კლიმატის ცვლილება: სვალბარდში 200-ზე მეტი ირემი შიმშილით მოკვდა
გასულ ზამთარს სვალბარდში 200 დაღუპული ირემი (Rangifer tarandus platyrhynchus) იპოვეს. სვალბარდში ირმების პოპულაციის მონიტორინგი 1978 წელს დაიწყო, მას შემდეგ კი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიაზე ამ რაოდენობის ირემი დაიღუპა.
ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, წელს ირმებისთვის განსაკუთრებით მსუბუქი ზამთარი იყო, რამაც ხშირი წვიმები და საბოლოოდ საკვების ნაკლებობა გამოიწვია. გადარჩენილი ირმების დიდი ნაწილი კი ზედმეტად გამხდარი იყო.
"ამდენი მკვდარი ირმის პოვნა შემაშფოთებელია. ეს ცხადი მაგალითია იმისა, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ბუნებაზე", — აცხადებს ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის ეკოლოგი ონვიკ პედერსენი.
სვალბარდის ირემი არქიპელაგის ენდემური სახეობაა და ის ადგილობრივი ეკოსისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათი რაოდენობის უეცარი ცვლილება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და ეკოსისტემის ბალანსს დაარღვევს.
საკვების ნაკლებობის მიზეზი, ეკოლოგების თქმით, მომატებული ტემპერატურაა. ეს ზამთარში გახშირებულ წვიმებს იწვევს, მოსული ნალექი შემდეგ იყინება და ყინულის სქელ ფენას წარმოქმნის. ირმებს, როგორც წესი, თოვლის გათხრა და ქვემოთ არსებული მცენარეული საკვების მოპოვება შეუძლიათ, თუმცა ისინი ყინულის საფარს ვერ ტეხავენ, შედეგად კი საკვების მოპოვებას ვერ ახერხებენ.
"სვალბარდში ამჟამად ტემპერატურის ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ცვლილება მიმდინარეობს. ზუსტად რა შედეგამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, უცნობია. თუმცა ეს ცვლილებები, შესაძლოა, საკმაოდ დრამატული იყოს", — აცხადებს ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის ეკოლოგი ეშილდ ონვიკი.
კომენტარები