OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
ფოტო: Reuters
აშშ-ის კანონმდებლებს სურთ, მთავრობას საზოგადოებისთვის საფრთხის შემქმნელი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სწრაფად გამორთვის შესაძლებლობა მისცენ.
დემოკრატმა კონგრესმენმა ტედ ლიუმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ნათანიელ მორანმა, ხუთშაბათს კანონპროექტი, სახელწოდებით "AI Kill Switch Act", წარადგინეს. ეს ნაბიჯი კანონმდებლებმა OpenAI-ის მიერ ახლახან გაკეთებული აღიარების ფონზე გადადგეს, რომლის თანახმადაც მისი AI მოდელები "უპრეცედენტო" გზით კონტროლიდან გამოვიდა და კომპიუტერული კოდირების ინფორმაციის მთავარ საცავში შეაღწია.
ლიუმ განაცხადა, რომ აუცილებელია AI სისტემებს სასწრაფო გამორთვის მექანიზმი (kill switch) ჰქონდეს, "და კონტროლიდან გამოსული AI მოდელების გასათიშად ფედერალურ მთავრობას მკაფიო უფლებამოსილება და პროცესი გააჩნდეს".
"AI განვითარებას განაგრძობს და ასეც უნდა იყოს", — დასძინა მორანმა — "პასუხისმგებლიანი მართვა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ტექნოლოგიის კონტროლის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ".
AI-ის სასწრაფო გათიშვის კანონი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს, რათა მან კერძო კომპანიას AI მოდელის ან ინსტრუმენტის გამორთვა უბრძანოს. იმ კომპანიებმა კი, რომლებიც ამგვარ AI ტექნოლოგიას ავითარებს, უნდა შეინარჩუნოს "მათი შენელების, შეჩერების ან გათიშვის ტექნიკური შესაძლებლობა".
ბევრი ტექნოლოგიური კომპანია თანახმაა, აშშ-ის სამთავრობო უწყებებს განვითარებადი AI მოდელები და ინსტრუმენტები წინასწარ უჩვენოს და გაუზიაროს. მაგრამ ამ ეტაპზე არცერთ მათგანს არ მოეთხოვება, საკუთარი საქმიანობის შეჩერების ან გათიშვის საშუალება შეინარჩუნოს.
ეს აქტი ასევე ისეთი მოთხოვნის დაწესებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც AI კომპანიებმა მთავრობას ტექნოლოგიური ინციდენტების ან ხარვეზების შესახებ უნდა აცნობოს, ისევე როგორც ამგვარ ინციდენტებზე რეაგირების ოფიციალური ჩარჩოს შექმნას, რომელიც "საწყისი შენელებიდან სრულ გათიშვამდე" იმოქმედებს.
თავის განცხადებაში ლიუმ ასევე ახსენა Anthropic, OpenAI-ის მთავარი კონკურენტი უფრო ძლიერი AI ტექნოლოგიისა და ინსტრუმენტების შემუშავებაში, და ის ბოლოდროინდელი პრობლემები, რომლებიც მისმა ინსტრუმენტებმა წარმოქმნა.
მან ყურადღება გაამახვილა Anthropic-ის მიერ Mythos და Fable მოდელების გამოშვებაზე და აღნიშნა, რომ მათმა კიბერჰაკერულმა შესაძლებლობებმა კომერციის დეპარტამენტი აიძულა, ექსპორტის შესახებ კანონი "უხერხულად" გამოეყენებინა, რათა ეს მოდელები გარკვეული დროით საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი დარჩენილიყო.
Anthropic-ის თანადამფუძნებელმა, ჯეკ კლარკმა, გასულ თვეში BBC-ს განუცხადა, რომ AI-ის განვითარების კონტროლის მიმართულებით, მეტი სამთავრობო პოლიტიკის არსებობა სურდა.
"გსურს იმის შესაძლებლობა გქონდეს, რომ ფეხი გაზის სატერფულიდან აიღო და მუხრუჭს დაადგა", — განუცხადა კლარკმა BBC Newsnight-ს — "ახლა ისეთი სიტუაციაა, თითქოს AI ინდუსტრიას გაზის სატერფული აქვს, მაგრამ მუხრუჭის სატერფული არ გააჩნია".
კანონპროექტის წარდგენისას ლიუმ განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხის გამცემი ტექნოლოგიიდან AI ამჟამად ისეთ ტექნოლოგიად იქცევა, რომელიც კონკრეტულ ქმედებებს ახორციელებს, "იქნება ეს ფინანსური ტრანზაქციების შესრულება, სატრანსპორტო სისტემების კონტროლი, თუ კიბერთავდაცვასა და თავდასხმაში ჩართვა".
მიმდინარე წელს პენტაგონმა განაცხადა, რომ Google-თან, OpenAI-სთან, Amazon-თან, Microsoft-თან, SpaceX-თან, Oracle-თან, Nvidia-სა და სტარტაპ Reflection-თან გაფორმებული ახალი შეთანხმებების ფარგლებში, აშშ-ის სამხედრო ძალები უპირველესად AI-ზე ორიენტირებულ საბრძოლო ძალად ყალიბდება.
"სამწუხაროდ, მძლავრი AI სისტემები შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს, უკიდურესად საშიშად მოიქცეს ან ადამიანის ჩარევასაც კი წინ აღუდგეს", — ლიუს თქმით, ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ მთავრობას ამგვარ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების მექანიზმი ჰქონდეს.
კანონპროექტს რამდენიმე ტექნოლოგიური და AI-ის უსაფრთხოების ორგანიზაციისგან, მათ შორის The AI Policy Network-ისგან, Americans for Responsible Innovation-ისგან, ControlAI-ისგან, AI and National Security Lead-ისა და The Alliance for Secure AI-ისგან, საჯარო მხარდაჭერა მოპოვებული აქვს.
- OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა
- Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა
კომენტარები