აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
ფოტო: abebooks
აიზეკ აზიმოვმა 1942 წელს რობოტიკის სამი კანონი ჩამოაყალიბა. თავდაპირველად ისინი სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოებისთვის შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ეთიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კოდექსად, იქცა. დღეს, როდესაც AI სისტემები ტექსტებს წერენ, სამედიცინო მონაცემებს აანალიზებენ, მანქანებს მართავენ, ხოლო ჰუმანოიდი რობოტები საწარმოებსა და ლაბორატორიებში მუშაობენ, სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა, რამდენად საკმარისია აზიმოვის იდეები 21-ე საუკუნისთვის?
რობოტიკის სამი კანონი
პირველი კანონი:
რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს ან თავისი უმოქმედობით დაუშვას, რომ ადამიანს ზიანი მიადგეს.
ერთი შეხედვით, ეს კანონი მარტივი და გასაგებია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მისი პრაქტიკაში გამოყენება რთულ ეთიკურ კითხვებს აჩენს. ამის ერთ-ერთი მაგალითია უპილოტო ავტომობილი, რომლის მთავარი დანიშნულება მგზავრის უსაფრთხოდ დანიშნულების ადგილამდე მიყვანაა.
მაგრამ რა მოხდება, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაუვალია? როგორ უნდა მოიქცეს სისტემა, როდესაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს? უნდა მიანიჭოს უპირატესობა საკუთარ მგზავრს თუ გზაზე მყოფ სხვა ადამიანს? ასეთ სიტუაციებში აზიმოვის პირველი კანონი ცალსახა პასუხს აღარ იძლევა.
მეორე კანონი:
რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის მიერ მიცემულ ბრძანებებს, თუ ისინი პირველ კანონს არ ეწინააღმდეგება.
თანამედროვე სამყაროში “ზიანის“ ცნება მხოლოდ ფიზიკური ზიანით აღარ შემოიფარგლება. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მავნე ინფორმაციის გავრცელება, თაღლითური შეტყობინებების შექმნა ან ისეთი ინსტრუქციების მიწოდება, რომლებმაც შესაძლოა ადამიანებს ზიანი მიაყენოს.
ამიტომ ჩნდება კითხვა: როგორ უნდა განსაზღვროს, მაგალითად, ChatGPT-მ, რომელი მოთხოვნის შესრულება შეიძლება და რომელი არა? როგორ უნდა მიხვდეს სისტემა, როდის შეიძლება მისი პასუხი სხვისთვის საზიანო აღმოჩნდეს? სწორედ ამიტომ თანამედროვე AI სისტემები ზოგიერთ მოთხოვნაზე უარს ამბობენ და უსაფრთხოების სპეციალურ წესებს ეყრდნობიან.
მესამე კანონი:
რობოტმა უნდა დაიცვას საკუთარი თავი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ ან მეორე კანონს.
ეს კანონი განსაკუთრებით კარგად ჩანს კოსმოსურ მისიებში გამოყენებული რობოტების შემთხვევაში. მაგალითად, მარსმავალები ისეა დაპროგრამებული, რომ თავიდან აიცილონ ისეთი რელიეფი ან გარემო, რომელმაც შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს. ისინი ზოგჯერ უფრო გრძელ, მაგრამ უსაფრთხო მარშრუტს ირჩევენ, რათა მისიის გაგრძელება შეძლონ. თუმცა, თუ მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა, პრიორიტეტი ყოველთვის ადამიანის სიცოცხლეს მიენიჭებოდა.
80 წლის შემდეგ
აზიმოვის კანონების შექმნიდან 80 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ისინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იდეად რჩება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ეთიკის განხილვისას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა აჩვენა, რომ რეალური სამყარო ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს 1942 წელს ჩანდა.
დღეს ხელოვნური ინტელექტი აღარ ასრულებს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ბრძანებებს. ის აანალიზებს ინფორმაციას და ზოგჯერ ისეთ გადაწყვეტილებებშიც მონაწილეობს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამიტომ სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მხოლოდ სამი კანონი თანამედროვე AI-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი აღარ არის.
მიუხედავად ამისა, აზიმოვის მთავარი იდეა, რომ ინტელექტუალური სისტემების შექმნას ეთიკური პასუხისმგებლობაც უნდა ახლდეს დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც რვა ათეული წლის წინ.