა. მეცნიერებმა ასევე გამოიყენეს გენეტიკური ტესტირების კომპანია 23andMe-ს 70 000 მომხმარებლის მონაცემიც, რომელთა საშუალო ასაკი 51 წელი იყო. უმეტესობა მათგანი ამერიკელი იყო და გენეტიკური მონაცემების გარდა მათ სექსუალური ორიენტაციის შესახებ კითხვარი ჰქონდათ შევსებული. ყველა მათგანი ევროპული წარმოშობის თეთრკანიანი იყო. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც კვლევის განზოგადების არეალს ზღუდავს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხუთი გენეტიკური ვარიაცია, რომელიც ჰომოსექსუალურ ქცევასთან ცალსახად იყო კავშირში.
ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროფესორის და კვლევის თანაავტორის, ბრენდან ზიტსჩის თქმით, მიღებული შედეგი აუცილებლად არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ფაქტორები სრულად კულტურულია.
"მაგალითად, მიჩნეულია, რომ ისეთი არაგენეტიკური ფაქტორები, როგორიც არის საშვილოსნოში ჰორმონების განაწილება, ამ საკითხში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს", — აცხადებს ის The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
"მე ამ კვლევის გამოქვეყნებას ძლიერად ვეწინააღმდეგები. ამ შედეგების არასწორად ინტერპრეტირება ძალიან მარტივია", — აცხადებს გენეტიკოსი სტივენ რეილი.
"ადამიანები, რომლებიც ასეთ საკითხებზე კვლევების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, უნებლიედ ემხრობიან მსგავსი თემების სტიგმატიზირებას", — აცხადებს კვლევის გუნდის ერთ-ერთი წევრი და ჰარვარდის სოციოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი რობი ვიდოუ.
ბენჟამინ ნილის თქმით, ეს კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს შორის არსებული განსხვავებები ჩვენი არსებობის ბუნებრივი და დამახასიათებელი კომპონენტია.
"ეს განსხვავებები და მრავალფეროვნება ლამაზი და მშვენიერია", — აცხადებს ის.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები