მეცნიერებმა ტურინის სუდარის შესახებ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზეს. სხვათა შორის, ეს პირველი კვლევაა, რომელშიც მოწინავე გენომური სეკვენირების მეთოდები გამოიყენეს. ამ გზით მეცნიერებმა 1978 წელს სუდარიდან აღებული ნიმუშები გააანალიზეს.

გუნდმა ადამიანთა რამდენიმე თაობათა ხაზის მიტოქონდრიული დნმ ამოიცნო. გარდა ამისა, მკვლევრებმა ბაქტერიები, სოკოები და მარილის მოყვარული მიკროორგანიზმებიც იპოვეს. ამასთან ერთად, მეცნიერებმა კულტივირებული მცენარეების, შინაური ცხოველებისა და კეთილშობილი მარჯნის ერთ-ერთი ტიპის დნმ აღმოაჩინეს. ეს ყველაფერი იმას უსვამს ხაზს, რომ საუკუნეების განმავლობაში ტურინის სუდარა უამრავ სხვადასხვა გარემოში იყო და მას მრავალი ადამიანი შეეხო.

აღსანიშნავია, რომ ახალი კვლევა არც სუდარის ასაკს განსაზღვრავს და არც მის ავთენტურობას. ამის ნაცვლად, ნაშრომის ავტორების მიზანი იმის ჩვენებაა, თუ რამდენად წინ წავიდა საგამოძიებო გენომიკისა და პროტეომიკის (ცილების შემსწავლელი მეცნიერება) დარგები.

იმის გამო, რომ საუკუნეების განმავლობაში სუდარას უამრავი ადამიანი შეეხო, "ორიგინალი" დნმ-ის დადგენა შეუძლებელია. მეორე მხრივ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუდარის შესახებ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვერ მივიღებთ, მაგალითად, მისი შენახვისა და კულტურული ისტორიის შესახებ.

საბოლოო ჯამში, მეცნიერებმა სუდარაზე მართლაც უამრავი სახეობის დნმ აღმოაჩინეს. მათ შორისაა: ადამიანის კანზე არსებული მიკროორგანიზმები, სოკოები, მარილთან შეგუებული არქეები, კულტივირებული ხორბალი, სტაფილო, სიმინდი, ბანანი, არაქისი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღორები, ქათმები, ძაღლები, კატები.

ეს ყველაფერი სუდარის ისტორიასა და გარემოს ცვლილებებზე ახალ პერსპექტივას გვთავაზობს. გარდა ამისა, დნმ-ის ტექნოლოგიების წინსვლასაც ცხადყოფს და მკვლევრებს იმედს აძლევს, რომ მოწინავე მეთოდებით მეტ ისტორიულ არტეფაქტს შევისწავლით.

ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.