მურა დათვი კოდური სახელწოდებით M49 თავდაპირველად სამთავრობო სამსახურებმა დაიჭირეს, რადგან ის ადგილობრივი ფერმერების შინაურ საქონელს საფრთხეს უქმნიდა.

დაჭერის შემდეგ დათვი ჩრდილოეთ იტალიის ტრენტინოს რეგიონში სპეციალურად დაცულ ველურ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი დათვი ნაკრძალიდან, რომელიც სამი ელექტრული ღობითა და 4-მეტრიანი კედლით იყო შემოსაზღვრული, გაიქცა.

ამჟამად დათვს, რომელიც წესით ქალაქ ტრენტოს მახლობლად არსებულ ტყეებში უნდა იყოს, რეინჯერები ძაღლების დახმარებით ეძებენ. ტრენტინოს მთავრობის ხელმძღვანელი მაურიციო ფუგატი განაცხადა, რომ დათვი, რომელიც 7 000 ვოლტის გამტარ ღობეს დაუძვრა საფრთხეს წარმოადგენს და გასცა ნებართვა, რომელიც რეინჯერებს დათვის მოკვლის უფლებას აძლევს.

გაქცევის შემდეგ დათვი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

გაქცევის შემდეგ დათვი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ფოტო: PROVINCE OF TRENTO PRESS OFFICE

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ცხოველთა უფლებების დამცველთა გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც იტალიის მთავრობამ მაურიციოს გადაწყვეტილება დაგმო.

WWF-ს იტალიის წარმომადგენლობის თქმით, "დათვებს ფრენა არ შეუძლიათ, შესაბამისად, დამცავი სტრუქტურა აშკარად გაუმართავი უნდა ყოფილიყო."

იტალიის ტყეებისა და ველური ბუნების რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ღობე გამართული იყო და იქ დათვებს უპრობლემოდ ათავსებდნენ. მისი თქმით, ეს კონკრეტული დათვი, როგორც ჩანს, "განსაკუთრებით ძლიერი და მამაცი" იყო, რის გამოც ელექტრულმა შოკმა მას ვერაფერი დააკლო.

M49 ადამიანს თავს არასდროს დასხმია, თუმცა ის საქონელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი რამდენჯერმე იყო.