თუ ქავილს გრძნობთ, სავარაუდოდ, ეს თქვენი სხეულის გამაფრთხილებელი ნიშანია იმის შესახებ, რომ კანზე რაღაც უცხო მოხვდა.

კანის გამომშრალი ქერცლები, ჭუჭყი, მწერის ნაკბენი, ან თუნდაც საკუთარი თმის გამო ცხვირის ღიტინი: თითოეული ეს გამღიზიანებელი გვაწუხებს და ქავილის სურვილს გვიჩენს, რაც ბევრ შემთხვევაში (თუმცა არა ყოველთვის) საკმაოდ კარგად მუშაობს გამაღიზიანებლის მოსაშორებლად.

თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ამ დამცავ იმპულსს, შესაძლოა, საკუთარი, სპეციალურად ამისთვის განკუთვნილი სენსორული ორგანოც კი ჰქონდეს — ღინღლისმაგვარი თმა.

თაგვებში ეს თმა ყველაზე უხვად ყურების უკან და უკანა თათებზე იზრდება. ამ ადგილებში მათი კანი ყველაზე ღია და დაუცველია. ამის საპირისპიროდ, ადამიანები თითქმის მთლიანად არიან დაფარული ღინღლოვანი თმით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ე.წ. "ატმის ღინღლი". როგორც ჩანს, ამ ტიპის თმა უშუალოდ ასოცირდება კანის ძალიან ღია უბნებთან.

ღინღლოვანი თმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში: როცა გვცივა, ის ყალყზე დგება, ხოლო როცა გვცხელა, კანიდან ოფლის განდევნასა და აორთქლებას უწყობს ხელს.

მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ის ასევე ჩართულია გარკვეული სახის შეხების აღქმაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქავილის დაუოკებელი სურვილის გამოწვევას.

კანზე გამაღიზიანებლებთან პირდაპირი კონტაქტით გამოწვეულ ქავილთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარებულა, თუმცა მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიოლოგების ხელმძღვანელობით ჩატარებული ახალი კვლევის ავტორებმა შენიშნეს, რომ თმის მოძრაობით გამოწვეული ქავილი სათანადოდ არ არის შესწავლილი.

ფოტო: Getty Images Plus

"მაგალითად, ნიკაპზე ღინღლოვანი თმის მსუბუქი ვიბრაცია, შუბლის, სახის სხვა ნაწილების ან მკლავებისგან განსხვავებით, ჯანმრთელ ადამიანებში ინტენსიურ ქავილს იწვევს", — აღნიშნეს მეცნიერებმა კვლევაში, რომელიც ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა.

როგორც ისინი ამბობენ, ეს მიგნებები მიუთითებს სპეციალიზებული თმის სტრუქტურებისა და აფერენტული ნერვული ბოჭკოების არსებობაზე, რომლებიც მექანიკური ქავილის ამ ფორმაზეა პასუხისმგებელი.

იმისათვის, რომ ამაში უკეთ გარკვეულიყვნენ მეცნიერებმა ცდები თაგვებზე ჩაატარეს. ბუნებრივია, არ არსებობს გარანტია, რომ თუ რამე თაგვებში გარკვეული სახით მუშაობს, ადამიანებშიც ზუსტად იგივე შედეგი გვექნება. მეორე მხრივ, რადგან ჩვენ თაგვებთან მსგავსი, ახლო ევოლუციური ისტორია გვაკავშირებს, ხშირად საკმაოდ დიდ თანხვედრას ვიღებთ.

"ადამიანებში ტაქტილურ აღქმას თმის ორი განსხვავებული ტიპი განაპირობებს: ტერმინალური და ღინღლოვანი. ამის საპირისპიროდ, მღრღნელების ბეწვმა დიდი ყურადღება მიიქცია; ის მოიცავს მფარავ, სადგისისებრსა და ზიგზაგისებრ ტიპებს, რომლებიც გადამწყვეტია მექანორეცეფციისა და თერმორეგულაციისთვის", — ამბობენ მკვლევრები.

მათ ისიც აღნიშნეს, რომ მღრღნელებში ამ კარგად შესწავლილი თმის ტიპების მიღმა, სხეულის გარკვეულ რეგიონებში გვხვდება ატიპური თმის ვარიანტები, რომლებსაც უნიკალური ფუნქციები აქვს. სწორედ ამას მივყავართ ღინღლისმაგვარ თმასთან.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თითოეული ეს თმა დაკავშირებულია კონკრეტული ტიპის სწრაფად გამტარ სენსორულ ნეირონებთან, რომლებიც თმაზე ოდნავი შეხებისთანავე "ქავილის" შეგრძნებას გადასცემენ.

თაგვებში, რომლებსაც ღინღლისმაგვარი თმის მიდამოებში კანის ქრონიკული ანთება ჰქონდათ, ეს ნეირონები სრული დატვირთვით მუშაობდნენ. შესაბამისად, თაგვებს აღენიშნებოდათ ქავილი. როდესაც მკვლევრებმა "გამორთეს" გენები, რომლებიც სენსორული ნეირონის ამ კონკრეტულ ჯგუფს ააქტიურებს, თაგვებმა ანთება ქავილად აღარ აღიქვეს.

"ეს სპეციალიზებული თმა და მასთან დაკავშირებული ნერვული დაბოლოებები გადამწყვეტ როლს თამაშობს ქრონიკული ქავილის დროს ტრიქოკნეზისის (თმასთან შეხებით გამოწვეული ქავილის) რეგულირებაში", — აღნიშნულია კვლევაში.

ეს ყველაფერი ქრონიკული ქავილის მკრუნალობაში შეიძლება დაგვეხმაროს.

კვლევა ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.