მსოფლიოში კატების საშუალო წონა მატულობს — კვლევა
გუელფის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ კატების საშუალო წონა ნელ-ნელა იზრდება. მკვლევარებმა გააანალიზეს მონაცემთა ბაზა, რომელშიც 19 მილიონი კატის წონის 54 მილიონი მაჩვენებელი შედიოდა.
ამის საშუალებით მეცნიერებმა დაადგინეს თუ როგორ იცვლება კატის წონა მისი სიცოცხლის განმავლობაში. კვლევა Journal of the American Veterinary Medical Association-ში გამოქვეყნდა.
"ადამიანებმა ვიცით, რომ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო, თუმცა კატებისთვის ჯანსაღი წონა დადგენილი არ იყო. კატების წონის გაანალიზებით ჩვენ მათი ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია", — აცხადებს პროფესორი ტერეზა ბერნარდო.
კვლევით გაირკვა, რომ ხვადი კატები, ძუებთან შედარებით, უფრო მაღალ მაქსიმალურ წონას აღწევდნენ. მომატებული წონა დაფიქსირდა სტერილიზებულ კატებშიც.
"ყველაზე დამაფიქრებელი კატებში შუახნის ასაკში მომატებული წონაა, რადგან ეს, შესაძლოა, დიაბეტით, გულის დაავადებებით, ოსთეოარტრიტითა და სიმსივნით დასრულდეს. ახლა უკვე გვაქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება კატის წონა მისი სიცოცხლის განმავლობაში. ჯერჯერობით მაინც არ ვიცით, თუ წონის როგორი ცვალებადობაა ჯანსაღი და მისაღები, მაგრამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია", — აცხადებს კვლევის ავტორი.
მომდევნო ეტაპზე მკვლევარები ეცდებიან კატებში ჭარბწონიანობასთან ბრძოლის მეთოდები შეიმუშავონ.
კომენტარები